Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის არჩევანი: პარტნიორობა ან მეტოქეობა


ოპოზიციის გაერთიანების ხანგრძლივი მცდელობა ორიოდე კვირის წინ უშედეგოდ დასრულდა და პარტიებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძეს არჩევნებისთვის მზადება. ბოლო დღეებში კი ნაციონალურ

მოძრაობასა და გაერთიანებულ დემოკრატებს შორის კონსულტაციები განახლდა. რა შეიძლება დაედოს საფუძვლად ორი საარჩევნო სუბიექტის ხელახალ დაახლოებას? რატომ შეიძლება განხორციელდეს მომავალში ის, რაც წარსულში შეუძლებელი აღმოჩნდა?


ოპოზიციის ან მისი ნაწილის საარჩევნო გაერთიანება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი სავარაუდო გაერთიანების თითოეული სუბიექტი ამას თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს. ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.

თუმცა ამ პარტიათა ლიდერები დიდხანს დაბეჯითებით არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ერთად იბრძოლებდნენ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ამგვარი განცხადებები ქმნიდა ილუზიას, რომ ახალი თაობის ლიდერები პარტნიორულ ურთიერთობებს შეინარჩუნებდნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ შეძლებდა. ეს ილუზია ეყრდნობოდა მოდელირებულ სიტუაციას, თითქოს შესაძლებელი იყო ოპოზიციური ხმების მშვიდი გადანაწილება რამდენიმე პარტიას შორის: რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი მხარს დაუჭერდა ნათელაშვილს ან სააკაშვილს; ზომიერად განწყობილი ამომრჩეველი ხმას მისცემდა ჟვანიას ან გამყრელიძეს; აღორძინება, ტრადიციულად, აჭარის მოსახლეობის ხმებს მოკრებდა; ხელისუფლება კი ადმინისტრაციულ რესურსს დაეყრდნობოდა.

სინამდვილეში, პარტნიორობა, გაერთიანების გარეშე, შეუძლებელი აღმოჩნდა. რეალობა ასეთია: ერთი მხრივ, არსებობს სახელისუფლო ბლოკი და მისი პოლიტიკური ოპონენტი – ოპოზიცია. ოპოზიციის თითოეული სეგმენტი, ერთად თუ ცალ-ცალკე, დაპირისპირებულია სახელისუფლო ბლოკთან. მეორე მხრივ, თავად ოპოზიცია შედგება რამდენიმე პარტიისგან, რომლებიც არჩევნებში ან ერთმანეთის პარტნიორები უნდა გახდნენ, ან ერთმანეთის მეტოქეები უნდა აღმოჩნდნენ. საქმე ისაა, რომ ახალი თაობის ლიდერებიდან თითოეულს საპრეზიდენტო გეგმები აქვს. საპარლამენტო არჩევნები კი სწორედ ის ასპარეზია, რომელმაც მათი პოზიციები უნდა გაამყაროს მომავალ მეტოქეებთან ბრძოლაში. ზურაბ ჟვანიასთვის და ნინო ბურჯანაძისთვის უმჯობესია, საპარლამენტო ბარიერი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გადალახონ და დაპირისპირება სამომავლოდ გადადონ. შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი და დავით გამყრელიძე კი მიიჩნევენ, რომ მათთვის სასარგებლოა, პოტენციურ მეტოქეებს ძალა საპარლამენტო არჩევნებშივე აჩვენონ. საკითხავი სწორედ ისაა, როდის დაიწყება ღია ბრძოლა პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად - საპარლამენტო არჩევნებამდე თუ მის შემდეგ.

ამ ვითარებაში ბუნებრივად დაახლოვდა ჟვანიასა და ბურჯანაძის პოზიციები, რასაც მოჰყვა ჟვანიას მხარდამჭერი ინტელიგენციის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მისი აღიარება ოპოზიციის პირველ ლიდერად. ეს კი პირდაპირ ნიშნავდა ჟვანია-ბურჯანაძის ტანდემის მხრიდან ბრძოლის გამოცხადებას დანარჩენი ოპოზიციური ლიდერებისა და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელსაც თავად აქვს პრეტენზია პირველ ლიდერობაზე.

როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სწორად გაიგო და შეაფასა ის “მესიჯი”, შეტყობინება, რომელიც მისი მისამართით გაგზავნეს: თუ არ შედგება პარტნიორობა გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში, მაშინ დაიწყება დაუნდობელი დაპირისპირება ოპოზიციის დამოუკიდებელ სეგმენტებს შორის. ხმების “წყნარი” გადანაწილება კი გამორიცხულია.

ასე რომ, ახლა ოპოზიციის ლიდერებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ, რა პოზიციას აირჩევენ საპარლამენტო არჩევნების წინ: გაერთიანებას და პარტნიორობას თუ ცალ-ცალკე გამოსვლას და ომს ყველას წინააღმდეგ. რაკი “დემოკრატებსა” და “ნაციონალებს” შორის კონსულტაციები დაიწყო, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი პირველია, ვინც დაიჯერა პოტენციური მეტოქეების ძალა და რეალურად შეაფასა მათგან მომდინარე საფრთხე.
XS
SM
MD
LG