Accessibility links

logo-print

რას დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობამ 1991 წლის 31 მარტს


1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობამ თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ოდნავ მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს,

საქართველოს მოსახლეობის ეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ აქტის მიღებით დადასტურდა; კიდევ უფრო მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო ომი დაიწყო და ეს ომი თანდათან მთელ ქვეყანას მოედო. დღეს საქართველო ჯერ კიდევ სუსტი, ტერიტორიებდაკარგული, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რას ნიშნავს საქართველოს მოსახლეობისთვის 1991 წლის 31 მარტი და გზა დამოუკიდებლობიდან დემოკრატიამდე?


1991 წლის 31 მარტის რეფერნდუმისა და მისი შედეგების ისტორიული მნიშვნელობა საქართველოში 2003 წლის 31 მარტსაც სხვადასხვა მხარეს აღინიშნა. ამ დღეს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდანვე პოლიციელთა სიმრავლე შეინიშნებოდა. ცხადია, ეს ზვიად გამსახურდიას მომხრეთა გააქტიურების მოლოდინით იყო განპირობებული და ნათელს ხდიდა, რომ, წლების გასვლის მიუხედავად, დაპირისპირება ხელისუფლების ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს შორის არ მოხსნილა. მაგრამ, ასეა თუ ისე, მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოში ყველას ესმის 31 მარტის მნიშვნელობა და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ გამოხატული ნება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისკენ იყო მიმართული, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ნიშნავდა თუ არა ამ ნების დადასტურება ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ყველაფერს? რა თქმა უნდა, არა. რადგან ერთბაშად ყველაფრის მიღება შეუძლებელია. საბჭოთა კავშირის ნგრევის პერიოდში - მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ეროვნული ლოზუნგებით გამოდიოდა და დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ესწრაფვოდა, არცთუ იშვიათად გაიგონებდით კამათს იმაზე, თუ რისთვის უნდა მიენიჭებინა ქართველ ხალხს უპირატესობა - დამოუკიდებლობისთვის თუ დემოკრატიისთვის. კამათი ამ მიმართულებით უსაგნო რომ იყო, ეს შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა. როგორც ეროვნული დამოუკიდებლეობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი ამბობს:

[ირაკლი წერეთლის ხმა]" იცით, როცა ადამიანს ეკითხებიან, შენთვის რა უფრო ღირებულია, დემოკრატია თუ დამოუკიდებლობაო, ეს მაგონებს პატარა ბავშვს რომ აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში და ეკითხებიან, დედა უფრო უყვარს თუ მამა." [სტილი დაცულია]

ისევ ირაკლი წერეთლის თქმით, დამოუკიდებლობა ეროვნული თავისუფლების გამოხატულებაა, დემოკრატია - პიროვნული თავისუფლებისა. თუ ერთი გვინდა და მეორე არა, საქმე გვაქვს პათოლოგიასთან. ამას თუნდაც ერაყის რეალობაც მოწმობს. საქართველოს შემთხვევაში რა იყო და როგორ იყო, ამაზე უკვე ნაკლებად მსჯელობენ, რადგან დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ, ავად თუ კარგად, საქართველოში ორივე ღირებულების მოთხოვნილება არსებობს და არსებობს იმათთვის მხარდაჭერის მოთხოვნილებაც, ვინც ამ ღირებულებებისთვის იბრძვის.

[ირაკლი წერეთლის ხმა] "სულ რომ არ ვიყო ქართველი, თუ მე ვიქნებოდი სამართლიანობის მოყვარე და თავისუფლებისთვის მებრძოლი პიროვნება, მე უანგაროდ დავუჭერდი მხარს ამერიკის შეერთებუკლ შტატებს , რადგან ის ერაყში იბრძვის თავიუსფლებისათვის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის."[სტილი დაცულია]

ასე ფიქრობს ირაკლი წერეთლი და არამარტო ის. არსებობს ცოტა სხვაგვარი მოსაზრებებიც. მაგრამ ფაქტია, რომ 1991 წლის მარტიდან 12 წლის თავზე, რაც ისტორიისთვის ძალიან მოკლე დროა, საქართველო თვით შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფოდ მიიჩნევა და ახალი მსოფლიო წესრიგის საკუთარ რეალობაზე ასახვას ელოდება. თუმცა გააჩნია, რამდენად თანაბრად გამოავლენს ის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მოთხოვნილებას.
XS
SM
MD
LG