Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონორები ცენტრალური საავტომობილო გზების აღდგენაში გვეხმარებიან


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საავტომობილო გზები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც საქართველო მოსკოვიდან ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სოლიდური თანხებით სუბსიდირდებოდა, წარმოადგენდა ტრადიციულ პრობლემას.

სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, როდესაც სახელმწიფოს აღდგენითი სამუშაოებისათვის რესურსი აღარ დარჩა. მხოლოდ ბოლო ორი წელია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ცენტრალურ მაგისტრალებზე სარემონტო სამუშაოები განახლდა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და როგორ მიმდინარეობს აღდგენითი პროექტები.

საქართველოსათვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის შეძენა, რომლის შესახებ ამბიციურ განაცხადს აკეთებს ხელისუფლება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე ლიტონ განცხადებად დარჩება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორების დახმარებით მაგისტრალურ გზებზე ამ მხრივ სიტუაციის ოდნავ გამოსწორება დაიწყო. გზების შეკეთება საქართველოში ე.წ. კუვეიტური კრედიტის და მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. თუმცა ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალურ გზატკეცილებს ეხება, ხოლო შიდა საქალაქო თუ რაიონული მნიშვნელობის გზები თანხების უქონლობის გამო ისევ სავალალო მდგომარეობაშია.

სახელმწიფო საგზაო დეპარტამენტის ცნობით, უკვე ამ თვეში დასრულდება საქართველო-სომხეთის საზღვრისპირა მარნეული-სადახლოს 10 კილომეტრის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია, რომელიც კუვეიტის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ორი ქვეყნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი აქამდე დიდ პრობლემას უქმნიდა ავტომფლობელებს და მნიშვნელოვნად ამცირებდა საქართველოსა და სომხეთს შორის ტვირთბრუნვას.

დაახლოებით ოქტომბრისათვის ვარაუდობენ სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას. ამ დროისათვის უნდა დასრულდეს 5 კილომეტრიანი შემოვლითი გზა და 215 მეტრიანი ხიდის მშენებლობა ფოთის რაიონში.

დასრულება კუვეიტის ფონდის მიერ ფინანსირებული პროექტისა, რომელიც 2000 წლიდან მიმდინარეობს, ამ წლის ბოლოს არის დაგეგმილი. ამ პროექტის საერთო ღირებულება 23 მილიონ 900 ათასი აშშ დოლარია, საიდანაც კუვეიტის ფონდის კრედიტის წილი 16 მილიონს უტოლდება, ხოლო ქართული მხარის თანადაფინანსებაზე 7 მილიონ 700 ათასი მოდის. დღეისათვის ამ პროექტიდან 9 მილიონ 400 ათასი დოლარია ათვისებული.

მეორე სერიოზულ პროექტს საერთაშორისო მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციისათვის მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მის ფარგლებში 2004 წლისათვის 440 კილომეტრიანი საავტომობილო გზის აღდგენაა ნავარაუდევი. ამ პროექტის ღირებულება 55 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 40 მილიონს მსოფლიო ბანკი გაიღებს.

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები თვისებრივად სხვა ხარისხით მიმდინარეობს, ვიდრე ეს იმავე საბჭოთა პერიოდში ხდებოდა, და აღდგენილი გზატკეცილები საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. თუმცა ეს პროექტები მხოლოდ შედარებით მცირე მონაკვეთებს ეხება და იგი მთლიანად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენას ვერ შეძლებს.
XS
SM
MD
LG