Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიქმნა სახელისუფლო საარჩევნო ბლოკი


ხელისუფლების მიერ მრავალსუბიექტიანი საარჩევნო ბლოკის შექმნას პირადად ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობს. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა პოლიტიკურ სპექტრსაც, ქვეყნის მოსახლეობასაც,

ბიზნესმენებსაც და სამთავრობო ვერტიკალსაც მკაფიოდ განუმარტა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ეს ნიშნავს, რომ ედუარდ შევარდნაძე აპირებს, პოლიტიკური თამაშის წესები მომავალშიც მან განსაზღვროს.

ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც საპრეზიდენტო ამბიციები ოდნავ მაინც აწუხებს, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს 2005 წლის ჭრილში გეგმავს.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ სახელისუფლო ბლოკში? ბლოკს ერთადერთი ლიდერი ჰყავს, ედუარდ შევარდნაძე. დანარჩენებს კი მხოლოდ კამათი შეუძლიათ იმ თემაზე, თუ რომელ მათგანს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს საზოგადოებაში და რომელს მეტი რესურსის თავმოყრა შეუძლია: რჩეულიშვილს თუ ჯორბენაძეს, ჩხაიძეს თუ მამალაძეს, ზოდელავას თუ სარიშვილს...

რაკი ბლოკის ლიდერი შევარდნაძეა, საკითხავია, რისთვის დასჭირდა საარჩევნო ბლოკის შექმნა პრეზიდენტს? დანარჩენი ლიდერების მიზნები საინტერესო აღარ არის, რადგან ისინი დაქვემდებარებული ფიგურები არიან და არჩევნებისთვის მზადების პროცესში მხოლოდ დავალებების შესრულება ევალებათ.

თავად შევარდნაძის მიზნები ორი სცენარის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ: პირველი - იგი, სხვა ლიდერების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებით საყრდენს იმზადებს 2005 წლის შემდგომი პერიოდისთვის. მეორე - შევარდნაძე მხოლოდ იმას ცდილობს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პარლამენტზე გავლენა შეინარჩუნოს და ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილოს.

თუ სახელისუფლო ბლოკი არჩევნებში სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, ეს ნიშნავს, რომ შევარდნაძე იქნება არა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ ქვეყნის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსიც. ამისათვის სახელისუფლო ბლოკმა არჩევნები ყველა სხვა სუბიექტთან შედარებით საგრძნობლად უკეთესი შედეგით უნდა დაასრულოს - თუნდაც ისეთი შედეგით, როგორიც მოქალაქეთა კავშირმა 1999 წელს აჩვენა. თუ ეს მოხერხდა, საფიქრებელია, რომ შევარდნაძე, ამა თუ იმ ფორმით, ხელისუფლებაში პირველ პირად დარჩენას მოისურვებს.

მეორე სცენარის ფარგლებში კი მოვლენები სხვაგვარად წარიმართება. თუ პრეზიდენტმა მრავალსუბიექტიანი ბლოკი მხოლოდ იმის გამო შექმნა, რომ ოპოზიციური პარლამენტის შიში აქვს, იგი ოპოზიციური გაერთიანების სავარაუდო წევრების გადმობირებას შეეცდება: ჯერ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, შემდეგ ტრადიციონალისტები, შემდეგ მრეწველები, შემდეგ კი სხვების ჯერი დადგება.

საქმე ისაა, რომ სახელისუფლო ბლოკის არც ერთ სუბიექტს საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა არ გააჩნია. პარტიების გაერთიანება ძლიერების მხოლოდ ილუზიას ქმნის. ამიტომ ოპოზიციური ბლოკიდან წევრების "გადაბირებით" ოპოზიცია დანაწევრდება, დაიხლიჩება, სახელისუფლო ბლოკს კი ბევრი ვერაფერი შეემატება.

საბოლოოდ, დასკვნა ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: თუ შევარდნაძე ხელისუფლებაში დარჩენისთვის იმზადებს ნიადაგს, იგი ყველა შესაძლებელი თუ შეუძლებელი ხერხით არჩევნების საგრძნობი უპირატესობით მოგებას შეეცდება. ამ შემთხვევაში ბლოკის წევრების სიმრავლე საზოგადოებისთვის მოგონილი სატყუარაა, განმსაზღვრელია სახელისუფლო ბერკეტები. ხოლო თუ მისი მიზანი მხოლოდ დაქუცმაცებული პარლამენტია, მაშინ ბლოკის წევრთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს და იქნება მთავარი ფაქტორი, ხოლო სახელისუფლო ბერკეტები მხოლოდ ზომიერების ფარგლებში ამოქმედდება. პარლამენტში ბლოკი ერთმანეთთან დაპირისპირებულ პატარ-პატარა ფრაქციებად დაიშლება იმისათვის, რომ ფრაგმენტაციის ხარისხი იყოს მაღალი, პრეზიდენტისთვის საფრთხის ხარისხი კი - დაბალი.

ჯერჯერობით მოვლენების მიმდინარეობა არც ერთი სცენარის განვითარებას არ გამორიცხავს. საარჩევნო კანონმდებლობაზე ძალადობა პირველ სცენარს უფრო მიესადაგება, სუსტი პარტიების მიზიდვა კი - მეორეს. გამოკვეთილ ტენდენციაზე საუბარი ნაადრევია.
XS
SM
MD
LG