Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაშიც


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაშიც

ერაყში მიმდინარე მოვლენებს ვეხმიანებით, ოღონდ ამჯერად შევეცდებით აღმოსავლეთ ქვეყნების ენებისა და ისტორიის მომავალი სპეციალისტების თვალით შევხედოთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში, კონკრეტულად კი, ერაყში ხდება. თავდაპირველად, გაგაცნობთ სტუდენტების აზრს ომის მიზეზებზე, გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ ომის შედეგებს.

როგორც უკვე ვთქვით, გადაცემის პირველ ნაწილში ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებათა მიზეზებზე ვსაუბრობთ, უფრო ზუსტად, გთავაზობთ ამის შესახებ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, აღმოსავლეთის ქვეყნების ენებისა და ისტორიის მომავალი სპეციალისტების - ლევან კაჭარავასა და ედუარდ ცაბაძის მოსაზრებებს. ლევანი აღმოსავლეთ ქვეყნების ისტორიას უკვე მაგისტრატურაში ეუფლება. მისი სპეციალობა არაბული ქვეყნების ისტორიაა. ედუარდი კი მესამე კურსზეა და ებრაულ ენასა და ლიტერატურას სწავლობს.
ორივე ფიქრობს, რომ ომს ერაყში პალესტინის პრობლემის გამო არაბულ სამყაროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება კვებავს, იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებული შტატები ისრაელის მოკავშირეა. ორივეს მიაჩნია, რომ არაბულ სამყაროში ლიდერობის პრეტენზიით მოქმედი ერაყელი დიქტატორის შეჩერება მშვიდობიანი მეთოდით შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ რთულ ვითარებაში არც ლევანი დაიხევდა უკან, თუ ბაღდადის მონახულების საშუალება მიეცემოდა, და არც ედუარდი იტყოდა უარს ისრაელში ჩასვლაზე. ერთისთვისაც და მეორისთვისაც ეს ქვეყნები,, პირველ რიგში, უდიდესი კულტურის ქვეყნებია - ქვეყნები, რომელთა მიწაზე დაბიჯებაც იმდენად საინტერესოა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ღირს.

[ლევან კაჭარავას და ედუარდ ცაბაძის ხმები]

"წასვლა რომ იყოს, ბაღდადშიც წავიდოდი, ისე მიყვარს ეს სამყარო."

"მე, სამწუხაროდ, ჯერ არ ვყოფილვარ ისრაელში. იქ დღეს პირველი ხარისხის განგაშია გამოცხადებული, მაგრამ მე ახლაც, რომ მქონდეს შესაძლებლობა, წავიდოდი ისრაელში და წუთითაც არ დავფირდებოდი იმის გამო, რომ იქ დაძაბული ვითარებაა."

ლევან კაჭარავამ თავისი არჩევანი მერვე კლასში გააკეთა, როცა არაბული ენის შესწავლას შეუდგა. მანამდე მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასურელი მეფეების ბარელიეფურმა გამოსახულებებმა. ლევანმა გადაწყვიტა საკუთარი მომავალი არაბი ხალხის ისტორიის შესწავლასთან დაეკავშირებინა. ედუარდ ცაბაძის გადაწყვეტილებას კი, პროფესიად ებრაული ენა და ლიტერატურა აერჩია, ასეთი მიზეზები ჰქონდა: პირველი - ეს ის ენაა, რომელზეც ბიბლია დაიწერა და მეორე - ედუარდს ბავშვობიდან უკვირდა, როგორ ახერხებდა ისრაელი არაბული სამყაროს ასეთი დაპირისპირების პირობებში არსებობას; ისიც, თუ რატომ ტყდებოდა ანტისემიტიზმი ყოველთვის ებრაელ ხალხზე, მაშინ როცა ამ ხალხს არაფერი დაუშავებია. ებრაული ენისა და ლიტერატურის ეს მომავალი სპეციალისტი ერაყში შეერთებული შტატებისა და ინგლისის ძალისმიერ პოლიტიკას ამართლებს და, აი, რატომ:

[ედუარდ ცაბაძის ხმა] "უშუალოდ სადამ ჰუსეინი, შეიძლება, არ ემუქრებოდა ვაშინგტონს ან ლონდონს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი უნდა ჩაითვალოს მსოფლიო მაჯისცემად და უკვე რამდენი ხანია ტერორის ქვეშ ჰყავს სადამ ჰუსეინს ეს რეგიონი. არა მარტო ისრაელს, არაბულ ქვეყნებსაც ემუქრება. სადამ ჰუსეინს ტერორის ქვეშ ჰყავს ახლო აღმოსავლეთის მთელი ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ეს მსოფლიო წესრიგზე გავლენას ახდენს. ჰუსეინის რეჟიმი ის რეჟიმია, რომელმაც გამოიყენა ქიმიური იარაღი ჩრდილოეთ ერაყშიც და ირანთან ომის დროსაც. "

თითქმის ასევე ფიქრობს არაბული ქვეყნების ისტორიის მომავალი სპეციალისტი ლევან კაჭარავაც, თუმცა ის არ იზიარებს მეგობრის აზრს, რომ ომი ერაყში და დაპირისპირება ისლამურ სამყაროსა და დასავლეთს, უფრო ზუსტად, ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის რელიგიურ ნიშანსაც ატარებს. ლევანი ფიქრობს, რომ არაბებისთვის წამყვანი მაინც ნაციონალური ინტერესია, რელიგიური ნიშანი კი მხოლოდ საბურველია. ედუარდ ცაბაძე თუ ფიქრობს, რომ ისლამურ რადიკალიზმს მარტო ისლამურ სამყაროში გაბატონებული სოციალური სიდუხჭირე არ უნდა კვებავდეს, ლევან კაჭარავას აზრით, რელიგიური ფანატიზმი და ისტორიული ჩამორჩენა ისლამურ სამყაროში სწორედ სოციალურმა სიდუხჭირემ განაპირობა და არა მხოლოდ იმან, რომ ისლამი, თავისი არსით, მაინც რეაქციული რელიგიაა, მით უფრო, რომ შეუძლიათ მისი მოთხოვნები შეცვალონ ისე, როგორც მოესურვებათ. ავიღოთ თვითმკვლელობა, რომელიც ისლამისტმა ფანატიკოსებმა სხვა უამრავი ადამიანის დასაღუპავად გამოიყენეს.

[ლევან კაჭარავას ხმა] "თვითმკვლელობას ისლამი კრძალავს. მუჰამედი ლაპარაკობს, რომ თვითმკვლელობა არის ცოდვა, მაგრამ, როცა ავღანეთში ბინ-ლადენს ალყა შემოარტყეს, მას მისცეს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, თავი მოეკლა და ამით სამოთხეში მოხვედრილიყო. ანუ, როგორც დასჭირდებათ, ისე ცვლიან ისლამის მოთხოვნებს და ამას წმინდა წიგნებით ამართლებენ."


[ედუარდ ცაბაძის ხმა] "არაბული ქვეყნების ექსტრემისტები ისლამს იყენებენ თავიანთ სამსახურში და მოსახლეობის უმეტესობა ფანატიზმზე მიჰყავთ. თქვენ მკითხეთ, როგორიაო აღმოსავლეთი და დასავლეთი. ისლამური აღმოსავლეთი არის სამყარო, რომელშიც ხალხი ცდილობს იცხოვროს იმით, რითაც ცხოვრობდნენ შუა საუკუნეებში."

ედუარდ ცაბაძის მიერ დახასიათებულ სამყაროს რეალობას ლევან კაჭარავა ეგვიპტეში ყოფნისას ეზიარა. ამ ქვეყანაში მოქმედი ფონდის დაფინანსებით, იქ მან ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა და სწორედ მაშინ ნახა თავისი თვალით, როგორ სძულთ არაბებს ამერიკელები პალესტინის პრობლემის გამო.

[ლევან კაჭარავას ხმა] "ჩვენ ევროპული გარეგნობის ვიყავით და გვეკითხებოდნენ, ამერიკელები ხომ არ ხართო და, როცა ვპასუხობდით, რომ არ ვართ, მშვიდდებოდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ამერიკელებს დაუშავებდნენ რამეს, მაგრამ სიძულვილი იყო. მასწავლებლებიც კი ვერ იკავებდნენ თავს. ენის კურსები უნდა ჩაეტარებინათ, ხომ, მაგრამ აუდიტორიაში შემოსვლისთანავე პალესტინაზე იწყებდნენ საუბარს და გვეკითხებოდნენ, თუ რა აზრის ვიყავით პალესტინის პრობლემაზე."


მე კი ჩვენს სტუმრებს აზრის გაზიარება ერაყის ომის მიზეზებზე ვთხოვე.
აღმოჩნდა, რომ ისინი - ლევანი, რომლის მომავალ სპეციალობასაც არაბული ქვეყნების ისტორია წარმოადგენს და ედუარდი, რომელიც ებრაულ ენას და ლიტერატურას სწავლობს - ფიქრობენ, რომ ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და რომ არ შეიძლება რელიგიური ნიშნითა და სოციალური პრობლემებით გამოკვებილი ისლამური რადიკალიზმი 21-ე საუკუნის მოთხოვნებს უპირისპირდებოდეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ომი, მსხვერპლი და ნგრევა ამ ახალგაზრდებისთვის მისაღებია. ისინი მწვავედ განიცდიან იმას, რომ ომი ერაყში მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიულ ძეგლებსაც ემუქრება.


განვაგრძობთ "ახალგაზრდულ პროგრამას" და ერაყის პრობლემაზე საუბარს. ერაყის ომის შესაძლო შედეგებზე დავით პაიჭაძე ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს - ლაშა ჯაპავას და გიორგი ლეჟავას ესაუბრება.

ჩემი საუბარი ახალგაზრდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებთან შეეხო პერსპექტივას, რაც შეიძლება ჰქონდეს ერაყის დემოკრატიულ განვითარებას ამ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებათა დასრულების შემდეგ. დღეს ბევრს მსჯელობენ ერაყში დემოკრატიულ მმართველობაზე, რომლის ალბათობა, არაბული ქვეყნების ისტორიის მომავალი სპეციალისტის გიორგი ლეჟავას აზრით, მაღალი არ არის [ლეჟავას ხმა]: "ერაყის დემოკრატიზაცია რთული საკითხია. შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ სხვა არაბული ქვეყნები - ეგვიპტე, სირია, სადაც ფორმალურად დემოკრატიაა, რეალურად კი - არა. გარედან ძალით შეტანილი დემოკრატია არ იქნება ეფექტიანი. გავიხსენოთ საფრანგეთის დიდი რევოლუცია, როცა განმანათლებლებმა მანამდე ხალხის ცნობიერებაში მოახდინეს რევოლუცია, ხალხი განაწყვეს და გააგებინეს, რა იყო დემოკრატია. დღეს ერაყელ ხალხს არ ესმის, რა არის დემოკრატია. რა თქმა უნდა, ჰუსეინი დიქტატორია, საშინელი წყობა აქვს ქვეყანაში, მაგრამ ომის განვითარება გვიჩვენებს, რომ ერაყის მოსახლეობა მას მხარს უჭერს".

ასევე არაბული ქვეყნების ისტორიის განხრით თბილისის უნივერსიტეტის მაგისტრი ლაშა ჯაპავა ომის შესაძლო შედეგთა შორის შემდეგ საფრთხეს ხედავს: ტერორიზმის ახალი კერების გაჩენა, ეკოლოგიური კატასტროფა და კულტურის ძეგლთა განადგურება. ტერორიზმის პრობლემის გამწვავება უკავშირდება ერაყის ჩრდილოეთით ქურთთა სახელმწიფოს აღმოცენებას, რომელთან შეგუება არაბებს ისევე გაუჭირდებათ, როგორც ახლა ისრაელის არსებობას ვერ ეგუებიან.

და მაინც, ვისი მეშვეობით განხორციელდება ერაყში დემოკრატია? რამდენად არის შესაძლებელი შეერთებული შტატების კონტროლით დემოკრატიის საყრდენის ფუნქცია შეასრულონ, ვთქვათ, ერაყელმა სამხედროებმა. ლაშა ჯაპავა პასუხად იხსენებს, რომ მეოცე საუკუნეში არაბულ ქვეყნებში ხელისუფლების სადავეებს, ძირითადად, სამხედრო გზით იგდებდნენ ხელში და ასეთი რეჟიმების დროს დემოკრატიაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ძალიან ძნელია იმსჯელო, რა მოხდება ამერიკის ზედამხედველობის ქვეშ, ამ თვალსაზრისით, რადგან შეერთებულ შტატებს არა აქვთ ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის ექსპორტის გამოცდილება. ამ რეგიონში არავის მოუსინჯავს დემოკრატიულ ღირებულებათა მდგრადობა, არ უმუშავია საიმისოდ, რომ დემოკრატიას ფეხი მოეკიდებინა. ეს, ალბათ, დასავლეთის შეცდომა იყო. ლაშა ჯაპავას თქმით [ჯაპავას ხმა]: "უნდა გავითვალისწინოთ არაბი ხალხის სპეციფიკა - ხასიათი, რწმენა, მენტალიტეტი... მიიღებს ის დემოკრატიას? შეიძლება ადვილად ჩასწვდე ამერიკის სულს, მაგრამ ჩასწვდება კი? მე მგონი, ვერ ჩასწვდება, რადგან ისლამი ძალიან დიდ ადგილს იკავებს არაბის ცნობიერებაში. ისლამი განსაზღვრავს მუსლიმის ცხოვრების წესს ლამის თითოეულ დეტალამდე. ერაყში შიიტთა წმინდა ქალაქებია ნაჯაფი, ჰერბალა. იქ მოსალოცად ათასობით მორწმუნე ჩადის ყოველ წელს. ისლამი რეაქციულია, რეაქციულები არიან მისი მიმდევრები, რომლებიც ვერ შეეწყობიან და ვერ შეეგუებიან ვერაფრის ხელყოფას, რაც რწმენას შეიძლება დაუკავშირონ. ამერიკა ფრთხილად უნდა იყოს, ძალიან ფაქიზად მოეპყრას მუსლიმთა რელიგიურ გრძნობას. როცა ის ბომბავს ნაჯაფს, ბომბავს წმინდა ქალაქებს პარასკევის ლოცვისა და დილის ლოცვის დროს, ძნელია პოზიტიურ რეაქციაზე ილაპარაკო".

ჩვენი საუბარი შეეხო ისლამურ ქვეყნებში ყველაზე განვითარებულ დემოკრატიასაც - თურქეთს. გიორგი ლეჟავამ აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 20-ან წლებში, ოსმალეთის იმპერიის რღვევისა და თურქეთის რესპუბლიკად ჩამოყალიბების დროს, მუსტაფა ქემალ ათა-თურქმა გააუქმა სახალიფოც, რითაც თურქი ხალხის სულიერი ლიდერის ცნებას შინაარსი დაუკარგა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სეკულარული სახელმწიფოს ფორმირების გზაზე. [ლეჟავას ხმა]: "ამით ის მინდა ვთქვა, რომ დღეს არაბულ ქვეყნებს სჭირდებათ ადამიანი, რომელიც დაანახვებს მათ: რელიგია უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას, ანუ არაბი სულ ყურანში არ უნდა იყურებოდეს, შეეშვას და, ყურანის გარდა, სხვა რამეც წაიკითხოს. არადა, ყველაფრის ამოსავალს ისინი ყურანში ხედავენ. რელიგიას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, პოლიტიკა და სახელმწიფო წყობილება კი ცალკე საკითხი უნდა იყოს".

საბოლოოდ, ჩვენი დიალოგი ასეთ ვარაუდამდე მივიდა: ერაყში შეიძლება, მართლაც, დაიწყოს დემოკრატიული გარდაქმნები და ამ მიმართულებით მტკიცედ, თანმიმდევრულად წარმართულმა პოლიტიკამ ეს ქვეყანა დემოკრატიის ნიმუშადაც აქციოს ახლო აღმოსავლეთისათვის. მაგრამ ჩემი რესპონდენტები არ გამორიცხავენ არაბული სამყაროს ნეგატიურ რეაქციას მოვლენათა ასეთ განვითარებაზე, რაც გულისხმობს კონსოლიდაციას, ცხადია, არა ამერიკისათვის შეირაღებული წინააღმდეგობის გასაწევად, არამედ ამ სამყაროს დასახშობად თუ ჩასაკეტად ამერიკული ღირებულებებისა და დემოკრატიის წინაშე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG