Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ტერორისტული აქტი ბაღდადში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს 19 აგვისტოს მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა ბაღდადში: იმ სასტუმროსთან, რომელშიც გაეროს წარმომადგენლობაა განთავსებული, დანაღმული საბარგო ავტომანქანა აფეთქდა;

სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი დაიჭრა. მოკლულთა შორის, გაეროს საგანგებო წარგზავნილი ერაყში, ბრაზილიელი დიპლომატი სერჟიუ ვიეირა დი მელიო და გაეროს ბავშვთა ფონდის იუნესკოს კოორდინატორი კრისტოფერ კლაინ-ბეკმანი არიან.
ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ ტერაქტის პასუხისმგებლობა.


"თავისი სამთვიანი მოღვაწეობის მანძილზე სერჟიუ ვიეირა დი მელიომ წინა პლანზე წამოსწია გაეროს როლი ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში, და ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის, აგრეთვე ერაყის ოფიციალურ წარმომადგენელთა ნდობაც დაიმსახურა.

ოც აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე სტოკჰოლმში, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ გაერომ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ერაყში [კოფი ანანის ხმა]: "ერაყში რჩება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბევრი სხვა ოფიციალური პირი და ჩვენ გავაგრძელებთ იქ საქმიანობას. ამ უაზრო და ბარბაროსული ძალადობის გამო არ უნდა შეწყდეს ჩვენი მისია".

დი მელიოს გარდაცვალებით გაერომ "მწარე დარტყმა" მიიღო, - განაცხადა კოფი ანანმა.
გაეროს თანამშრომლებმა ნიუ-იორკში მწუხარებით შეიტყვეს დი მელიოს გარდაცვალების ამბავი.გაეროს შენობის წინ აღმართული 191 ქვეყნის ეროვნული დროშები ჩამოშვებულ იქნა.

კოფი ანანმა მაისში დანიშნა თავის ოფიციალურ წარმომადგენლად ერაყში, დროებით დი მელიო, რომელიც გაეროს უმაღლესი კომისარი იყო ადამიანის უფლებათა საკითხებში. აღმოსავლეთი ტიმორის დამოუკიდებლობაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დი მელიოს, რაც სათანადოდ დააფასეს უშიშროების საბჭოს წევრებმა. 1999 წელს, დი მელიო გაეროს საგანგებო წარგზავნილი იყო კოსოვოში. მოყოლებული 1948 წლიდან, როცა ებრაელმა ექსტრემისტებმა იერუსალიმში გაეროს შუამავალი ჰერცოგი ფოლკე ბერნადოტე მოკლეს, სერჟიუ ვიეირა დი მელიო გაეროს ყველაზე მაღალჩინოსანი ოფიციალური პირია, ვინც ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

დი მელიო აქტიურად უჭერდა მხარს შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილ ერაყის მმართველ საბჭოს, და აცხადებდა, რომ ესაა ერაყელი ხალხის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო დღევანდელ პირობებში, რომელიც დააჩქარებს ერაყის სუვერენიტეტის აღდგენას.

დი მელიოს ნაყოფიერი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ერაყში ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის უფროს პოლ ბრემერთან.

ორი კვირის წინ ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანა იორდანიის საელჩოსთან აფეთქდა, რის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

დი მელიომ არაერთგზის განაცხადა, რომ მისი ერთადერთი მიზანია დამოუკიდებელი, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნაში დაეხმაროს ერაყელ ხალხს. ივნისის დამლევს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღდადში დი მელიომ განაცხადა [სერჟიუ ვიეირა დი მელიოს ხმა]: "ჩვენ არაფერი არ უნდა მოვახვიოთ თავს ამ ქვეყანას. პირიქით, უნდა დავეხმაროთ მას პლურალისტური, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში; ქვეყნისა, აგრერიგად რომ სურს და ესოდენ რომ იმსახურებს ერაყელი ხალხი".

საგანგებო სხომაზე სამშაბათს ღამით, გაეროს უშიშროების საბჭომ მძაფრად დაგმო ბაღდადში მომხდარი ტერორისტული აქტი. უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, სირიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ფაიზალ მექდადმა განაცხადა, რომ გაერო გააორკეცებს ძალისხმევას ერაყელი ხალხის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG