Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისური ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში: რუსეთი


ჩვენს რადიოში, დერეფანში გასული კაცი ხშირად ხვდება ჟურნალისტებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან.

მათ, ყაზახ თუ სომეხ, უკრაინელ თუ ლიტველ, აზერბაიჯანელ თუ რუს კოლეგებს, რუსულად ვესალმებით და ვესაუბრებით. აი, ახალგაზრდა თაობის, ჩვენი შვილების საკომუნიკაციო ენა კი რუსული აღარ არის - ის ინგლისურმა განდევნა და, როგორც ირკვევა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთა, თუნდაც ჩვენს შემთხვევაში. რუსული ენა თანდათან თმობს პოზიციებს ერთ დროს საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების ტერიტორიებზე, მით უმეტეს საბჭოეთის მოკავშირე ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში. ინგლისური კი განაგრძობს ტრიუმფულ სვლას, რომელმაც ის მთელს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენა გახადა. დღეს ვიწყებთ გადაცემათა ციკლს, რომლის მსვლელობაში მოგიყვებით, როგორ ვრცელდება ინგლისური ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში და დღეს თქვენს ყურადღებას რუსეთს მივაპყრობთ: იქ ინგლისურს რუსული, რასაკვირველია, არ განუდევნია, მაგრამ მყარად უპყრია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენის პოზიცია.

ეს ყოველთვის ასე როდი იყო: მეფის რუსეთში მთავარ უცხო ენად, როგორც ცნობილია, ფრანგული ითვლებოდა და მისგან დღევანდელ რუსულსაც არაერთი სიტყვა შემორჩა - "ეტაჟ", ანუ სართული, "ატელიე", რომელსაც საქართველოშიც ატელიეს ვუწოდებთ, "პალტო", "გარაჟ", "მოზაიკა". აი, ბოლო დროს დამკვიდრებულ უცხო სიტყვებში კი ინგლისური დომინირებს: რუსები დილას "ოფისში" გარბიან და საქმეზე სალაპარაკოდ კოლეგებს "ბიზნეს ლანჩზე" ხვდებიან. თუმცა, რამდენიმე ინგლისური სიტყვის ხმარება, ცხადია ინგლისურის ცოდნას არ ნიშნავს, ამიტომ რუსეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ამ ენის კარგად შესწავლას.

როგორც ჩვენი რადიოს თანამშრომელი ჯერემი ბრანსტენი აღნიშნავს, რუსეთში ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში მაღალ დონეზე ასწავლიდნენ უცხო ენებს უმაღლეს სასწავლებლებსა თუ სპეციალურ სკოლებში. და ეს დონე დღემდე არ დაცემულა. ამ თემაზე მას ყაზანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის პროფესორი აიდა სადიკოვა ესაუბრა: [სადიკოვას ხმა] "თუ ვილაპარაკებთ ყაზანზე, ყაზანის სპეციალიზებულ სკოლებზე, სადაც ინგლისურს ასწავლიან, ამ სკოლებს დიდი ტრადიცია აქვთ და მე ვიტყოდი, რომ ამ ტრადიციას სულ უფრო სრულყოფენ. ინგლსიურს მაღალ დონეზე ასწავლიან. ეს უკვე მეორე კლასში იწყება. ზოგ საგანსაც - მათემატიკას, ფიზიკას, გეოგრაფიას - ინგლისურად ასწავლიან".

საბჭოთა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესება, სადიკოვას განმარტებით, იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლესა თუ სტუდენტს საშუალება აქვს, დაელაპარაკოს ადამიანს, რომლის დედაენაც ინგლისურია. სკოლებშიც აქცენტი ენის შესწავლის პრაქტიკულ მხარეზე კეთდება: [სადიკოვას ხმა] "ასეთ ჩვეულებრივ სკოლებშიც ცდილობენ, სხვანაირად ასწავლონ ინგლისური: მეტ ყურადღებას აქცევენ პრაქტიკას. ვთქვათ, 70-ანი, 80-ანი წლებისაგან განსხვავებით, როცა აქცენტი კეთდებოდა გადათარგმნაზე, ტექნიკური ლიტერატურის დამუშავებაზე. ახლა მეტი ყურადღება ექცევა პრაქტიკას, უცხოელებთან ურთიერთობის უნარს".

რუსეთის განათლების სამინისტროს ბოლო, 2000 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, რუსი მოსწავლეებისა და სტუდენტების ორი მესამედი, ანუ 9 მილიონი ახალგაზრდა უცხო ენად ინგლისურს ირჩევს. გაცილებით ნაკლები, 4 მილიონი სწავლობს გერმანულს და სულ მილიონი - ფრანგულს.
ინგლისურის მიმართ ახალგაზრდების დიდ ინტერესზე საუბრობს ერიკ ჯონსონიც - მოსკოვში ამერიკის საელჩოს თანამშრომელი, რომელიც კოორდინაციას უწევს რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ 25 კულტურულ დაწესებულებას: "ამერიკულ ცენტრებსა" და "ამერიკულ კუთხეებს". [ჯონსონის ხმა] "ვფიქრობ, რუსების უმრავლესობას ესმის, რომ ინგლისური ბიზნესისა და კომერციის საერთაშორისო ენაა, კომუნიკაციის ენა, ინტერნეტის მთავარი ენა. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთში ახალგაზრდების უმეტესობას გაცნობიერებული აქვს, რომ წინსვლის, წარმატების მოსაპოვებელი ერთ-ერთი გზა ინგლისურის კარგად შესწავლაა. ინგლისურის მცოდნეები არა მარტო მოსკოვსა და პეტერბურგში - სხვა ქალაქებშიც სჭირდებათ. ინგლისურის მცოდნეები სჭირდებათ ბანკებს, სხვადასხვა კომპანიებს. ასე, რომ მათზე მოთხოვნილება არსებობს".

რუსეთში ინგლისურის გავრცელებაზე ზრუნავს "ბრიტანეთის საბჭოც", რომელსაც სხვადასხვა ქალაქში აქვს ოფისები და ინგლისურის კურსებს სთავაზობს ამ ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს. აი, რას ამბობს "ბრიტანეთის საბჭოს" სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი სანქტ პეტერბურგში, დარელ ფოქსი:[ფოქსის ხმა] "ჩვენი კურსების ზოგი მონაწილე სულ 13 წლისაა. ასე, რომ აშკარაა დაინტერესება ენის შესწავლით. გვყავს ბევრი სტუდენტიც და ადამიანები, რომელთა მიზანია უცხოეთში აღიარებული გამოცდის, მაგალითად "კემბრიჯის გამოცდების სერიის" ჩაბარება, რაც მას, შესაძლოა, სამსახურში, ან ემიგრაციაში წასასვლელად გამოადგეს".

რაც უნდა იყოს მოტივი ინგლისურის შესასწავლად, ერთი რამ ცხადია - ამ ენას არა მარტო პრაქტიკული მოსაზრებებით ეუფლებიან: ინგლისური მოდაშია. მოდას კი ცდილობენ, ფეხი აუწყონ რუსეთში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

თუმცა, სხვა ქვეყნებზე სხვა დროს ვისაუბროთ.
XS
SM
MD
LG