Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება შეძლებულთა ბინების გაძარცვა


ანდრო ეული, პრაღა სამმა კვირამ განვლო მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, მაგრამ ქვეყნის მრავალ ქალაქში გრძელდება შეძლებულთა ბინების გაძარცვა.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ზამირა ეშანოვა თვითმხილველი გახდა სადამ ჰუსეინის დის სახლის გაძარცვისა ბაღდადის ფეშენებელურ ალ ჯადირიას რაიონში. ამ რაიონის მაცხოვრებლებს მშფოთვარე ღამის გათენება მოუხდათ ორშაბათს. მთელი ღამის განმავლობაში გაუთავებელი სროლის გამო ხალხი ვერ ბედავდა შინიდან გამოსვლას, ხოლო გამთენიისას ცნობილი გახდა უკვე სროლის მიზეზი. ასობით მძარცველი შეჭრილიყო ალ ჯადირიას რაიონში მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს სახლში, რომელშიც სადამ ჰუსეინის და ცხოვრობდა თავის მეუღლესთან, გადამდგარ გენერალ არშიდ იასინთან ერთად. იასინის მეზობლები ავტომატური შაშხანებიდან ისროდნენ მთელი ღამის განმავლობაში, რათა მათაც არ მისდგომოდნენ მძარცველები.

გაძარცვის ამბავი სწრაფად მოედო ქალაქის სხვა უბნებსაც, და დილის 8 საათისთვის, საბარგო და მსუბუქი ავტომანქანების კოლონა არშიდ იასინის სახლისკენ მიიჩქაროდა იმის სანახავად, კიდევ რა იყო იქ წასაღებად შემორჩენილი. თავად სახლში, ანტიკვარული ავეჯით, ძვირფასი ნოხებითა და სურათებით რომ იყო ერთ დროს მორთული, ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი იტაცებდა ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. მეზობლად მცხოვრები 20-წლის აჰმადი კი გაოგნებული იდგა და აღშფოთებას ვერ მალავდა [აჰმადის ხმა]: "ეს ადამიანები ველურები არიან. არ შემიძლია ამის აღწერა. ესაა სირცხვილი. ერაყელი ხალხი ამას არ სჩადის. ისე აღვიზარდე, რომ არ შემიძლია ასეთი რამის ჩადენა. ესაა ღატაკი, ძალზედ ღატაკი ხალხი; ეს ნივთები, მათ, ცხოვრებაში არ უნახავთ" - უთხრა ჩვენს კორესპონდენტს 20-წლის აჰმადმა.

ხოლო მეორე ახალგაზრდა მამაკაცმა, მძარცველმა, რომელმაც არ მოისურვა თავისი სახელის გამჟღავნება, თქვა, რომ სულაც არ სცხვენია თავისი ნამოქმედარის, ვინაიდან იმას იპარავს, რაც უკვე მოპარულია [ახალგაზრდა მძარცველის ხმა]: "არა, არა, ეს არაა "ჰარამი", და იმიტომ არაა "ჰარამი", რომ ეს ნივთები ერაყელ ხალხს ეკუთვნის; ეს სახლი, და კიდევ მრავალი სხვა, ასეთი ნივთიც. ჩვენ აქ, ერაყში, ასეთ რამ არ გაგვაჩნია".

არშიდ იასინის ზოგიერთმა მეზობელმა ამერიკელი სამხედროები დაადანაშაულა იმაში, რომ ბაღდადში გრძელდება ძარცვა. როგორც ერთ-ერთმა მეზობელმა უამბო ჩვენს კორესპონდენტს, იმ დროს, როცა იასინის სახლი იძარცვებოდა, მეზობლებმა რამდენიმე მამაკაცი გააგზავნეს ამერიკის ჯარის უახლოეს საგუშაგოში, მაგრამ დაბრუნებულმა მამაკაცებმა თქვეს, რომ ამერიკელები "დაკავებულები" იყვნენ და არ შეეძლოთ დახმარების აღმოჩენა.

ამერიკელები მეორე დღეს, დაახლოებით ხუთ საათზე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ უკვე გვიან იყო. იასინის სახლი სანაგვე მოედანს ჰგავდა.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკელმა სერჟანტმა მოლინამ უარყო ბრალდება, რომ თითქოს სამხედროები აქეზებენ მძარცველებს. არშინ იასინის მეზობელს დოქტორ ზიადს მიაჩნია, რომ სახლების ძარცვა ერაყში იმითაა გამოწვეული, რომ წლების მანძილზე ხალხს გამუდმებული შიშის ქვეშ, არაადამიანურ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, და ყოველივე ეს, დღეს, სადამ ჰუსეისინის რეჟიმისადმი არნახულის სიძულვილით გამოვლინდა.
XS
SM
MD
LG