Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაგრძელდება თუ არა დაპირისპირება გაერთიანებულ დემოკრატებსა და სოციალისტებს შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი პარლამენტის შენობაში 5 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ სოციალისტური პარტიის თვმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი პირველად პარლამენტში 7 მაისს გამოჩნდა.

იგი ელდარ შენგელაიას თანამომხსენებელი იყო თემაზე, რომელიც ყოფილ სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას ეხებოდა. თუ ელდარ შენგელაია საკუთარი ნებით გადადგა ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან, ვახტანგ რჩეულიშვილი საკმაოდ ოპტიმისტურად აფასებს ყოფილ სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში თავის შესაძლებლობებს.

5 მაისს პარლამენტის ბიუროს ოთახის მახლობლად მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი პირველად გამოჩნდა პარლამენტში. აქვე შევნიშნავ, რომ გაერთიანებული დემოკრატების წარმომადგენლებთან გამართული მუშტი-კრივის შემდეგ, რასაც პარლამენტის ვიცე-სპიკერის თავის გატეხა მოჰყვა, სოციალისტები არაჩვეულებრივად კორექტულად იქცევიან. მათ არც რაიმე ხმაურიანი განცხადებები გაუკეთებიათ და არც შურისძიება უცდიათ. პარლამენტში ვახტანგ რჩეულიშვილის მისვლა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ, პარლამენტის მოთხოვნით, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ელდარ შენგელაიამ. მოხსენების დასასრულს მან პარლამენტს მიმართა თხოვნით, გაათავისუფლონ ამ კომისიის თავმჯდომარეობიდან. რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილს, მისი განცხადებით:
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] ” ამ პარლამენტში მუშობის სურვილი ნაკლებად მაქვს, მაგრამ რადგანაც რამდენიმე თვეა დარჩენილი, უნდა გავუძლო. დღეს, რასაკვირველია, არავითარი სურვილი არა მაქვს საპარლამენტო დებატებში მონაწილეობის მიღების, სანამ არ გაირკვევა ჩემთვის საინტერესო რამდენიმე მომენტი, მაგრამ თემა ისეთი არის, რომ ჩემი გამოუსვლელობა არ შეიძლებოდა. დიახ, მე გახლავართ საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხში.”
7 მაისს თავისი პირადი წარმომადგენლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც მთავრობის სხდომაზე აღნიშნა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”პარლამენტარებს თუ ძალიან უნდათ ერთმანეთთან ჩხუბი, სხვაგან მოძებნონ ადგილი და იქ იჩხუბონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ. მაგრამ მე მაწუხებს სახელმწიფო დაცვა.”
მან ერთი კვირის ვადა მისცა გენერალურ პროკურორს 5 მაისს მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად და დასძინა, რომ ამჯერად არ დაუშვებს დამნაშავეების დაუსჯელობას.
თავის მხრივ, ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს, რომ, მისი ძალისხმევით, სოციალისტური პარტიის წევრები და ამ პარტიის მხარდამჭერები რევანშს არ გეგმავენ, თუმცა აქვე შენიშნავს, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იგეგმება დაპირისპირების პარლამენტის შენობიდან ქუჩაში გადატანის მცდელობა.
და თუ ეს, მართლაც, ასეა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ფორმებს მიიღებს დაპირისპირება.
XS
SM
MD
LG