Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი, გაეროს ეგიდით ერაყში მრავალეროვანი ძალების განთავსებაზე დათანხმდა


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ პირველად მიანიშნა, რომ არ გამორიცხავს გაეროს ეგიდით ერაყში მრავალეროვანი ძალების განთავსებას,

შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს განზრახული აქვთ ახალი რეზოლუციის პროექტი წარუდგინონ უშიშროების საბჭოს განსახილველად. ამ ახალმა რეზოლუციამ სტიმული უნდა მისცეს გაეროს წევრ-ქვეყნებს - თავიანთი ჯარები გააგზავნონ სამშვიდობო მისიით ერაყში.


როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჟმა განაცხადა გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში, ლაპარაკია მრავალეროვანი სამხედრო შენაერთის შექმნაზე, რომელიც ერაყში განთავსდება გაეროს ეგიდით, მაგრამ ამერიკის სამხედრო სარდლობას დაექვემდებარება.

ეს იდეა სულაც არაა უპრეცედენტო. ნატოს თაოსნობით და გაეროს ეგიდით შექმნილი სამოციათასკაციანი სამშვიდობო კონტინგენტი ბოსნიაში, რომელიც 1995 წლის დეკემბერში შეუდგა თავისი მისიის შესრულებას, შეთანხმებით, ამერიკელ ოფიცერს ექვემდებარებოდა ყოველთვის.

წინადადება, რომ ამავე პრინციპით მოხდეს ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულება, გასულ კვირაში წამოაყენა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, და თან დასძინა, რომ უშიშროების საბჭომ უნდა დაამტკიცოს ამ ახალი მრავალეროვანი სამხედრო შენაერთის შექმნა, რომელიც ამერიკის სამხედრო სარდლობას დაექვემდებარება, ვინაიდან შეერთებულმა შტატებმა გააგზავნა ყველაზე მეტი ჯარისკაცი ერაყში.

ამგვარი სამხედრო შენაერთი გაეროს ეგიდით შეიქმნება, მაგრამ მას არ დაექვემდებარება, როგორც ეს ცისფერჩაფხუტიანთა სამშვიდობო ოპერაციის შემთხვევაში ხდება ხოლმე, - განაცხადა კოფი ანანმა სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროსთან მოლაპარაკების შემდეგ.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, აგრეთვე ინდოეთი, პაკისტანი, თურქეთი, ბანგლადეში და სხვები მოითხოვენ, რომ ვიდრე ჯარს გააგზავნიან ერაყში, გაეროს ეგიდით მოხდეს იქ მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსება.

გაეროს ახალი რეზოლუციის გარეშე ერაყში მყოფ 150 ათასკაიან ამერიკის ჯარს არ უნდა ჰქონდეს დახმარების იმედი. დღეს ერაყში 21,000 არაამერიკელი, მათ შორის 11,000 ბრიტანელი სამხედრო მსახურობს.

მაგრამ გაურკვეველი ისაა, როგორ გამოეხმაურებიან ახალ რეზოლუციას საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი, რომლებიც რაყთან ომის წინააღმდეგი იყვნენ იმთავთვე.

ხუთშაბათს პარიზში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ საფრანგეთი "ჭეშმარიტად ინტერნაციონალური სამხედრო შენაერთის შექმნის მომხრეა". კონკრეტულად რა იყო ამ ფრაზაში ნაგულისხმევი ამის შესახებ დომინიკ დე ვილპენს არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG