Accessibility links

იქნება თუ არა ავთანდილ ჯორბენაძე პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ცნობებით, სახელისუფლებო ბლოკში შემავალმა პარტიებმა ჯერაც ვერ შეათანხმეს ერთიანი საარჩევნო სიის შემადგენლობა. ამის მიუხედავად, სახელისუფლებო ბლოკის ხელმძღვანელობა

კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბლოკის შემადგენლობაში არსებული დაძაბულობის თაობაზე. მეტიც - როგორც ჩანს, სახელისუფლებო ბლოკის არსებობა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის არ არის ჩაფიქრებული. ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი ეყოლება.



საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტის მემკვიდრის თემის გააქტიურება, როგორც ჩანს, აზერბაიჯანში განვითარებული მოვლენების გამოძახილია. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს ბრძნულ გადაწყვეტილებად შეაფასა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ილხამ ალიევის დანიშვნა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ჰეიდარ ალიევს ჯანმრთელობა ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება საკუთარი მემკვიდრის ვინაობას, პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, ჯერ მისი ვინაობის გამხელის დრო არ მოსულა, თუმცა, მისივე განმარტებით, მას აქვს გარკვეული გეგმები ამ მიმართულებით. პრეზიდენტი საკუთარი არჩევანის გამხელას ჟურნალისტებს 5-6 თვის შემდეგ დაჰპირდა.
უფრო გულახდილია სახელისუფლებო ბლოკის სუბიექტის, სოციალისტური პარტიის, ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელისუფლებო ბლოკი ერთიან კანდიდატს წამოაყენებს. მართალია, ისიც აღიარებს, რომ გადამწყვეტი ხმა, თუ ვინ იქნება ეს კანდიდატი, პრეზიდენტ შევარდნაძეს ეკუთვნის, მაგრამ ვახტანგ რჩეულიშვილის აზრით, ყველაზე მეტი შანსი სახელწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს აქვს.
გულახდილად რომ ითქვას, ეს ოპტიმიზმი გაკვირვებას იწვევს: არავისთვის საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ავთანდილ ჯორბენაძეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ბლოკში შემავალი სუბიექტების ლიდერებთან - იქნება ეს თბილისის მერი ვანო ზოდელავა თუ ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე. გარდა ამისა, კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ საპრეზიდენტო ამბიციები სხვა ლიდერებსაც გაუჩნდეთ - მაგალითად, რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და პოლიტიკური მოძრაობის "აბრეშუმის გზის" ხელმძღვანელს აკაკი ჩხაიძეს. არც იმ ადამიანების გამორიცხვა შეიძლება, ვინც წინასაარჩევნოდ დიდად არ აქტიურობენ, მაგრამ ვინც საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით სარგებლობენ - ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ან საერთაშორისო ნავთობის კორპორაციის პრეზიდენტი გიორგი ჭანტურია.
იქნება თუ არა ავთანდილ ჯორბენაძე პრეზიდენტობის კანდიდატი - პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტმა შევარდნაძემ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე განაცხადა, რომ 1999 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, აღარ აპირებს კარდაკარ სიარულს და ამომრჩევლის აგიტირებას. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა არჩევნების შედეგებზე მოქალაქეთა კავშირის თვმჯდომარეს ავთანდილ ჯორნებაძეს დაეკისრება. სხვათა შორის, თავის დროზე სახელმწიფო მინისტრის არჩევა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ოპოზიციამ ავთანდილ ჯორბენაძის კარიერის დასასრულის დასაწყისად შეაფასა. იმ საბიუჯეტო კრიზისის გათვალისწინებით, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი, ეს შეფასება უსაფუძვლოდ სულაც არ გამოიყურება.
XS
SM
MD
LG