Accessibility links

logo-print

რელიგიური შეუწყნარებლობა საქართველოს მუდმივი პრობლემა ხდება


დავით პაიჭაძე, თბილისი რელიგიური შეუწყნარებლობა, განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილისათვის სამთვიანი პატიმრობის შეფარდების მიუხედავად, მწვავე პრობლემად რჩება საქართველოში.

დღემდე დარბევათა დაუსჯელად დატოვებამ, ჩანს, უკვე გამოიღო შედეგი, რომელსაც იმთავითვე ხედავდნენ უფლებადამცავი ორგანიზაციები და ამის გამო საზოგადოებასაც აფრთხილებდნენ: შეუწყნარებლობის მუხტი გაღვივდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად გადადის მოქალაქეთა ცემაში, საკუთრების განადგურებასა და მორალურ შეურაცხყოფაში. ბოლო თვენახევრის მანძილზე საქართველოში რამდენიმე ასეთი შემთხვევა მოხდა: 4 მაისს სოფელ ორთაშენში მართლმადიდებლობის სახელით ჩაშალეს იეჰოვას მოწმეთა შეკრება, 1 და 15 ივნისს გლდანი-ნაძალადევის რაიონში ჩაშალეს ორმოცდაათიანელთა შეკრებები, ამჯერად - პოლიციის სრული პასიურობის ფონზე. მინდა მოგითხროთ რელიგიურ საფუძველზე მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტზე.

ინციდენტი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მოხდა 15 ივნისს. ამ დროს ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა სოფლის ბაპტისტური ეკლესია. ფაქტი დაგვიდასტურა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა [სონღულაშვილის ხმა]: "სულთმოფენობა დილას, 4 საათზე, ვიღაც მივიდა იქ "კოლხოზნიკის" ტიპის მანქანით და 30-45 წუთში ადგილობრივი მოსახლეობა გააღვიძა ცეცხლმოდებული კრამიტისა და შიფერის ლაწალუწმა. ეს იყო ნაგებობა, რომელიც ეკლესიად იყო გადაკეთებული; ქვითკირის საკმაოდ კაპიტალური შენობა იყო".

15 ივნისს პოლიცია ახალსოფელში სრულიად უმოქმედოდ იყო: არ დაინტერსებულა, რამ დაწვა შენობა. ამბის გახმაურების შემდეგ კიდევ ერთი დღე გახდა საჭირო, რომ ინციდენტი, ასე ვთქვათ, პოლიციის ყურამდე მისულიყო. საქმე მხოლოდ სამშაბათს, 17 ივნისს, აღიძრა. მე დავუკავშირდი ამჟამად ყვარელში მყოფ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის წევრს ლელა ქართველიშვილს და ვკითხე, თუ მიიტანა კონკრეტულ პირზე პოლიციამ ეჭვი. პასუხად მივიღე, რომ არსებობს წინაპირობა ეჭვის მისატანად [ქართველიშვილის ხმა]: "იმუქრებოდა ადგილობრივი მღვდელი, მამა ბესარიონ ზურაბაშვილი. მას ცოტა ბნელი წარსული აქვს. - ბნელი წარსული რას ნიშნავს (დ.პ.)? - შავ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი, მღვდლობიდანაც გააგდეს და მერე ვიღაც-ვიღაცების ჩარევით აღადგინეს და ახლაც აქვს ამ შავ სამყაროსთან რაღაც ურთიერთობა. ის იმუქრებოდა ღიად, მთელმა სოფელმა იცის. მაგრამ გამოძიების გარეშე ხელს ვერავინ დაადებს, რადგან ეს მოხდა ღამით და დაფარულად".

გარკვეული ფაქტები პოლიციას უკვე აქვს: კერძოდ, ცნობილია, რომ დიზელის საწვავი წინასწარ შეიტანეს და მიმოასხეს შენობაში. გარდა ამისა, მალხაზ სონღულაშვილის მიერ ნახსენები "კოლხოზნიკის" მარკის ავტომობილით ახალსოფელში სწორედ მღვდელი ბესარიონ ზურაბაშვილი დადის. მანქანისა და წაკიდებული ცეცხლის თვითმხილველებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ყვარლის რაიონის გამგებელს თემურ ბერიანიძეს, რომელიც წარმოშობით ახალსოფლიდანაა, ცეცხლის წაკიდების ვერსია უფრო სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან დამწვარი შენობის ირგვლივ მწვანე საფარია და მას ცეცხლი ვერსაიდან გადაედებოდა. მით უმეტეს, ირგვლივ არაფერია დამწვარი. რაც შეეხება მღვდელ ზურაბაშვილის შესაძლო მონაწილეობას ამ საქმეში, გამგებელი ამბობს [ბერიანიძის ხმა]: "დღეს მომცეს ეს ინფორმაცია და აუცილებლად გადავამოწმებ. საერთოდ, ჩემთვის, როგორც გამგებლისა და როგორც ახალსოფლელისთვის, პირველად წამოიჭრა ეს პრობლემა, რომ ამ სოფელში რელიგიურ მიმდინარეობებს შორის წინააღმდეგობები იყო. არასდროს არ გამიგია".
XS
SM
MD
LG