Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაცავია თუ არა ქართული ენა?


დავით პაიჭაძე, თბილისი 25 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართულის დატოვების მოთხოვნით, თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. 2003 წლის 14 აპრილს მთავრობის დღევანდელ სახლთან

- სახელმწიფო კანცელარიასთან სულ 200 ახალგაზრდა მივიდა, ოღონდ ისინი ამჯერად შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდნენ. სახელმწიფო ენას აღარავინ გვედავება, მაგრამ მაინც დავინტერესდი - მართლა აღარ სჭირდება დაცვა ქართულ ენას? რა პროცესები მიდის დღეს ენასთან დაკავშირებით და ენაში, რომლის დასაცავად მეოთხედი საუკუნის წინ მოქალაქეები მსხვერპლის გასაღებად იყვნენ მზად?

შეიძლება დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულ ენას საფრთხე ემუქრება? ცხადია, შეიძლება, ოღონდ ამ საფრთხის კარგი განმარტებით. ქართულ ენაზე წერას, კითხვას და ლაპარაკს ვერავინ შეგვიზღუდავს, საკითხავი ის არის, როგორი იქნება ენა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საურთიერთოდ გამოიყენებენ.

ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარეს ლევან ღვინჯილიას მე ვთხოვე, დაეხასიათებინა პროცესები, დღეს ქართულ ენაში რომ მიმდინარეობს. მისი აზრით [ღვინჯილიას ხმა]: "დაახლოებით ისეთივე პროცესებია, რაც, საზოგადოდ, ქვეყანაში მიმდინარეობს: ქაოსი, არეულობა, განუკითხაობა, ზოგან - პატარ-პატარა გამონათებები. დუღილი მიდის და ენაში ეს ყველაფერი, ცხადია, აისახება. შემოდის აურაცხელი რაოდენობით კონტრაბანდული ლექსიკა, ხშირად ჩვენ ვერ ვასწრებთ შესაბამისი ქართული ეკვივალენტის მიგებებას, ისე იკიდებს ფეხს უცხოური სიტყვა. ეს ყოვლად გაუმართლებელი ტენდენციაა".

საქართველოს პარლამენტის ენის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ მანანა გიგინეიშვილმა ჩემთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ქართული ენის გამოყენების არეალზე საქართველოში და იმ დახმარებაზე, რასაც საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციები აღმოუჩენენ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, დანერგვა-გავრცელებაში [მანანა გიგინეიშვილის ხმა]: "მაგალითად, ეუთოს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, თითქმის ნახევარი წელიწადია, ეროვნებით სომეხი სახელმწიფო მოხელეები სწავლობენ ქართულს. მათ შესანიშნავად ესმით, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ვერ იქნებიან სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე. თუ ეს პროგრამა კარგად განხორციელდება და კმაყოფილი დარჩებიან, ეუთო გვპირდება, რომ ასეთივე პროგრამას ქვემო ქართლშიც განახორციელებენ".

ეუთოს იდეაა, შეიქმნას ბავშვთა საზაფხულო ბანაკები, სადაც საქართველოს მოქალაქე სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ბავშვები (მათ შორის, ცხადია, ქართველები) ერთად დაისვენებენ და ქართულ ენას ისწავლიან.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართულ ენა დღეს დაცული არ არის და მას ორი "მტერი" ჰყავს: პოლიტიკოსები და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. ისინი ცდილობენ გაემიჯნონ სახელმწიფო არხებისა და პრესის მეტყველებას, ინტონაციას, ახერხებენ კიდეც და, მაინც, მათ აკლიათ ლექსიკური მარაგი, სინტაქსური საშუალებები თანამედროვე რეალიების გამოსახატად. ეს ჟურნალისტების ნაუბარში ჩანს, თორემ ისე, მთლიანად ენის პრობლემაა. ამ პრობლემის დაძლევას ლინგვისტების, მთარგმნელების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა სჭირდება, ხოლო ასეთ მუშაობას - ფული, რომელსაც სახელმწიფო - უკეთ, ხელისუფლება -არ იძლევა. [ბერძენიშვილის ხმა]: "დღეს, შესაძლებელია, ქართული საკმარისი აღმოჩნდეს საქართველოში ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებლად. მაგრამ, მთელი ნაციის მუშაობის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩვენ არ გვეყოფა რესურსი მსოფლიო ცოდნის ქართულ ენაზე ასამეტყველებლად. ამიტომ სხვაა გერმანელის ერთენოვნება და სულ სხვაა ქართველის ერთენოვნება. ერთენოვან გერმანელს ამ ენაზე ექნება ყველაფერი, რაც საჭიროა და რაზეც ხელი მიუწვდება, ქართველის ერთენოვნება კი, ერთსახოვნად და ცალსახად (როგორც ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს), აუცილებლად ნიშნავს დაბალ ინტელექტუალურ დონეს. სამწუხაროდ".
XS
SM
MD
LG