Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაციების როლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში


აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესები განსხვავებულად - ასევე განსხვავებული შედეგებით - ვითარდება. ქართველებისა და აფხაზების თუ ქართველებისა და ოსების საბოლოო

შერიგებამდე მხარეებს შორის სამშვიდობო ძალები დგანან: ერთგან -რუსეთის სამშვიდობო ძალები, მეორეგან - შერეული სამშვიდობო კონტინგენტი. ერთ შემთხვევაში სამშვიდობო პროცესი გაეროს მიერ იმართება, მეორე შემთხვევაში კი წამყვანი ფუნქცია ეუთოს აკისრია. ამით საქართველო არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში საკუთარი იურისდიქციის აღდგენას ჯერ არ მიახლოებია, თუმცა ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისთვის მუშაობს, გაცილებით ეფექტიანია. ეუთო ამ შემთხვევაშიც ამტკიცებს, რომ ის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან შედარებით, გაცილებით ქმედითუნარიანია.

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში გაერო მხოლოდ ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დონეზეა წარმოდგენილი. ამ პროცესს, ძირითადად, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია წარმართავს და კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის ნეგატიური როლის განეიტრალებას გაცილებით უკეთ ახერხებს, ვიდრე ახერხებს ამას, აფხაზეთის პრობლემის შემთხვევაში, გაერო. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს არაქმედითუნარიანობას უშიშროების საბჭოს სტრუქტურით ხსნიან, კერძოდ, იმით, რომ უშიშროების საბჭოს გადაწყვტილებები საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის, ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება არც ეუთოს შემთხვევაშია იოლი. იქ გადაწყვეტილებები ერთხმად, 54-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობით, მიიღება.


თავისი აქტიური ძალისხმევით, ეუთომ მოახერხა ევროკავშირი ჯერ ცხინვალის რეგიონის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებით დაეინტერესებინა, 1999 წლიდან კი მოლაპარაკების პროცესშიც ჩაერთო. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეულ საკონტროლო კომისიაში, რომელშიც ქართული, რუსული და ოსური მხარეები არიან წარმოდგენილნი ( ჩრდილოეთ ოსეთის და, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის მხარეები), ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლებიც მუშაობენ და, როგორც შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, ქართული მხარიდან, ირაკლი მაჭავარიანი ამბობს, ამით სერიოზულად არის შეცვლილი გარემო, რომელიც მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის ჩართვამდე სუფევდა.


ირაკლი მაჭავარიანის თქმით, სწორედ ევროკავშირი აღმოჩნდა ის ძალა, რომელმაც გადაწონა რუსეთის ნეგატიური როლი კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. ევროკავშირის დაფინანსებით, ცხინვალის რეგიონში თხუთმეტამდე პროექტი ხორციელდება და, რომ არა საქართველოს ენერგოსისტემის უნიათობა, ევროკავშირის დახმარებით ამ ზამთარსვე უნდა დაწყებულიყო ამ რეგიონის ჩართვა საქართველოს ენერგოსისტემაში, რაც რუსეთზე ცხინვალის რეგიონის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას მოხსნიდა. ცალკე თემაა სისტემა, რომელიც ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის სახით მოქმედებს. განსხვავებით აფხაზეთში მოქმედი სამშვიდობო მისიისაგან, რომელიც, ფორმალურად, დსთ-ს სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, სინამდვილეში კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ბრძანებებს ემორჩილება, ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ჯარი ქართული, რუსული და ოსური ძალებისგან არის დაკომპლექტებული და შერეულ საკონტროლო კომისიას ექვემდებარება. ირაკლის მაჭავარიანის განმარტებით:

[ირაკლი მაჭავარიანის ხმა] "სამშვიდობო ძალებში გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიალურად. სარდალი, რომელიც რუსეთის მხარეს წარმოადგენს, მოკლებულია უფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს. მან ყველა გადაწყვეტილება უნდა შეუთანხმოს ქართული და ოსური მხარეების მეთაურებს. თვითონ სამშვიდობო ძალები ექვემდებარება შერეულ საკონტროლო კომისიას, სადაც გადაწყვეტილება, ასევე, კონსენსუსით მიიღება. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ მხარეს აქვს ვეტოს უფლება. ესე იგი, ჩვენც ვმართავთ პროცესებს. ქართული მხარის წარმომადგენელი - ამ შემთხვევაში, თქვენი მონა-მორჩილი, შედის იმ სტურქტურაში, რომლის გადაწყვეტილების გარეშეც სამშვიდობო ძალები ნაბიჯს ვერ გადადგამენ. "

ეს სისტემა 1992 წლის სოჭის შეთანხმების საფუძველზე მოქმედებს. აფხაზეთში კი რუსეთის სამშვიდობო ძალები 94 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შეიყვანეს. რატომ ითქვა უარი მაშინ ისეთ მექანიზმზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში უკვე მოქმედებდა? ამ შეკითხვას პასუხად მხოლოდ ის მოეძებნება, რომ აფხაზეთში მომხდარის გამო, მაშინ ქართულ-ოსური პრობლემა მივიწყებული იყო, თანაც იმდენად, რომ შერეული საკონტროლო კომისია ორ წელიწად-ნახევრის მანძილზე არც კი შეკრებილა. ირაკლი მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის ბედი წყდებოდა, ცხინვალის რეგიონისთვის შერჩეული მექანიზმი არც კი ახსოვდათ. ასეა თუ ისე, დღეს პრეზიდენტი ამ მექანიზმის აფხაზეთში გამოყენების მიზანშეწონილობაზე საუბრობს. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლებას დიდი სურვილი აქვს ევროკავშირმა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში და მიიღოს აქტიური მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციაში. "ასეთი წინადადებები მუშავდება,"- ამბობს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე, თუმცა მას უჭირს განსაზღვროს, რა ბედი ელის ამ წინადადებებს. სამშვიდობო პროცესს აფხაზეთში, ხომ, ჯერჯერობით გაერო წარმართავს.
XS
SM
MD
LG