Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რომელ კუთხეს შეიძლება აფარებდნენ თავს საერთაშორისო ტერორისტები


ტელეკომპანია "ABC"-ს ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების მოსამზადებელი ბანაკების არსებობის თაობაზე ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები მშვიდად შეხვდნენ.

გავრცელებული ცნობის მიღმა მათ საქართველოს უკონტროლო ტერიტორია, აფხაზეთი, წარმოიდგინეს და არა პანკისის ხეობა ან, ვთქვათ, ფშავ-ხევსურეთი (საქართველოს ამ მთიან კუთხეში ტერორისტული ჯგუფების არსებობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა გაავრცელა). აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების არსებობას სოხუმში გამორიცხავენ, თუმცა გამორიცხული არაფერია, მით უფრო, იქ, სადაც ვითარება კონტროლს არ ექვემდებარება. რამდენად არის საშიში აფხაზეთი, იქიდან ტერორიზმის გავრცელების თვალსაზრისით?


"პანკისის ხეობაში არ დარჩენილა ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კარგა ხნის წინ იტყობინებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ, მათ შორის, რუსულ გემის "ავრასიას" გამტაცებლების იქ ყოფნის თაობაზე." - ასეთი განცხადება მოაყოლა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ცნობას, რომელიც ტელეკომპანია "ABC"-მ გაავრცელა და რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბანაკებიდან ტერორისტები ევროპაში გადასვლას ახერხებენ, უფრო ხშირად კი თურქეთის ტერიტორიას აფარებენ თავს.

ამ ცნობასთან დაკავშირებით ვალერი ხაბურძანიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ოფიციალური სოხუმის რეაქცია დაახლოებით ისეთია, როგორიც ჩვენთან საუბრისას აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს "აფსნი პრესის" თანამშრომელმა ინალ ხაშიბმა გამოხატა:

[ინალ ხაშიბის ხმა] "ხაბურძანიამ მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთა და მას უპასუხეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტები არ იმყოფებიან, ისევე როგორც აქ არც ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკები არსებობს. აქ არსებობს გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისია, დსთ-ს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობა და მსგავსი ინფორმაცია არავის გააჩნია. ჩვენს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტრო ავრცელებს დეზინფორმაციას მოლაპარაკებების ისედაც რთული პროცესის დაძაბვის მიზნით. "


ვალერი ხაბურძანიას განცხადებაში პანკისის პრობლემიდან საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების სხვაგან გადატანის მოტივი დაინახა არძინბას რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ სამსონიამ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ პანკისის პრობლემა თითქმის აღარ არსებობს. ამას გარდა, როცა საქართველოს ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით - მით უფრო, თურქეთის მიმართულებით - ტერორისტების მოძრაობაზეა საუბარი, იოლი წარმოსადგენია, საიდან უფრო შეიძლება ხდებოდეს ეს. მარტო მიმდინარე წელს საქართველოს მხარემ თურქეთის ტერიტორიიდან აფხაზეთისკენ მოძრავი 9 გემი დააკავა და, როგორც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი განმარტავს:

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ისინი არ შემოდიან პირდაპირ საქართველოს ნეიტრალურ წყლებში. უბედურება ის არის, რომ ეს გემები შედიან რუსეთის ნეიტრალურ წყლებში, უფრო სწორად, სოჭთან უხვევენ და ნაპირით მიდიან სოხუმისკენ. ვაჰაბისტური ლიტერატურა, იარაღი - ყველაფერი შემოდის ამ გემებით რუსეთის ცხვირწინ."

უკანასკნელი ასეთი გემი საქართველოს, და არა რუსეთის, მხარის მიერ ადლერთან იქნა დაკავებული და, კიდევ, თამაზ ნადარეიშვილიც ადასტურებს ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული გემის "ავრასიას" გამტაცებლების ყოფნის თაობაზე. მისივე თქმით, აფხაზეთში საკუთარი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს მომზადებული ვაჰაბისტთა ერთ-ერთ სულიერ ლიდერს, გვარად გიცბას.

"იქ არსებობს ტერორისტთა რამდენიმე მოსამზადებელი ბანაკი და ჰეროინის რამდენიმე წარმოება, იქ რადიკალი ისლამისტები და გაურკვეველი შეიარაღებული ჯგუფები არაბული ქვეყნებიდან შედიან," - ირწმუნება აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.
XS
SM
MD
LG