Accessibility links

logo-print

როგორ აღნიშნეს საქართველოში 1 მაისი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მართალია, საქართველოში საპირველმაისო დღესასწაული კომუნისტურ მოგონებებს აღძრავს, მაგრამ ეს თარიღი, 1 მაისი, თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. სხვა საკითხია,

რომ პირველ მაისს ევროპის ქვეყნები მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს კი არა, შრომის დღეს აღნიშნავენ. მაგალითად, ბერლინში ჩატარდა 67 ოფიციალურად ნებადართული ღონისძიება, რომლებიც, ასე თუ ისე, პირველ მაისთან იყო დაკავშირებული. თუ შვედეთმა და დანიამ შრომის დღე კოსტიუმირებული მსვლელობებითა და კონცერტებით აღნიშნეს, რუსეთში დემონსტრანტები ისევ მსოფლიო მუშათა კლასს უცხადებდნენ სოლიდარობას. როგორ აღნიშნეს პირველი მაისი საქართველოში?

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, 1 მაისი საქართველოში უქმე დღედ არ გამოცხადებულა, იმის მიუხედავად, რომ სულ ცოტა ხნის წინათ პარლამენტარი ქალბატონი ნატო ჩხაიძე ენერგიას არ იშურებდა 1 მაისის დასვენების დღედ გამოცხადების მიზანშეწონილობაში კოლეგების დასარწმუნებლად. ოღონდ მის ინიციატივას მშრომელთა სოლიდარობასთან არავითარი კავშირი არა აქვს და 8 მარტის - ქალთა საერთაშორისო დღის - ალტერნატივად 1 მაისს - თამარ მეფის ხსენების დღეს - გულისხმობს.
პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, საქართველოში, ტრადიციულად, გამოეხმაურნენ ქართველი კომუნისტები, რომლებმაც თბილისში, დედა ენის ძეგლთან გამართულ მცირერიცხოვან მიტინგზე, სოციალურ მოთხოვნებთან ერთად, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს. ქართველ კომუნისტთა პროტესტის ადრესატი ისევ და ისევ საქართველოს ხელისუფლება გახლდათ, რომლის პროამერიკული პოლიტიკა მათთვის კვლავინდებურად მიუღებელია.
დღის მეორე ნახევარში გამართული მსვლელობა, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული, გაცილებით ხალხმრავალი აღმოჩნდა. გაერთიანებული პროფკავშირები ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სფეროებში კადრების შემცირების პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.

2001 წლის მონაცემებით, ოფიციალურად აღიარებული საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონე 52 პროცენტს შეადგენდა. სიღარიბის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია რეგიონების მიხედვით - ყველაზე "ღარიბი" რეგიონებია კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, ყველაზე "შეძლებული" - თბილისი და იმერეთი. მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალია უმუშევრობის, მიგრაციისა და ემიგრაციის პროცენტი. სპეციალისტთა განმარტებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველოში უმუშევრობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო: შემცირებაში მოყოლილი ადამიანებისა და უმაღლესკურსდამთავრებულებისთვის სამსახურის შოვნა გადაუჭრელ პრობლემადაა ქცეული. თუმცა კიდევ ერთი მონაცემი, ალბათ, უფრო იმედიანად განაწყობს უმაღლესი განათლების მსურველებს: თუ საშუალო და უფრო დაბალი განათლების მქონე ოჯახების 61 პროცენტი, ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიხედვით, ღარიბია, უმაღლესი განათლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტს უდრის
XS
SM
MD
LG