Accessibility links

logo-print

უფლებადამცავ ორგანიზაციათა მუშაობის ზოგიერთი პრინციპის შესახებ


იშვიათად თუ გაივლის დღე, ჩვენს გადაცემებში

ამა თუ იმ კონტექსტში არ ვახსენოთ "ამნესტი ინტერნეშნლი" ან "ჰიუმან რაიტს უოჩი" - ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც ათწლეულების მანძილზე ნაყოფიერი და უკომპრომისო მოღვაწეობით მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭეს. მოკლედ, ამ ორგანიზაციების სახელები ყველას გაგონილი გვაქვს, მათზე ვლაპარაკობთ და ვწერთ; მაგრამ კონკრეტულად რა ვიცით მათი საქმიანობის შესახებ? როგორ აგროვებენ ისინი ფაქტებს? როგორ ადგენენ წყაროების სანდოობას? რა სიძნელეებს აწყდებიან იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობა უხდებათ? სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება ყოველკვირეული პროგრამა "უხილავი ფარდა", რომლის დღევანდელი გამოშვება რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ჯერემი ბრანსტენის დახმარებით მოვამზადეთ.

1961 წელს ლონდონელი იურისტი პიტერ ბენენსონი რომელიღაც გაზეთში წააწყდა ცნობას პორტუგალიელ სტუდენტთა ჯგუფზე, რომლებიც ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მხოლოდ იმისთვის გაასამართლა და ციხეში ჩასვა, რომ ერთ-ერთ რესტორანში სტუდენტებმა თავისუფლების სადღეგრძელო წარმოთქვეს.

მშრალმა საგაზეთო ცნობამ ბენენსონსა და მის რამდენიმე თანამოაზრეს - ძირითადად იურისტებსა და ჟურნალისტებს - უბიძგა, დაეწერათ და გაზეთ "ლონდონ ობზერვერში" გამოექვეყნებინათ წერილი სათაურით "მოწოდება ამნისტიისკენ". წერილში მოთხრობილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დატყვევებული ექვსი პოლიტიკური პატიმრის ამბავი; თავგადასავლები ადამიანებისა, რომლებსაც თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შედედულებებისა თუ რელიგიური მრწამსის მიზეზით დაეკარგათ. სტატიის ავტორები მსოფლიოს მთავრობებს პატიმართა გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო "ლონდონ ობზერვერის" მკითხველებს სთავაზობდნენ, ანალოგიური მოწოდებებით მიემართათ შესაბამისი მთავრობებისთვის.

მკითხველთა რეაქციამ ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ასე დაიბადა "ამნესტი ინტერნეშნლი". დღეს ეს ამ ტიპის უდიდესი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელსაც ასზე მეტ ქვეყანაში მილიონზე მეტი წევრი ჰყავს. ორგანიზაციის მიზნები უცვლელია: ე.წ. "სინდისის პატიმრების" გამოსარჩლება, ადამიანთა წამების, პოლიტიკური მკვლელობებისა თუ გატაცებების აღკვეთა, დედამიწაზე სიკვდილით დასჯის გაუქმება. ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს 140-ზე მეტ ანგარიშს ცალკეულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

"ამნესტი ინტერნეშნლთან" შედარებით "ჰიუმან რაიტს უოჩი" უფრო ახალგაზრდა ორგანიზაციაა, თუმცა თავისი საქმიანობის 25 წლის მანძილზე მანაც არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწრო. 1978 წელს დაარსებული ეს ორგანიზაცია თავდაპირველად საბჭოთა კავშირისა და ე.წ. "აღმოსავლეთი ბლოკის" სახელმწიფოებში ჰელსინკის შეთანხმებათა შესრულებას მეთვალყურეობდა, დღეს კი მისი საქმიანობა უფრო ფართოა. "ჰიუმან რაიტს უოჩს" 150 შტატიანი თანამშრომელი ჰყავს, რომელთა დიდი ნაწილი აქტიურად მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმნუსხველი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში.

როგორც ერთ, ისე მეორე ორგანიზაციას, ხშირად უხდება, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული შენიშვნების მოსმენა ამა თუ იმ მთავრობისგან, რომლებიც უფლებადამცავებს არცთუ იშვიათად სიცრუესა და ფაქტების გაყალბებაში სდებენ ბრალს. ასეთ ბრალდებებს უფლებადამცავები მშვიდად ხვდებიან. მეტიც, მათ კომპლიმენტებად და საკუთარი გარჯის დაფასებადაც აღიქვამენ.

ბევრს ჰგონია, რომ "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" კრიტიკის ობიექტი მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ავტორიტარული სახელმწიფოები არიან. სინამდვილეში ასე არ არის. მაგალითად, 2002 წლის ანგარიშში "ამნესტი ინტერნეშნლმა" მძაფრად გააკრიტიკა აშშ იმისთვის, თუ როგორ დააკავა ამ ქვეყნის ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 1200-მდე ადამიანი.

რა პრინციპით ირჩევენ უფლებადამცავები ცალკეულ დარღვევებს, როგორ ახერხებენ მრავალრიცხოვან დარღვევებს შორის ისეთი ფაქტების დადგენას, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღებას ყველაზე მეტად იმსახურებს? რადიო "თავისუფლებამ" ამ შეკითხვებით მიმართა "ამნესტი ინტერნეშნლის" თანამშრომელს ივან ფიშერს, რომლის საქმიანობის გეოგრაფიული სფერო ცენტრალური ევროპის რეგიონი გახლავთ.

[ივან ფიშერის ხმა] "ჩვენ ვირჩევთ შემთხვევებს, რომლებიც ყველაზე ტიპურია ამა თუ იმ ქვეყანაში მომხდარი დარღვევებისთვის. მხოლოდ ცალკეული, ინდივიდუალური საქმეებით არის შესაძლებელი, დავხატოთ მოდელი, რომლის მიხედვითაც დარღვევა ხდება, ვუჩვენოთ, რამდენად მძიმეა ვითარება. ამიტომ არის, რომ "ამნესტის" მიერ აღრიცხული ყველა საქმის უკან პიროვნება დგას, მაშინაც კი, როცა თვით საქმე ზოგადი ხასიათისაა. ჩვენს ანგარიშებში მუდამ გამოვიყენებთ ინფორმაციას ცალკეული პირების შესახებ."

"ამნესტი ინტერნეშნლმა" არსებობის პირველივე წლებიდან დაიწყო ზრუნვა კორესპონდენტებისა და ექსპერტების ისეთი საერთაშორისო ქსელის თანდათან შექმნაზე, რომელიც - ცალკეულ ქვეყნებში სარწმუნო წყაროებთან მჭიდრო კავშირის გზით - უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას.

ინფორმაციის სანდოობასა და ფაქტების უტყუარობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს "ჰიუმან რაიტს უოჩიც". მართალია, მას ხშირად რესპონდენტების სახელების დამალვა უხდება, მაგრამ, როგორც ამ ორგანიზაციის ტაშკენტის ბიუროს ხელმძღვანელი მატილდა ბოგნერი ამბობს, მთავარი სხვა რამ არის:

[მატილდა ბოგნერის ხმა] "იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, ვისაც ჩვენ ველაპარაკებით, სამწუხაროდ, არ სურს, რომ მათი სახელები გავამჟღავნოთ. რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ხალხს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტაქტისთვის სდევნიან. მაგრამ ჩვენს ანგარიშებში ამ ადამიანთა სახელების არხსენება პრობლემა არ არის, თუკი მათი ვინაობა ჩვენთვის მაინც არის ცნობილი."

ცხადია, უფლებადამცავ ორგანიზაციებს განსაკუთრებით დიდი სირთულეები ექმნებათ იმ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, სპეცსამსახურები კი დღედაღამ უთვალთვალებენ უცხოელ მოქალაქეებს - ანუ იქ, სადაც ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობა ყველაზე მეტად არის საჭირო. თუმცა, სწორედ მათი მოღვაწეობის საჭიროებაა ის, რასაც ავტორიტარული ქვეყნების მთავრობები ეჭვქვეშ აყენებენ. ამ უკანასკნელთა არგუმენტი ასეთია: გაეროში მოქმედებს საგანგებო კომიტეტი, რომლის ამოცანაა, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტები; მაშ რაღა საჭიროა ამავე პროფილის კერძო ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობების მიმართ ანგარიშვალდებული არ არიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ "ჰიუმან რაიტს უოჩის" ნიუ იორკის შტაბ-ბინის თანამშრომელს აკეიშა შილდსს:

[აკეიშა შილდსის ხმა]: "ჩემი აზრით, დღეს სამოქალაქო საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ადგილი მყარად აქვთ დამკვიდრებული. მიმდინარე დიალოგში ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ამიტომ აუცილებელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იქცნენ ნაწილად აზრთა გაცვლა-გამოცვლის პროცესისა სამთავრობო ორგანიზაციებს (მაგალითად გაეროს) და რიგით მოქალაქეებს შორის. ვფიქრობ, "ჰიუმან რაიტს უოჩის" ტიპის ორგანიზაციათა საჭიროება საყოველთაოდ არის აღიარებული."

ყოველ შემთხვევაში, ის მაინც აშკარაა, რომ ბოლო წლებში "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" საერთაშორისო ავტორიტეტი განუხრელად იზრდება, ისევე, როგორც იზრდება ამ ორგანიზაციების მიმართ მასმედიის ინტერესი.

ზუსტად ერთ კვირაში, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის შემდეგ გამოშვებაში, გესაუბრებით იმაზე, თუ რა შედეგი მოაქვს "ამნესტი ინტერნეშნლისა" და "ჰიუმან რაიტს უოჩის" საქმიანობას ავტორიტარულ სახელმწიფოებში.
XS
SM
MD
LG