Accessibility links

logo-print

რატომ თქვა პრეზიდენტმა უარი არბიტრის როლზე არჩევნებში


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანონების მისაღებად, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გასატარებლად, ქვეყნის პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

რა პროცესები შეიძლება განვითარდეს 2 ნოემბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში?

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ედუარდ შევარდნაძემ მთელი საქართველო შემოიარა. იგი ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ პრეზიდენტს ქვეყნის სამართავად უსათუოდ სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა. მართლაც, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას პარლამენტი უმრავლეობით, 118 ხმით, ამტკიცებს. საერთაშორისო ხელშეკრულებები და ორგანული კანონებიც 118 ხმით მიიღება. დავუშვათ, პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის თანხმობა არ არსებობს. ამ შემთხვევაში მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტს პარლამენტი ჩააგდებს და პრეზიდენტი ვეღარაფერს შეცვლის: კანონი არ ამოქმედდება. თავის მხრივ, პრეზიდენტსაც შეუძლია, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტის პარლამენტისეულ ვარიანტს. კანონი არც ამ შემთხვევაში ამოქმედდება. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ამ პროცედურას ძალიან მაღალი კვორუმი - 140 ხმა სჭირდება.

პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის ურთიერთობა რაგინდ გამწვავდეს, პრეზიდენტი პარლამენტს ვერ დაითხოვს, რადგან ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტიც პარლამენტს ძალიან გაუჭირდება, რადგან ამ პროცედურისთვის 157 ხმაა საჭირო. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა განწირულნი არიან სათანამშრომლოდ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს? ამ ვითარების შედარებით რბილი, მაგრამ თვალსაჩინო მოდელია ბოლოდროინდელი პარლამენტი, სადაც თავმჯდომარე და უმრავლესობა ურთიერთდაპირისპირებულნი არიან. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტისგან განსხვავებით, არ შეუძლია რაიმე საკითხის პირდაპირი შეჩერება, ნინო ბურჯანაძესა და უმრავლესობას შორის კონფლიქტი რეალურია. ერთი მხრივ, ეს დაპირისპირება რეალურად ძაბავს ურთიერთობას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. მეორე მხრივ, ეს დაპირისპირება რეალურად აფერხებს კანონშემოქმედებით საქმიანობას. პარლამენტის თავმჯდომარეს, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია უმრავლესობისთვის; უმრავლესობას კი, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია თავმჯდომარისთვის. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვალყურს ადევნებს პარლამენტის საქმიანობას ბოლო თვეების განმავლობაში, ადვილად წარმოიდგენს, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში, თუკი ერთმანეთს პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა დაუპირისპირდება. პარლამენტში მიმდინარე პროცესები უწყინარ თამაშად გამოჩნდება იმასთან შედარებით, რაც სახელმწიფოში შეიძლება დაიწყოს. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით თქვა უარი ედუარდ შევარდნაძემ არბიტრის როლზე არჩევნებში. ოღონდ, მეორე მხრივ, მისი უშუალო ჩართვა სახელისუფლო ბლოკში კიდევ მეტად დაძაბავს ვითარებას ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG