Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა სამშვიდობო-სამხედრო ასეულმა კოსოვოსკენ აიღო გეზი


ბალკანეთში KFOR-ის სახელწოდებით მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მეოთხე წლისთავზე საქართველო აფართოებს თავის სამშვიდობო მისიას კოსოვოში. საერთაშორისო ძალების

სარდლობის გადაწყვეტილებით, სამხედრო ოცეულის გარდა, საქართველო ბალკანეთზე კიდევ ერთი ასეულით იქნება წარმოდგენილი. ოთხშაბათს, გაცილების საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, 140 კაციანმა ქართულმა სამშვიდობო ქვედანაყოფმა გეზი გერმანიისკენ აიღო, სადაც, გერმანულ ბატალიონთან ერთკვირიანი შეკრების შემდეგ, ქართული ასეული კოსოვოს ქალაქ პრეზრენში ექვსი თვით დაიდებს ბინას. მეგობრებისა და ახლობლების კეთილი სურვილების გარდა, ქართველმა სამხედროებმა კოსოვოში თან სახარება და ქართული სახელმწიფოს დროშა წაიღეს.


სამი თვის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობა 140 პროფესიონალი ჯარისკაცით გაიზარდა. თუმცა, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული სამხედროებისგან განსხვავებით, ამჯერად ლაპარაკია პროფესიონალ მშვიდობის დამცველებზე, რომლებსაც, აუცილებელი სამხედრო უნარებისა და საბრძოლო გამოცდილების გარდა, კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო საქმიანობის პროცედურების უზრუნველყოფა ევალებათ.

რეზერვისტთა შემადგენლობიდან შერჩეული ნაწილი კოსოვოში გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში იმოქმედებს. ქვედანაყოფის მეთაურის მაიორ გია მელითაურის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების სელექცია უმკაცრესი კრიტერიუმით მოხდა და მას იმედი აქვს, რომ ქართველი სამხედროები ყველა ამოცანას პირნათლად შეასრულებენ.

[გია მელითაურის ხმა] "ტესტირების საფუძველზე 400 კანდიდატიდან დავიტოვეთ ორასი, რომლებიც მოვიყვანეთ ბაზაზე, სადაც ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა შესაბამისი მეცადინეობები სხვადასხვა დისციპლინაში, როგორც სამხედრო, ისე ფიზიკური და ასე შემდეგ. და ამის საფუძველზე უკვე შერჩეულ იქნა 119 რეზერვისტი, რომლებთანაც გაფორმდა სამწლიანი კონტრაქტები."
უნდა აღინიშნოს, რომ თუ პირველი ქართული ოცეულის გამგზავრება კოსოვოში ოთხი წლის წინ თურქეთის მთავრობამ დააფინანსა, საქართველოს სამშვიდობო მისიის გაფართოება ბალკანეთზე გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხდება. ორი ქვეყნის სამხედრო უწყებებს შორის ამა წლის 5 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით გადაწყდა, რომ ქართული ასეული ოთხკვირიან მომზადებას ჩრდილოეთ გერმანიაში გაივლის და იქიდან გაემგზავრება კოსოვოს ქალაქ პრეზრენში, სადაც გერმანული ბრიგადის შტაბია განლაგებული.

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჯონი ფირცხალაიშვილის განცხადებით, გერმანულ ქვედანაყოფში ინტეგრირებული ქართული ასეული შეასრულებს ყველა იმ ამოცანას, რასაც მათი წინამორბედი ქართული ოცეული ოთხი წელია ასრულებს კოსოვოში. სამშვიდობო ოპერაციის ზონაში მათ საყოფაცხოვრებო ხარჯებს, შეთანხმების თანახმად, გერმანული მხარე დაფარავს. ასევე ბუნდესვერი გადაუხდის ქართველ სამხედროებს ე.წ. ჯიბის ფულს, დაახლოებით 300 ევროს ოდენობით. თუმცა მთელი კონტრაქტის მოქმედების მანძილზე ძირითად ხელფასს, რაც თვეში ხუთას ლარს უდრის, პროფესიონალი ქართველი მშვიდობისდამცველები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღებენ. რაც შეეხება ბალკანეთზე სამშვიდობო მისიის გაფართოების აუცილებლობას, საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ფაქტს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას უკავშირებს.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "ასეული მთლიანად დაკომპლექტებულია საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცებისგან და ეს წარმოადგენს ბირთვს იმ მომავალი სამშვიდობო ბატალიონისა, რომლის შექმნაც ჩვენ ვივალდებულეთ პარპ-ის(ნატოს პარტნიორობის დაგეგმარებისა და მიმოხილვის პროცესი - კ.ლ.) პროგრამის თანახმად. ესაა პირველი ასეული და ახლა ყალიბდება ბატალიონის მმართველობა, მეორე ასეული. ივნისში და სექტემბერში ჩამოყალიბდება მესამე ასეული."

და, რაც მთავარია, აღნიშნული ასეული როტაციის ექვსთვიანი ვადის გავლის შემდეგ კოსოვოში მიღებულ უმდიდრეს სამშვიდობო გამოცდილებას საქართველოს კონფლიქტების მოწესრიგების პროცესს მოახმარს. კონტრაქტის თანახმად, გადაწყვეტილია, რომ ასეული სამშვიდობო მისიას ცხინვალის ზონაში განლაგებული ქართული ბატალიონის შემადგენლობაში გააგრძელებს, რითაც, სამხედრო ექსპერტების აზრით, ქართული სამშვიდობო მისიის ავტორიტეტი ქვეყნის შიგნითაც გაიზრდება. თუმცა ძნელი სათქმელია, თუ როგორ შეხვდება ქართველი მშვიდობისმყოფელების გამოჩენას კონფლიქტის ზონაში ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG