Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა ისრაელმა დაუნდობელი ომი გამოუცხადა პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჰამასს", რომელმაც თავის თავზე აიღო იერუსალიმში ოთხშაბათს მომხდარი ტერორისტული აქტისთვის პასუხისმგებლობა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში აიფეთქა თავი, რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმავე დღეს ისრაელის შვეულმფრენებმა "ჰამასის" ობიექტებზე მიიტანეს იერიში ღაზის სექტორში; რეიდის დროს ათი პალესტინელი იქნა მოკლული.


"პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი ახალგამოჩეკილი წიწილაა ბუმბულის გარეშე. და ვიდრე ბუმბული არ გაეზრდება ჩვენ მას ტერორთან ბრძოლაში უნდა დავეხმაროთ" - განაცხადა მთავრობის კაბინეტის საგანგებო სხდომაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა.

პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში შეუძლებელი გახადა პალესტინელთა უშიშროების ძალებისთვის ესტრემისტების ალაგმვა.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი, რომელმაც დაგმო ავტობუსის აფეთქება იერუსალიმში, როგორც ტერორისტული აქტი, მოლაპარაკებათა გზით ცდილობს "ჰამასისა" და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებათა დაყოლიებას, რომ მათ შეწყვიტონ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა. აბასი შიშობს, ვაი თუ პალესტინელებს შორის სამოქალაქო ომი გამოიწვიოს ხსენებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ.

"ჰამასმა", რომელიც "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგია, გასულ პარასკევს შეწყვიტა აბასთან მოლაპარაკება და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი იმაში დაადანაშაულა, რომ უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაზე 4 ივნისს იორდანიის ქალაქ აქაბაში, აბასი, ვეებერთელა დათმობებზე წავიდა ისრაელთან.

აშშ-ის ელჩმა ისრაელში დანიელ კურტცერმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ სილვან შალომთან მოლაპარაკების შემდეგ იერუსალიმში განაცხადა, რომ ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც სამშვიდობო გეგმის შესრულებას უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა, სულ მალე ეწვევა ისრაელს. მაგრამ, "ჰამასის" საჯარო განცხადებები, რომ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები ისრაელზე, და მეორეს მხრივ არიელ შარონის მუქარა - ბოლო მოუღოს რეგიონში პალესტინელ ექსტრემისტთა თარეშს, ეჭვქვეშ აყენებს უკვე "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განხორციელების პერსპექტივას.

ამ გეგმის თანახმად, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ უნდა განაიარაღოს ექსტრემისტთა ყველა დაჯგუფება, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ დასახლებათა მშენებლობა, ხოლო არსებული დასახლებები დაანგრიოს, რაც პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებით უნდა დაგვირგვინდეს 2005 წელს.

ხუთშაბათს, იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა განაცხადა, რომ თუ ტერორისტული თავდასხმები არ შეწყდება, არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ გაიმართება პალესტინელებთან.
XS
SM
MD
LG