Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ვნებათაღელვა თბილისის საავიაციო ქარხნის ირგვლივ


წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე პოლიტიკურ ძალებს შორის გაჩაღდა ბრძოლა ბიზნესმენების თუ მსხვილი საწარმოების სიმპათიების მოსაპოვებლად. ეს პოლიტიკურ ორგანიზაციებს

წინასაარჩევნო საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად და ფინანსური თუ სხვა სახის დივიდენდების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ. ბოლო დროს შეიმჩნევა მცდელობა, ამ პოლიტიკურ თამაშში ჩათრეულ იქნეს თბილისის საავიაციო ქარხანაც.

სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის" აქციათა 100 პროცენტი, 10 წლის მართვის უფლებით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილავიამშენს" რამდენიმე კვირის წინ გადაეცა. მას შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები საავიაციო ქარხნის ირანთან კავშირებს ხშირად იხსენებენ, თუმცა კი ირანთან ურთიერთობის გამო წარმოქმნილი პრობლემა დიდი ხნის ამოწურულია. კერძოდ, აღორძინების კავშირის წევრმა, პარლამენტარმა ჯემალ გოგიტიძემ საავიაციო ქარხანა კონტრაბანდაში დაადანაშაულა. ამ განცხადების შემდეგ ქარხნის მუშაობით განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს კონტროლის პალატამ, პროკურატურამ, პოლიციამ, დაზვერვის დეპარტამენტმა და ასე შემდეგ.

გოგიტიძის ნათქვამს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და 21 აპრილს „თბილავიამშენს" ესტუმრა. მისი ვიზიტის მთავარ მიზნად, თითქოსდა, პოლიტიკური მოსაზრებების გამო ორ ნაწილად გაყოფილი ქარხნის თანამშრომლების დაშოშმინება დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციისვე თანახმად, ამ დაპირისპირებაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია. მე 22 აპრილს ტელეფონით დავუკავშირდი „თბილავიამშენის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ვაჟა თორდიას, რომელმაც განაცხადა:

[ვაჟა თორდიას ხმა] „პრესსამსახურს გაუვრცელებია, რომ ქარხანაში რაღაც დაპირისპირებაა, ორად არის გაყოფილი ქარხანა და რაღაც სერიოზული პრობლემებია და შეიძლება ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ პრესა უფრო მეტად დაინტერესებულიყო გუშინდელი შეხვედრით. ალბათ, ეს იყო ამაში ჩადებული, მე ასე ვფიქრობ."

ვაჟა თორდია უარყოფს ქარხნის კოლექტივის შიგნით რაიმე სახის დაპირისპირების არსებობას. მას უჭირს იმის მტკიცება, მართლაც დაინტერესებულია თუ არა რუსეთი „თბილავიამშენის" ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელებით. რუსეთი თავად თანამშრომლობს ირანთან და მის 80-მდე სამხედრო-საავიაციო სპეციალისტს ამზადებს, მაგრამ ეს დაფარული არ არის და ნაკლებად სავარაუდოა თბილისის საავიაციო ქარხანაზე ყურადღების გადატანის მცდელობით რაიმე შეცვლილიყო.

[ვაჟა თორდიას ხმა] „ის ხალხი, ვისაც რა უნდა, არ იცის, რაღაცა უნდა და ჩვენს ასეთ სკანდალურ საკითხებში ჩაგვრთავენ ხოლმე. ალბათ, იმათ უფრო კარგად იციან, საიდან მოდის, ვის უნდა, რა უნდათ..."

საქმე ისაა, რომ ბათუმში კარგა ხანია მცირე საავიაციო წარმოების გამართვას ცდილობენ, რამდენიმე თვითმფრინავი კიდეც შექმნეს, თუმცა „თბილავიამშენის" ამოქმედების შემდეგ ბათუმის წარმოებამ მომხიბვლელობა დაკარგა.

14-ოდე წლის წინ თბილისის საავიაციო ქარხნის პოლიტიკაში ჩათრევამ საწარმოს გაჩერება მოიტანა შედეგად. ვაჟა თორდია შიშობს, რომ თუ ამჟამად ქარხნის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გაგრძელდა, მუშაობა კვლავ შეუძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG