Accessibility links

logo-print

1989 წლის 9 აპრილი და დღევანდელობა


9 აპრილი საქართველოში, ერთი მხრივ, 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა - დღე, რომელიც, ტრაგედიასთან ერთად, დამოუკიდებლობის იდეის გარშემო

საქართველოს მოსახლეობის კონსოლიდაციას გვახსენებს, მეორე მხრივ კი, ის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეცაა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლის ორიგინალიც დღემდე დაკარგულია. 2003 წლის 9 აპრილს საქართველოში, ტრადიციულად, პატივი მიაგეს 89 წლის აპრილში დაღუპულთა ხსოვნას და ისევ ცალ-ცალკე გაიხსენეს დღე, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და დამოუკიდებლობის მიღწევასთან ასოცირდება. 1989 წლის 9 აპრილიდან 14 წელი გავიდა.


1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი სხვადასხვა ძალებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად მიაგეს. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ტრაგედიის ადგილას მისვლა გამთენიისას, დილის 4 საათიდან, დაიწყო. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მდებარე ქვასთან, რომელიც ამდენი წელია შეგვახსენებს, რომ ამ ადგილას 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი უნდა აღიმართოს, გამთენიისას ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი წერეთელი მივიდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იქ უფრო მოგვიანებით, 11 საათისთვის, გამოჩნდნენ. მათაც თავისი წილი ყვავილებით შეამკეს ადგილი, სადაც თავისუფლებისთვის მშვიდობიან ბრძოლას უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები, გოგონები და ხანდაზმული ქალბატონები შეეწირნენ. საბჭოთა ტანკებისა და რუსი სამხედროების ორლესული ნიჩბების წინაშე იმ ღამეს ისინი ბედის ანაბარა დარჩნენ.

[უსინათლო მომღერლის ხმა] "დაუკარის" ვმღეროდით მაშინ და ბოლომდე მივიყვანეთ ეს სიმღერა.ისეთი შემართება იყო, ბოლომდე უნდა გვემღერა, არ უნდა გავჩერებულიყავით და ვერც გავჩერდებოდით."

უსინათლო მომღერლებს ასხლეტილი ნიჩბების ხმა ესმოდათ, მაგრამ მაინც მღეროდნენ.

მას შემდეგ 14 წელი გავიდა. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალურ ქვასთან მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ 1989 წლის 9 აპრილი ასე გაიხსენა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ეს არ იყო მარტო ტკივილი, ეს იყო საოცარი შეურაცხყოფის გრძნობა, როცა შენს ქვეყანაში, შენს ქალაქში, შეუძლიათ ასე უბოდიშოდ, ასე მოურიდებლად დაგიხოცონ ახალგაზრდები. მეორე მხრივ, მე მახსოვს ისიც, როგორი ერთიანობის და აღმავლობის დღე იყო."

ერთიანობის და აღმავლობის მოკლე პერიოდი შორეულ მოგონებად დარჩა. 9 აპრილს დაღვრილი სისხლი საქართველოს საზოგადოებას ერთიანობისკენ წელიწადში ერთხელ 9 აპრილს უბიძგებს ხოლმე, თუმცა არც ამ დღეს გამოდის რამე. პარლამენტის შენობის წინ მდებარე ქვასთან ყვავილების მისატანად და სანთლების დასანთებად ლეიბორისტებიც მივიდნენ უკვე დღის 12 საათზე და თავისუფლების მოედნისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის დარქმევა მოითხოვეს. მიხეილ სააკაშვილი 9 აპრილის ბაღში "სიცოცხლის ხის" მონუმენტის გახსნას დაესწრო. "სიცოცხლის ხის" თითოეულ ფოთოლზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული. სააკაშვილმა და მის გარშემო შეკრებილებმა 9 აპრილის ბაღში გმირების სახელობის ხეებიც დარგეს და მათ თბილისის სხვა ბაღში მხარი "აღორძინების" წარმომადგენლებმაც აუბეს. გმირების სახელზე ხეები მათაც დარგეს და იქვე ისიც თქვეს, რომ 9 აპრილის ტრაგედიაში წვლილი დღევანდელ ხელისუფლებას მიუძღვის. ასე აღინიშნა საქართველოში კიდევ ერთი 9 აპრილი. ამ დღეს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა საჯაროდ დაწყევლეს ყველა ძალა, რომელიც საქართველის დღევანდელ ხელისუფლებას ამოუდგება მხარში.
XS
SM
MD
LG