Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზ სეპარატისტთა ბანაკში განხეთიქლებაა. საით მიდის პროცესები აფხაზეთში და აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით


გაეროს ნებართვის გარეშე ერაყში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა არძინბას დე ფაქტო ხელისუფლებას საკუთარი თავის ტკივილი გაუმძაფრა. თუ საქართველოს ხელისუფლებაში ელიან,

რომ ამ ომის შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება და სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა გაიზრდება (ამას კი, ფიქრობენ, უსათუოდ მოჰყვება შეერთებული შტატების აფხაზეთის პრობლემით უფრო აქტიური დაინტერესება), სოხუმში აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად ძალისმიერი მეთოდის გამოყენების შიში გაუძლიერდათ. "მტერი ელოდება მომენტს როდის დაგვარტყას. კონფრონტაცია არ შეიძლება, რადგან გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით შეიძლება."- ამ სიტყვებით ვლადისლავ არძინბამ საკუთარ ოპოზიციას მიმართა. აფხაზ სეპარატისტთა ბანაკში განხეთქილებაა. საით მიდის პროცესები იქ, რას სთავაზობს თბილისი სოხუმს და, პირიქით, სოხუმი თბილისს?


ამ ცოტა ხნის წინ ვლადისლავ არძინბამ "ნეზავისიმია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში სცადა გაეფანტა ხმები მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის შესაებ. აღნიშნა, რომ კვალიფიცირებული ექიმების დახმარებით პრობლემებს უმკლავდება და აქტიურ მონაწილეობას იღებს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლების წინაშე დგება ხოლმე. მაგრამ იმას, რომ არძინბას, ჯანმრთელობის გარდა, იერარქიული მდგომარეობაც შერყეული აქვს, აფხაზ სეპარატისტთა ბანაკში არსებული განხეთქილება ადასტურებს. ეგრეთ წოდებული აფახაზეთის რესპუბლიკის ყოფილ პრემიერს ანრი ჯერგენიას, რომელიც არძინბასა და მისი მთავრობის მიმართ უაღრესად კრიტიკული გახდა, ზურგს უმაგრებენ არძინბას რეჟიმის მიმართ ასევე კრიტიკულად განწობილი ადგილობრივი ძალები: აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირი "ამცახარა" და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "აიატარამა" - ორგანიზაციები, რომლებმაც შარშან ღია ბოიკოტი გამოუცხადეს აფხაზეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. გავრცელებული ცნობებით, მოცემულ ეტაპზე, ოპოზიციური მუხტი აფხაზთა ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობებში გადასახადების ზრდამ, ომის ვეტერანთა ინტერესების იგნორირებამ და სხვა მიზეზებმა გაამძაფრა. ცნობილია, რომ აფხაზეთის ომის აფხაზმა ვეტერანებმა აფხაზეთში არსებული მძიმე ვითარებით უკმაყოფილება აფხაზთა ამჟამინდელი პრემიერის გენადი გაგულიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით გამოხატეს და რომ მათ შეკრებაზე გამოსვლისას აფხაზეთის ყოფილმა პრემიერმა ანრი ჯერგენიამ თვით არძინბას თანამდებობიდან გადაყენების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. ომის ვეტერანთა ყრილობაზე გამოსვლისას ჯერგენიას თავისი ყოფილი ხელმძღვანელისთვის უუნარო უწოდებია. სოხუმიდან გავრცელებული ცნობების საფუძველზე აღნიშნავენ, რომ აფხაზეთში პროცესები ჯერგენიას გარშემო არძინბას ოპოზიციის გაერთიანებისკენ მიდის და რომ არსებული დე ფაქტო რეჟიმი, ეტყობა, საჭიროდ თვლის მასთან მზარდ დაპირისპრებას კონსტრუქციული პოზიციიდან მიუდგებს. აფხაზთა ეგრეთ წოდებულმა ვიცე-პრემიერმა რაულ ხაჯინბამ ასეთი სიტყვებით მიმართა აფხაზეთში მოქმედ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობებს: " ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე რესპუბლიკაში შექმნილ მდგომარეობაზე, მთავრობის მიმართ კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული და მთავრობამაც უნდა შეისმინოს ის, მით უფრო, როცა კრიტიკა ომის ვეტერანებისგან მოდისო." მაგრამ რა სიმართლე შეიძლება შესთავაზოს არძინბამ და მისმა გარემოცვამ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც, დამოუკიდებელი აფხაზეთის ნაცვლად, იზოლირებულ პირობებში ცხოვრება და სრული უპერსპექტივობა იგემეს.? აფხაზთა მხარე უწინდებურად უკომპრომისოა - არ აპირებს ჟენევაში გაეროს მეგობარი ქვეყნების ელჩების მიერ შემუშავებული იმ წინადადებების რეალიზაციას, რომლებიც თბილისსა და სოხუმს შორის უფლაბამოსილებათა გამიჯვნის შესახებ მოლაპარაკების დაწყებასაც გულისხმობს, სამაგიეროდ, მზად არის ხელი შეუწყოს სოჭში შევარდნაძისა და პუტინის მიერ მიღწეული შეთანხმებების განხორციელებას. ამისათვის კი, ანუ სოჭი-თბილისის სარკინიგზო ხაზის აღდგენისთვის, აფხაზეთის ეკონომიკის რეაბილიტაციისა და დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყებისთვის სოხუმი თბილისისგან კონკრეტულ წინადადებებს ელის.
XS
SM
MD
LG