Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ უფრო მძაფრდება კრიტიკა აშშ-ის ანტიტერორისტული კანონის მისამართით


ანდრო ეული, პრაღა ორიოდე კვირა თუ იქნებოდა გასული შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან, როცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ჯონ ეშკროფტი ჩვენებით გამოვიდა სენატის იურიდიულ კომიტეტში.

მან თქვა, რომ მოქმედი კანონები არ შეესაბამება იმ ტერორისტულ მუქარას, რომლის წინაშეც შეერთებული შტატები აღმოჩნდა [ჯონ ეშკროფტის ხმა]: "ტექნოლოგიამ მნიშვნელოვნად გაუსწრო ჩვენს შესაძლებლობებს. როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, სამართალდამცავთათვის ათეული წლების წინათ შექმნილი ხელსაწყოები გათვლილი იყო არა ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტისა თუ მობილური საკომუნიკაციო საშუალებების, არამედ მოძველებული ტელეფონებისთვის. და ყოველი დღე, როცა ჩვენ ესოდენ მოძველებული საშუალებებით ვსარგებლობთ, ტერორისტების აშკარა უპირატესობით აღინიშნება. ვიდრე კონგრესი არ შეცვლის არსებულ ვითარებას, ჩვენი ბრძოლა ფუჭი და ამაოა."

სულ მალე, კონგრესმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღო ახალი კანონი - "აშშ-ის პატრიოტული აქტი". თუმცა კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ახალი კანონი იმდენად აფართოებს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას, რომ ამან, შესაძლოა, შეზღუდოს ამერიკელ მოქალაქეთა თავისუფლებები და სამართალდამცავთა მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაც გამოიწვიოს.

და აი, დღეს, სამოქალაქო თავისუფლებათა ამერიკელი აქტივისტები და იმიგრანტთა უფლებების დამცველნი აცხადებენ, რომ მათი შეშფოთება გამართლდა.

საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ახლახან წარუდგინა კონგრესს იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექტორმა, მოყვანილია ვრცელი ნუსხა იმ შემთხვევებისა, როცა ხსენებული სამინისტროს თანამშრომლებმა "აშშ-ის პატრიოტული აქტის" ძალით დაპატიმრებულთა მოქალაქეობრივი უფლებები დაარღვიეს.

ორშაბათს, გაზეთმა "ნიუ იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილია, როგორ უდიერად ექცეოდნენ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ 11 სექტემბრის შემდეგ დაპატიმრებულ რამდენიმე არაბსა და მუსლიმანს
გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაკები, აგრეთვე, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებისა და ციხეების ბიუროს თანამშრომლები. გაზეთი იუწყება ამასთანავე, რომ გენერალურმა ინსპექტორმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობას უწევს ზედამხედველობას, მოამზადა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც აღნუსხულია მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მომხდარი პატიმართა უფლებების დარღვევის 34 უტყუარი ფაქტი.

ერთ შემთხვევაში ექიმს, სამედიცინო შემოწმებისას, პატიმრისთვის უთქვამს: "უფლება რომ მქონდეს, ყოველ თქვენგანს სიკვდილით დავსჯიდიო". ხოლო მეორე შემთხვევაში ციხის ზედამხედველმა მაჰმადიან პატიმარს უბრძანა გაეხადა პერანგი, რის შემდეგაც ზედამხედველმა პერანგით ფეხსაცმელი გაიწმინდა.

ეს არის იუსტიციის სამინსტროს გენერალური ინსპექტორის მეორე საანგარიშო მოხსენება განვლილი 6 კვირის მანძილზე.

როგორც ვაშინგტონის ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭოს ეროვნული კონტაქტების განყოფილების ხელმძღვანელმა იბრაჰიმ ჰუპერმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში თქვა, პატიმართა უფლებების დარღვევა იმით არის გამოწვეული, რომ "აშშ-ის პარტიოტული აქტის" მიღებამ შექმნა იმგვარი ატმოსფერო, როცა სამართალდამცავ უწყებათა თანამშრომლებს ჰგონიათ, რომ მათ ყველაფერი ეპატიებათ.
XS
SM
MD
LG