Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა


ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, კიდევ ერთი, ასევე მაღალი თანამდებობის პირი, ბარბარა ბოდინი და ამ ადმინისტრაციის სხვა წევრები გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ერაყის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გადამდგარი გენერალი ჯეი გარნერი ტერორიზმთან ბრძროლაში გამოცდილმა პოლ ბრემერმა უნდა შეცვალოს. თავიდან გამოცხადდა, რომ გარნერი ადმინისტრაციაში დარჩებოდა სხვა თანამდებობაზე, მაგრამ ახლა, როგორც "უოლ სტრიტ ჯორნალი" იუწყება, გაირკვა, რომ გარნერი საქმეს ჩამოაშორეს. ახლა ის თავის მემკვიდრეს ელოდება, რათა საქმე გადააბაროს. "ვაშინგტონ პოსტს", მათ, ვინც ერაყის აღდგენაში მონაწილეობს, განუცხადეს, რომ გარნერი და მისი თანამშრომლები, ასევე მათი ხელმძღვანელები პენტაგონში, არ არიან საიმისოდ მზად, რომ თავი გაართვან ერაყში მათ წინაშე მდგარ ამოცანებს - ინფრასტრუქტურის აღდგენას და ერაყში დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნას. ამავე გაზეთს, ბარბარა ბოდინმა უთხრა, რომ ის კვირასვე დატოვებს ერაყს, რადგან აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გარკვეული პოსტი უნდა დაიკავოს. ბოდინი ადრე იემენში ელჩად მუშაობდა. ახლა მას, მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, ცენტრალურ ერაყს, ბაღდადს განაგებდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ბოდინის ერაყში ყოფნა, თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, რომ ხანმოკლე უნდა ყოფილიყო. სამოქალაქო ადმინისტრაციის მუშაობით ერაყელებიც არ იყვნენ კმაყოფილი, რადგან ისინი ვერ ხედავენ, რომ ადმინისტრაციამ თავი გაართვა მთავარ ამოცანებს, საზოგადებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილის - წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლას.

აშშ-ის მიერ ერაყში მივლინებული ჯგუფი, რომელსაც მასობრივი განადგურების იარაღის კვალისთვის უნდა მიეგნო, როგორც აშშ-ის მასმედია იუწყება, ერაყს დატოვებს. "ვაშინგტონ პოსტს" ამ ჯგუფის წარმომადგენელმა უთხრა, რომ არ აქვთ იმედი, რომ რაიმე საგულისხმოს მიაგნებენ. კვირას გამოცხადდა, რომ ერაყის მმართველი "ბაათის" პარტია გაუქმდა. აშშ-ის არმიის გენერალმა, ერაყში ლაშქრობის სარდალმა ტომი ფრენკსმა განაცხადა აშშ-ის ერაყში მოქმედი რადიოთი, რომ ამ პარტიის საკუთრება სამხედრო ხელისუფლებას უნდა ჩაბარდეს. პარტიაში ერთნახევარ მილიონამდე ერაყელი ირიცხებოდა და ის 35 წელიწადი მართავდა სადამ ჰუსეინის ლიდერობით ამ ქვეყანას.

ქალაქ ბასრაში შიიტმა სასულიერო პირმა, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა აიათოლა მოჰამედ ბაქრ ალ ჰაქიმმა აშშ-ის არმიის ჯარის ერაყიდან წასვლა და თავისუფალი არჩევნები მოითხოვა. მისი თქმით, ერაყს ისეთი სისტემა სჭირდება, რომელიც ხალხის თავისუფალ ნებას გამოხატავს.
წამყვანი: გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მიერ ერაყის თაობაზე წარდგენილი ახალი რეზოლუცია მალე გახდება მსჯელობის საგანი. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს გერმანიის და საფრანგეთის მთავრობებმა, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებოდებიან. რუსეთი უკმაყოფილოა, რომ ამ რეზოლუციის თანახმად, გაეროს მხოლოდ დამხმარე ფუნქცია ენიჭება. თუმცა რუსეთიც და ჩინეთიც ასევე კონსტრუქციულ თანამშროლობაზე ლაპარაკობენ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG