Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გესაუბრებით ტროა-უდაბნოს არქეოლოგიური პროექტის განხორციელების ხელის შემშლელ მიზეზებზე


საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე გასული საუკუნის 90-იან წლებში კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 3000 წლის სიძველის უნიკალურ დასახლებათა ნაშთები აღმოაჩინა.

ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კატაკლიზმების გამო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უძლური აღმოჩნდა სრულფასოვანი გათხრები ეწარმოებინა. ამ დროიდან იწყება სწორედ უდაბნოს ექსპედიციის დაკავშირება ტროას ექსპედიციასთან. შეიქმნა ერთობლივი საზოგადოება "ტროას მეგობრები საქართველოში", რომელმაც, ტროა-უდაბნოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გერმანული მხარის დაფინანსებით, აგეგმვითი სამუშაოები დაიწყო. ტროა-უდაბნოს, 6 მილიონ დოლარად შეფასებული, ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის უცხოელი ინვესტორი, პირველ რიგში, სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფას ითხოვდა. სწორედ ამ პირობას ვერ ასრულებს ქართული მხარე: უდაბნოს ციხე-ქალაქის ტერიტორია, რომელიც 302 ჰექტარს მოიცავს, პრაქტიკულად დაცულ ზონას არ წარმოადგენს.

კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი კიაზო ფიცხელაური ტროას ექსპედიციის ხელმძღვანელის მანფრედ კორფმანის პირველ შთაბეჭდილებებს ასე იხსენებს.

[კიაზო ფიცხელაურის ხმა] "როდესაც მივიყვანე იქ პირველად და გადავახედე, იმან თქვა, ხმა არ გამცეო. მე ვუთხარი, რაშია საქმე- მეთქი და, მე ძველ აღმოსავლეთში ვდგავარო, მითხრა. თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ძველი აღმოსავლეთის სისტემაში შევდივართ ამ ძეგლების საშუალებით. ამას რაღაცა მნიშვნელობა, ალბათ, აქვს."

უდაბნოს ციხე-ქალაქის კომპლექსის დაცვის საშუალებები ისევ უცხოელი პარტნიორების დახმარებით გამოინახა. მათი მოთხოვნით დაიწყო კომპლექსის დაცულ ზონად გამოცხადების სამართლებრივი ბაზის მოგვარება, რაც ფორმალურად მოხდა კიდეც: გამოიცა პრეზიდენტის საგანგებო განკარგულება, რომლის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ტერიტორია საგარეჯოს გამგეობის - განსაკუთრებით კი მიწის მართვის სამმართველოს - მიერ, კანონის დარღვევით, მრავალწლიანი იჯარით გაიცა კერძო პირებზე. მათგან ზოგიერთმა მოიჯარემ, ძეგლის ისტორიული მნიშვნელობის გამო, ნებაყოფლობით გააუქმა ხელშეკრულება, რასაც ვერ ვიტყვით უმრავლესობაზე. ერთ-ერთმა, პაატა გორგილაძემ, ექსპედიციის წინააღმდეგ საგარეჯოს სასამართლოში საქმეც კი აღძრა. მოსარჩლე პაატა გორგილაძე სადავო ფართობიდან 44 ჰექტარის მფლობელი და მიწის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსის სიძეა. აქ კომენტარი ზედმეტია, მაგრამ მაინც:

[თემურ გოგსაძის ხმა] "კომპენსაციას არ მოითხოვს. 2002 წლის 16 ნოემბერს საგარეჯოს გამგეობამ, ახლანდელმა, ოქროცვარიძეზე მოგახსენებთ, მიიღო დადგენილება და ყველა ეს ხელშეკრულება გააუქმა, იჯარის. და ახლა ამ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომ არასწორად გაუქმდაო ეს ხელშეკრულებები."[სტილი დაცულია]

საგარეჯოს სასამართლოში დამოუკიდებელი სასარჩელე მოთხოვნა, ექსპედიციის სახელით, ადვოკატმა თემურ გოგსაძემაც შეიტანა. იგი, თავის მხრივ, რაიონის გამგეობის 97 წლის დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს. სწორედ ამ დადგენილებით გამოამჟღავნა საგარეჯოს მაშინდელმა გამგეობამ, რომ იგი სახელმწიფოებრივი ინტერესებით არ ხელმძღვანელობდა.

[თემურ გოგსაძის ხმა] "ჩვენ 96 წელს მივმართეთ საგარეჯოს გამგეობას, მაშინდელს, რომ ჩვენ ტროას ექსპედიციისათვის გვჭირდება ეს ტერიტორია და ყველა იმ გადასახადს, რომელიც, შესაძლოა, აქ სახელმწიფოს ჰქონდეს, გადავიხდით. ამას კისრულობდა მეცნიერებათა აკადემია და სხვა და სხვა. სამწუხაროდ, ერთ კვირაში მოხდა სწორედ ამ გორგილაძეებზე და სხვებზე იჯარით გაცემა. თან - ფარულად."

სასამართლო უკვე სამი თვეა საქმის განხილვას აჭიანურებს. თუ კიდევ არ გადაიდო, უახლოესი სხდომა 3 ივნისსაა დანიშნული. კახეთის ექსპედიციის ადვოკატი პრინციპულად მოითხოვს მოიჯარეთათვის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მიწის ჩამორთმევას, მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციაზე პრეზიდენტის განკარგულებაც კი მიუთითებს.

[თემურ გოქსაძის ხმა] "მე ვამტკიცებ, რომ მათ უკანონოდ აქვთ ეს იჯარით მიღებული. აქედან გამომდინარე, არანაირი ვალდებულება კომპენსაციების არ არსებობს."
XS
SM
MD
LG