Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი კომუნისტები ერაყში ომის წინააღმდეგ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ნელ-ნელა საპროტესტო აქციების გამართვის შეუცვლელი ადგილის ფუნქციას იძენს. თუ გასულ კვირას იქ პოლიტიკური

მოძრაობა "ერთობა" აპროტესტებდა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ერაყის მიმართ, ამჯერად საელჩოს წინ ქართველი კომუნისტები შეიკრიბნენ, რომლებიც ასევე პროტესტს გამოთქვამენ ერაყის ომის გამო.

ჩვენი რადიოს საშუალო ასაკის მსმენელებს ემახსოვრებათ, როგორ დარაზმულად აპროტესტებდა საბჭოთა ხალხი კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტიკას ან როგორ უჭერდა მხარს ბურჟუაზიულ წყობასთან უშიშარ მებრძოლებს ანჟელა დევისს ან ჩარლზ ჰაიდერს. დღეს კომუნისტები კვლავ საპროტესტო აქციას აწყობენ - ამჯერად, აშშ-ის მიერ ერაყის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
31 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველმა კომუნისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის გამომხატველნი ბევრნი არ ყოფილან - დაახლოებით, 30 ასაკოვანი კომუნისტი, ტრანსპარანტებით ხელში, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. პარალელურად, ქართველმა კომუნისტებმა მხარდაჭერა გამოხატეს ერაყელი ხალხისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც, მთელი ქართველი ხალხის სახელით, მხარი დაუჭირა ამერიკის მიერ ერაყში ომის დაწყების გადაწყვეტილებას. ქართველ კომუნისტებს დიდად საეჭვოდ მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი უპირობოდ უჭერდეს მხარს ამერიკას.
ქართველი ხალხის წარმომადგენლები - მზიანი ამინდის გამო 31 მარტს ალექსანდრეს ბაღში, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა, მოსეირნეები მრავლად იყვნენ - აქციის მიზნის გაგების შემდეგ, პროტესტის გამოხატვით თავს მაინცდამაინც არ იწუხებდნენ. სამაგიეროდ, ქართველ კომუნისტებს ყურადღებით უსმენდნენ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ერაყში ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის საელჩოს შენობას გაძლიერებულად იცავენ.
აქციის მსმენელთა შორის გახლდათ საქართველოს ყოფილი მთავარი კომისარი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე, რომელიც ასევე აკრიტიკებს თეთრი სახლის ხელისუფლებას ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გამო:
[ლევან შარაშენიძის ხმა] " ბუშს უნდა აგრძნობინოს მთელ მსოფლიოს, ვინ არის მსოფლიოს პატრონი, ჰეგემონი და ჟანდარმი. აღმაშფოთებელია ისიც, რომ ჩვენი ხელმძღვანელბა მხარს უჭერს ამ ომს. ხომ ესმით, რომ დაუცველია საქართველო. ჯიჰადი გვაკლია და ისლამთან დაპირისპირება?"
ქართველი კომუნისტების ერთ-ერთი ლიდერი ვილჰელმ მახარაძე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობას საქართველოს ხელისუფლების მიერ ხალხის დაშინების ფაქტორით ხსნის. მისი განცხადებით:
[ვილჰელმ მახარაძის ხმა] " ეს სუსტი აქციებია, როგორც თქვენ ხედავთ და ჩვენც ვხედავთ, მაგრამ ამ სუსტ აქციებში გამოსჭვივის ხალხის ნება და, ბოლოს და ბოლოს, დაშინებული ხალხი გამოფხიზლდება, შიშის გრძნობას მოიშორებს და, ალბათ, ერთად იქუხებს. თუ ხელისუფლება ვერ მიხვდება, რომ არჩევნების გზით აკეთოს წესიერად საქმე და ხალხს აზრის გამოხატვის საშუალება მისცეს, მაშინ ხალხს მოუწევს ქუჩაში გამოსვლა. ქუჩაში გამოსული ხალხი კი უმართავი ხდება - ამას ჩვენც გავურბივართ. ჩვენ ვცდილობთ, ასეთი ელფერი არ მიეცეს და არც მოვუწოდებთ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდებით, ხალხთან ერთად დავდგეთ."

კომუნისტები საპროტესტო აქციების პერმანენტულ ხასიათზე საუბრობენ. უახლოეს ხანში შეიცვლება პროტესტის ადრესატიც: აპრილის პირველ რიცხვებში ამერიკის საელჩოდან საპროტესტო აქციები პრეზიდენტის კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG