Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში რუსეთისა და აშშ-ს ენერგეტიკული ინტერესები კვლავ ერთმანეთს ეჯახება


მოსკოვსა და თბილისს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დათბობის შემდეგ რუსეთს კვლავ გაუჩნდა შანსი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების რეალიზება მოახდინოს საქართველოში,

კავკასიის რეგიონსა და უფრო შორეულ საზღვარგარეთშიც კი. ეს არა სამხედრო ძალის დემონსტრირებით, არამედ ეკონომიკური, ძირითადად კი, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებითაა შესაძლებელი. სწორედ ეს გახლავთ აშშ-ს კავკასიური პოლიტიკის მესვეურთა შეშფოთების საფუძველი.

5 ივნისს თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი კასპიის ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხებში სტივენ მენი. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული მეათე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობი და გაზი 20003"-ის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას. გამოფენაზე სტივენ მენიმ გამოაცხადა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხელი მოეწეროს სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო მარშრუტის შექმნის შესახებ. ეს განცხადება ნათლად მეტყველებს, რომ შეერთებულ შტატებს ერაყის ნავთობის გათავისუფლების შემდეგაც კი არ დაუკარგავს ინტერესი კასპიის ენერგორესურსების მიმართ.

მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი არცთუ მშვიდად უნდა გრძნობდეს თავს, რადგან საქართველოში რუსეთის კომპანია „გაზპრომი" გააქტიურდა. შეგახსენებთ, რომ „გაზპრომისა" და საქართველოს ენერგეტიკის მესვეურები ერთობლივი კომპანიის შექმნაზე შეთანხმდნენ. „გაზპრომს" არ დაუმალავს, რომ, საქართველოს ბაზრის გარდა, ის თურქეთის ათვისებითაცაა დაინტერესებული და სწორედ ამ ინტერესის გამო მზადაა საქართველოს იაფფასიანი გაზი მიაწოდოს.

საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესის ცნობით, სტივენ მენი შეშფოთებულია საქართველოში გაზპრომის გამოჩენით და იგი თბილისს სწორედ გაზპრომის საკითხის გასარკვევად ესტუმრა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე დამკვიდრება ტრანსკასპიური ენერგეტიკული დერეფნის პროექტის პოლიტიკურ მნიშვნელობას შეასუსტებს და პროექტში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ნაწილს ეკონომიკურ საფუძველსაც გამოაცლის. თუმცა კასპიის ენერგეტიკული პროექტების ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე სხვაგვარად ფიქრობს.

[თვალჭრელიძის ხმა] „გაზპრომის ასეთი განცხადებები ხშირად გვსმენია ჩვენ და ნაადრევია, მის ქვეშ არავითარი ფულადი ნაკადები არ დევს. შაჰდენიზის პროექტზე 10 წლის წინ ლაპარაკობდნენ, არა? სანამ გაზპრომის პროექტები განხორციელდება, კიდევ 10 წელი გავა და ამასობაში ბაზრის სტრუქტურა იქნება ჩამოყალიბებული და იქ შემოჭრა ძალიან რთული იქნება."

როგორც ცნობილია, გაზპრომი საქართველოსთან ერთობლივი პროექტების წამოწყებას ჯერ კიდევ 2001 წელს აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, რუსული კომპანიების სწრაფვა, როგორმე შეაღწიონ თურქეთის ბაზარზე, ანგარიშგასაწევ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური მარშრუტისთვის, რადგან გაზპრომისგან მოულოდნელი გააქტიურებაც არაა გამორიცხული. ამის ნათელი მაგალითია თურქეთში რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტის ცისფერი ნაკადის დაჩქარებული რეალიზება.

საქართველოს ხელისუფლებას კი ამ ენერგეტიკულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაში რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს - 4-5 წელი ელოდოს ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის ბუნებრივ აირს თუ მომავალ ზამთარს რუსული გაზით გამთბარი შეხვდეს.
XS
SM
MD
LG