Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის დაჩქარებას შეცდება


საფრანგეთიდან აშშ-ის პრეზიდენტი გაემგზავრა ეგვიპტეში, სადაც იწყება მისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. ბუშის მიზანია ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი გამოაცოცხლოს.

თეთრ სახლში ორნახევარი წელიწადი მუშაობის განმავლობაში ის პირველად შეხვდება ისრაელის და პალესტინელების თვითმმართველობის ლიდერებს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, ბუშის ადმინისტრაცია მისი წინამორბედი კლინტონის მთავრობის ყურადღებას ახლო აღმოსავლეთის მშვიდობისადმი წარბშეჭმუხნული უყურებდა. მაგრამ ახლა ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დრო მომწიფდა, რომ ბუშმა სამშვიდობო პროცესს ბიძგი მისცეს. დრო მომწიფდა, მათი აზრით, იმიტომ, რომ ერაყის რეჟიმი დაეცა, ამასთან, პალესტინის ავტონომიას ჰყავს ახალი ლიდერი, რაც ასევე კარგი პირობაა მოლაპარაკების განსაახლებლად.

ამერიკის პრეზიდენტი ისრაელის და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერებთან, არიელ შარონთან და მაჰმუდ აბასთან ერთად "საგზაო რუკად" წოდებულ სამშვიდობო გეგმას განიხილავს. ეს გეგმა აშშ-მა, გაერომ, რუსეთმა და ევროპის კავშირმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ ამ გეგმის მიზანია, პალესტინელებს 2005 წლისათვის საკუთარი სახლმწიფოს გამოცხადების პირობები შეუქმნას. თვითონ ჯორჯ ბუშს მოვუსმინოთ, მან პოლონეთში ყოფნისას, კრაკოვში, ასე ჩამოაყალიბა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის მიზნები:
[ბუშის ხმა] "მომავალ კვირაში ახლო აღმოსავლეთში პალესტინელთა და ისრაელის პრემიერებს და რეგიონის სხვა ლიდერებს შევხვდები. მე მათ შევახსენებ, რომ წინ ძნელი გადაწყვეტილებებით აღსავსე შრომაა, მე მათ შევახსენებ, რომ მშვიდობისთვის საჭიროა დავემშვიდობოთ ძველ არგუმენტებს და ძველ გზას. ვერც ერთი ლიდერი ვერ გაბედავს კიდევ თვეების და წლების გამნავლობაში შეეგუოს ადამიანების დამცირებას, მკვლელობას, უბედურებას. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მხარეებს დავეხმარო, მიაღწიონ შეთანხმებას და ეს შეთანხმება განხორციელდეს".

ჯორჯ ბუში ამ სამიტამდე, სამშაბათს, ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში აშშ-ის არაბ მოკავშირეებს შეხვდება.

ცხადია, რომ ამერიკის პრეზიდენტის ამჟამინდელი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში ნაკლებად პრეტენზიულია, ვიდრე 2000 წელს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ვიზიტი იყო რეგიონში, როცა ის ოსლოს მომაკვდავი შეთანხმების გადარჩენას შეეცადა. ამ მომეტს ასე ახსნის ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის თანამშრომელი დევიდ მაკოვსკი:
[მაკოვსკის ხმა] "ეს არ არის ბოლო, ეს დასაწყისია, მიზანი მშვიდობის დამყარება კი არა, მშვიდობისთვის ნიადაგის მომზადებაა. მიზანი ბევრად უფრო თავმდაბალია, ვიდრე 2000 წელს. მაშინ მტრობა იყო, უნდობლობა, ახლა კი პროცესის განახლების შანსი არის".

ბუშის პირველ სამიტს კონფლიქტის მხარეებთან წინ უძღოდა ამ მხარეების სიმბოლური ჟესტები. გასულ ხუთშაბათს შარონი და აბასი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ისრაელმა საშუალება მისცა ისრაელში მუშაობის უფლების მქონე ათასობით პალესტინელს თავის სამუშაოს დაბრუნებოდა. ისრაელმა მიანიშნა პალესტინელებს, რომ ის შეიძლება მიემხროს სავარაუდო ზავს, რომლის თანახმად, პალესტინელები შეწყვეტენ ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ადრე ისრაელი მოითხოვდა, რომ პალესტინელთა ავტონომიას დაეშალა ეს ჯგუფები. მაჰმუდ აბასმა გამოაცხადა, რომ სამ კვირაში შეეცდება ამგვარი შეთანხმების მიღწევას. ორივე მხარის პრემიერებმა გაცვალეს ასევე კეთილი ნების გამოხატვის ნიშნად, რიტორიკული გამონათქვამები, შარონმა პირველად იხმარა სიტყვა "ოკუპაცია" და განაცხადა, რომ ისრაელმა ადრე თუ გვიან პალესტინელთა ტერიტორია უნდა დატოვოს. აბასმა თავის მხრივ მწვავედ გაილაშქრა ტერორიმის წინააღმდეგ და თქვა, რომ მან მხოლოდ სიკვდილი და სასოწარკვეთა მოუტანა პლესტინელებს. კვლავ დევიდ მაკოვსკის მოუსმინეთ: [მაკოვსკის ხმა] "შესანიშნავია, როცა ხედავ ლიდერობას, და ეს მნიშვნელოვანია. შარონი ოკუპაციაზე ალაპარაკდა. აბუ მაზენი ამბობს, რომ ტერორიზმი ამორალურია და მან პალესტინელთა საქმეს სამართლიანობა მოაკლო. არ უნდა დავაკნინოთ მათი ლიდერობის მნიშვნელობა, ეს იქნებოდა საკვანძო მომენტი, ამ ორს შორის სიცოცხლისუნარიანი ხანგრძლივი პარტნიორობისა.

შაბათს კრაკოვში ბუშიც შეეხო ამ თემას: [ბუშის ხმა]
"დღეს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელთა ახალი ლიდერობა გმობს ტერორს7 ეს იმედის მომცემი ნიშანია, რომ მხარეებს შეუძლიათ მორიგდნენ ორი სახელმწიფოს - ისრაელის და პალესტინის - ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიან და უსაფრთხო არსებობაზე". არაბულ სამყაროში ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ბუში შეძლებს მშვიდობის დამყარებას ამ რეგინში, და რომ ის მიუკერძოებლად იმოქმედებს. მაგრამ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა მურჰაფ ჯუეჯათიმ ჩვენ "რადიოს" უთხრა, რომ მომავალი სამიტი ეგვიპტეში ამგვარ ეჭვებს მაინც გააქარწყლებს: მისი რწმენით, ბუშის ჩასვლა რეგიონში, ფიზიკური ურთიერთობა მასპინძლებთან, იქაურებს დაანახვებს, რომ ის სერიოზულად არის დაინტერესებული სამშვიდობო პროცესის განვითარებით. აშშ-ის პრეზიდენტი ეგვიპტეში მოილაპარაკებს ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან აბდულასთან, ასევე მაროკოს, იორდანიის და ბაჰრეინის მეფეებთან.
XS
SM
MD
LG