Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეტევა დამოუკიდებელ რადიოსადგურზე


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ პარასკევს, 28 მარტს, ბაღდადში კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალების დაბომბვამ მწყობრიდან გამოიყვანა ალ-ულვიას, არ-რაშიდისა და ალ-მაამუნის კავშირგაბმულობის ცენტრები,

რის შედეგადაც ერაყის დედაქალაქის ბევრ რაიონში სატელეფონო კავშირმა მოქმედება შეწყვიტა. იმავე 28 მარტის საღამოს საკომუნიკაციო ობიექტზე, მისი განადგურების მიზნით, იერიში მიიტანეს საქართველოს ერთ ქალაქშიც. მოიერიშეებმა მიზანს მიაღწიეს.

ერაყში სტრატეგიულ ობიექტთა დაბომბვების მიზანი ცნობილია. მით უმეტეს, გასაგებია კავშირგაბმულობის ობიექტების დაბომბვა: კომუნიკაციების რღვევა ასუსტებს და გაცილებით მოწყვლადს ხდის მოწინააღმდეგეს. დიქტატორული რეჟიმის დამხობა მის შიგნით კავშირების განადგურების გარეშე წარმოუდგენელია.

სხვათა შორის, ტოტალიტარულ სახელმწიფოში კომუნიკაციის საშუალებებს თავად ამ სახელმწიფოს მმართველები და მოქალაქეებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პირველი, რაც 1991 წლის 19 აგვისტოს საბჭოთა კავშირში პუტჩისტებმა სცადეს, კომუნიკაციებზე ტოტალური კონტროლის დამყარება იყო. 1992 წლის 24 ივნისს თბილისში, დილით ადრე, დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებმა იარაღის ძალით აიღეს საქართველოს ტელევიზიის შენობა და იქიდან აუწყეს ქვეყნიერებას შევარდნაძის ხუნტის აღსასრული. გასულ პარასკევს, 28 მარტს, ქალაქ ქუთაისში პრესის სახლის სახურავზე ასულ 20-მდე ნასვამ ადამიანს ნაკლებად ამბიციური, სამაგიეროდ, იოლად მისაღწევი მიზანი ამოძრავებდა: სურდათ, ნაჯახით დაემტვრიათ გადამცემი ანტენა, რომელიც რადიო "თავისუფლების" პარტნიორი რადიოსადგურის, "ძველი ქალაქის", მაუწყებლობას უზრუნველყოფდა. ანტენა დაამტვრიეს, სახურავიდან გადმოაგდეს და იმჟამად იქ მყოფი პრესის სახლისა და "მაგთი GSM"-ის თანამშრომლებიც სცემეს.

მოკლედ, ბაღდადთან შედარებით, ქუთაისში ყველაფერი უკუღმა მოხდა: დაარბიეს მედია-ორგანიზაცია, რომელიც სწორედ დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების აღმსარებელია. მე ვკითხე რადიოს დირექტორ ირაკლი მაჩიტაძეს, რას ერჩოდნენ მისი თანამოქალაქენი "ძველ ქალაქს" [მაჩიტაძის ხმა]: "ეს პროცესები უკვე ოთხი თვეა გრძელდება. თავიდან რამდენიმე მოქალაქემ გამოთქვა პრეტენზია და განგვიცხადა, თქვენს ანტენას საშინელი გამოსხივება აქვს და დაავადებებს იწვევსო. მათ რამდენჯერმე დებოშიც მოაწყვეს".

რადიოს ხელმძღვანელობამ თვითონ მიასწავლა დებოშიორებს სასამართლოს გზა. იმათაც იჩივლეს და მოსამართლემ, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, შეაჩერა "ძველი ქალაქის" მაუწყებლობა. რადიოს დირექცია სასამართლოს დაემორჩილა, მაგრამ იმავე დღეს გაასაჩივრა გადაწყვეტილება. 31 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რადიოს მაუწყებლობა აღუდგინა, მაგრამ მოსახლეობის მღელვარების გამო "ძველი ქალაქი" ეთერში კიდევ ორ კვირას ვერ გავიდა, ვიდრე თბილისიდან ქუთაისში ჩასულმა სპეციალისტებმა არ დაადგინეს, რომ რადიოკომპანია სანიტარული ნორმების ფარგლებში მაუწყებლობდა და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყო. აქვე დავძენთ: არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მომჩივან მოქალაქეებს მართლა აწუხებთ თავის ტკივილები, მხედველობის დაქვეითება და მაღალი წნევა, მოსარჩლეებს სასამართლოში არ წარუდგენიათ. ორმა მათგანმა, მაია ფესტვენიძემ და ნატო გიორბელიძემ ისევ მიმართა სასამართლოს მაუწყებლობის შეწყვეტის მოთხოვნით. პროცესი ჯერ არ დანიშნულა.

მაგრამ ქუთაისელ მოქალაქეთა ჯგუფი პროცესს აღარ დაელოდა. შესაძლო დარბევის შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდა პოლიცია, მაგრამ მან არაფერი იღონა. მეტიც, თვითმხილველთა რწმუნებით, დარბევისას პოლიციელები ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ და ხელი არ გაუნძრევიათ. დარბევას არ გამოხმაურებია ქალაქის არც ერთი მოხელე.

რას ერჩიან "ძველ ქალაქს"? რადიოს დირექტორი ამბობს, რომ პირველად მაშინ დაემუქრნენ, როცა რადიომ კათოლიკეთა შესახებ დაიწყო გადაცემების გაშვება. მუქარა ახლაც, დარბევის შემდეგაც, გრძელდება. მეორე ვარაუდით, რომელიც კავშირგაბმულობის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს ეკუთვნის, დარბევას შეიძლება პოლიტიკური ჯგუფების უთანხმოება ედოს საფუძვლად. ამაზე მეტად აბაშიძე სათქმელს აღარ აკონკრეტებს.
XS
SM
MD
LG