Accessibility links

logo-print

აშშ, მისი მოკავშირეები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო


თითქმის ხუთი წელია გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ე.წ. რომის სტატუტს - რეზოლუციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ,

რომლის წინაშე უნდა წარდგნენ უმძიმესი დანაშაულების ჩამდენები: იქნება ეს გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულებისა თუ სამხედრო დანაშაულების შემთხვევები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მართალია, სასამართლო მუშაობას უკვე შეუდგა, მაგრამ საქართველოში ჯერ არ მომხდარა ხუთი წლის წინ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება. სამაგიეროდ, თბილისმა აშშ-თან გააფორმა ორმხრივი ხელშეკრულება, ე.წ. “ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის აქტი”, რომლის მიხედვით ამერიკელი მოქალაქე, თუ მან დანაშაული ჩაიდინა და საქართველოში იმყოფება, საერთაშორისო ტრიბუნალს კი არა თავისსავე სამშობლოს გადაეცემა. იგივე ეხება აშშ-ში მყოფ ქართველ მოქალაქეებსაც. ასეთი ორმხრივი ხელშეკრულება აშშ-ს კიდევ სულ ცოტა 45 ქვეყანასთანა აქვს გაფორმებული. ხოლო 35 ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს ამერიკელების საგანგებო დაცვაზე, ერთგვარი დამსჯელი ზომა ამოქმედდა - მათ ვაშინგტონმა 50ი მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გაუუქმა.

აშშ-ში მოქმედი კანონით, პრეზიდენტს უფლება აქვს, შეცვალოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნისათვის სამხედრო დახმარების გაუქმების საკითხზე. მაგრამ ჯორჯ ბუშმა ამჯობინა, არ ესარგებლა ამ უფლებით და მიემხრო დახმარების გაუქმებას ქვეყნებისათვის, რომელთა შორის ვაშინგტონის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - მაგალითად, კოლუმბია (ვაშინგტონის მთავარი მოკავშირე ნარკობიზნესის წინააღმდეგ ომში) ან ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 6 ქვეყანა - ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, სლოვენია და სლოვაკეთი (ვაშინგტონის მომხრეები ერაყის საკითხში). როგორც ცნობილია, ევროპის ეს 6 ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად ემზადება და მოვალეა, ანგარიში გაუწიოს ევროკავშირს, რომელიც გაწევრიანების კანდიდატებისაგან კატეგორიულად მოითხოვს, უარი თქვან საერთაშორისო ტრიბუნალის დასუსტებაზე, რასაც ამერიკელებთან საგანგებო იმუნიტეტზე ხელშეკრულების დადება იწვევს.

ლიტვის წარმომადგენელ როლანდას კაცინსკასის აზრით, 6 ქვეყანა მძიმე არჩევანის წინაშე დგას. კაცინსკასმა, რომელიც ვაშინგტონში ლიტვის საელჩოს პრეს-მდივანია, ჩვენს კორესპონდენტ ჯეფრი დონოვანთან საუბარში გაიხსენა წლევანდელი მაისი, როცა ჯორჯ ბუშმა კრაკოვში წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, “ერაყის საკითხმა პოლონეთი აიძულა აერჩია, ყოფილიყო ან ევროპის, ან კიდევ ამერიკის კარგი მოკავშირე”. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხმა, კაცინსკასის აზრით, იგივე არჩევანის წინაშე დააყენა ნატოში გაწევრიანების 6 კანდიდატი ქვეყანა.

[კაცინსკასის ხმა] “საუბედუროდ, სამხედრო დახმარება გაგვიუქმეს. რასაკვირველია, გაწბილებული ვართ იმით, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის არჩევანი უნდა გავაკეთოთ”. კაცინსკასის ინფორმაციით, მისი ქვეყანა ვაშინგტონის გადაწყვეტილების შედეგად წლიურად 4 მილიონ დოლარს დაკარგავს.

უკმაყოფილება არ დაუმალავს არც სლოვაკეთის რწმუნებულს ვაშინგტონში, პეტერ კმეჩს, რომელსაც იმედი აქვს, რომ სამხედრო დახმარება ისევ აღდგება, როგორც კი 6 ქვეყანა ნატოში გაწევრიანდება 2004 წლის მაისში. ლატვიის წარმომადგენელი რიჰარდ მუცინსი კი ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: [მუცინსის ხმა] “საქმე ის არის, რომ ლატვია, ისევე როგორც დანარჩენი ქვეყნები არამარტო ნატოში, არამედ ევროკავშირში გასაწევრიანებლადაც ვემზადებით. და ვფიქრობთ, რომ ყველას სარგებელს მოუტანდა, ამ საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგება რომ არსებობდეს. დღეს ასეთი ურთიერთგაგება არა ჩანს”.

შეერთებული შტატები, თურქეთის გარდა, ნატოს ერთადერთი წევრია, რომელიც საერთაშორისო ტრიბუნალის წინააღმდეგ გამოდის იმ მიზეზით, რომ ტრიბუნალი, შესაძლოა, ამერიკელი სამხედროების პოლიტიკური დევნისათვის გამოიყენონ. დაბოლოს, ტრიბუნალის მოწინააღმდეგები არიან აგრეთვე ჩინეთი, ლიბია და რუსეთი - ქვეყნები, რომელთაც ვაშინგტონი, როგორც ცნობილია, ხშირად ადანაშაულებს ადამიანის უფლებების ხელყოფაში.
XS
SM
MD
LG