Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ ტერორიზმს მოსკოვი და ვაშინგტონი?


ხუთშაბათს დამთავრდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ვიზიტი მოსკოვში. პაუელისა და მისი მასპინძლების ერთობ თბილი და ურთიერთკეთილგანწყობილი საჯარო განცხადებების მიუხედავად,

აშკარაა, რომ ამერიკელმა სტუმარმა რუსეთის ლიდერები ვერ დაიყოლია ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმების საკითხში. ამასთან დაკავშირებულ განცხადებებს ჩვენი მსმენელი გადაცემის დასაწყისში, ახალი ამბების გამოშვებაში გაეცნო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს ბოლო ხანს მეგობრებად მოიხსენიებენ, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა სხვა საკითხებშიც შეინიშნება. ერთ-ერთი მათგანი ტერორიზმის განმარტება და მასთან ბრძოლის გზები გახლავთ.

[სასწრაფო დახმარების სირენის ხმა]

სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ეს ხმა გასულ პარასკევს, გროზნოში ჩაიწერა ჩვენმა იქაურმა კორესპონდენტმა. ამ მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს ჩეჩნეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანები. სულ დაღუპულთა რიცხვი სადღეისოდ 58-ს შეადგენს, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კიდევ ორასამდე ადამიანი დაშავებულია, გამორიცხული არ არის, ეს ციფრი კიდევ შეიცვალოს.

ცოტა უფრო ნაკლები, 34 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დაბა ზნამენსკოეს ტერაქტიდან სამიოდე დღეში, საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ რიადში მოწყობილ ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც თვითმკვლელი ტერორისტები, დანაღმული ავტომანქანებით, ერთდროულად დაეხსნენ თავს უცხოელთა სამ საცხოვრებელ შენობას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა გროზნოსა და ელ რიადის ტერაქტები და განაცხადა, რომ ტერორისტთა ხელწერა ერთგანაც და მეორეგანაც "აბსოლუტურად იდენტურია". თუმცა, პრეზიდენტს არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ გროზნოს ტერაქტი ჩეჩნეთის ომის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] "ამ სახის ყველა ქმედება მიზნად ისახავს, ჩაშალოს ჩეჩნეთში არსებული ვითარების პოლიტიკური მოგვარების პროცესი. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ და არც დავუშვებთ."

ანალოგიური შეფასება მისცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ელ რიადში განხორციელებულ ოპერაციას, რომლის მსხვერპლთა შორის, სულ ცოტა, შვიდი ამერიკელია:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ეს საზარელი აქტები იმ მკვლელების ნახელავია, რომელთა ერთადერთი სარწმუნოება სიძულვილია. შეერთებული შტატები აუცილებლად იპოვის მკვლელებს და უჩვენებს მათ, რას ნიშნავს ამერიკული მართლმსაჯულება."

რეაქციებისა თუ შეფასებების გარეგნული მსგავსების მიუხედავად, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციებში არაერთი სერიოზული სხვაობა არსებობს.

ავიღოთ ერაყის ომი, რომლის მთავარ გამართლებად ვაშინგტონი სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას ასახელებდა - ანუ მიზეზს, რომლის არსებობას მოსკოვი იმთავითვე უარყოფდა.

ან დავუბრუნდეთ ისევ ჩეჩნეთის მაგალითს. იქ მიმდინარე ომს რუსეთი გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის ნაწილად აცხადებს, რასაც ვაშინგტონი ბოლომდე ვერ ეთანხმება.

მიუხედავად აზრთა ამ სხვადასხვაობისა, ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ტერორიზმთან მიმართების საკითხი მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში იმდენად პრიორიტეტული არ არის, რომ მხარეთა შორის განხეთქილების ვაშლად იქცეს. ამ აზრის არის, მაგალითად, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი რობერტ ნურიკი, რომელსაც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი გრეგორი ფაიფერი ესაუბრა.

ნურიკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვაშინგტონმა საგრძნობლად შეარბილა ჩეჩნეთის ომის კრიტიკა და დაიწყო საუბარი ისლამურ ტერორიზმთან ჩეჩენ მეამბოხეთა კავშირზე. ნურიკის თქმით, უთანხმოებები ამ ომის წარმოების მეთოდებს უფრო უკავშირდება.

[რობერტ ნურიკის ხმა] "დიდი უთანხმოებებია იმ საკითხში, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს, კონკრეტულად ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ამისთვის, რა სახის ქმედებებია მისაღები და რა როლს უნდა ასრულებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები."

დაბოლოს, მოკლედ დავუბრუნდეთ კოლინ პაუელის ვიზიტს მოსკოვში. ხუთშაბათს, რუსეთის დედაქალაქიდან გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში პაუელმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ირანის ბირთვული პროგრამის მიმდინარეობის გამო. და, მართალია, მაღალი რანგის ვაშინგტონელმა სტუმარმა ამ კონტექსტშიც ისაუბრა თავის "რუს მეგობრებზე", ყველასთვის ცნობილია, რომ მოსკოვი თეირანს ბირთვული რეაქტორის აშენებაში ეხმარება.

დიპლომატების ენა, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება ჩვეულებრივისგან...
XS
SM
MD
LG