Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ფართოდ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის გამოსვლას ხუთშაბათს კომისიის წინაშე,

რომელიც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის, დევიდ კელის გარდაცვალების გარემოებებს იძიებს. ტონი ბლერმა განაცხადა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის თანმდებობას, მის მთავრობას ნამდვილად რომ "შეელამაზებინა" დოსიე ერაყის მასობრივი განადგურების არსენალის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს მთავრობის საანგარიშო მოხსენება პოლიტიკური მიზნით იქნა შეცვლილი, და აღნიშნა, რომ მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაცია სპეცსამსახურებისაგან იყო მიღებული.

როგორც გაზეთი "ფაინენშალ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ბლერის გამოსვლას ჩვენებით საგანგებოდ შექმნილი კომისიის წინაშე დამაჯერებლობა აკლდა. გაზეთი წერს:

"ფაქტების საგულდაგულოდ შეჯამებისას უნებლიედ მიდიხარ დასკვნამდე, რომ ზიანი ტონი ბლერის ავტორიტეტს ბრიტანელი ხალხის თვალში მიაყენა არა ბიბისის გადაცემამ, არამედ იმ ფაქტმა, რომ დღემდე ვერ ნახეს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი, მაშინ როცა ომამდე ბლერი დაჟინებით აცხადებდა, "თავისი მასობრივი განადგურების იარაღით სადამ ჰუსეინი მთელს მსოფლიოს უქმნის სართხესო".

გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსს" ასევე მიაჩნია, რომ ტონი ბლერის გამოსვლა საგანგებოდ შექმნილი კომისიის წინაშე ჩვენებით 28 აგვისტოს "ემოციური, მაგრამ ნაკლებად დამაჯერებელი" იყო. სარედაქციო სტატიაში გაზეთი განაგრძობს:

"მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბლერი და მისი მრჩევლები თავიანთ უდანაშაულობას გვიმტკიცებენ, სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ სიმართლე "შეალამაზა", როცა ერაყიდან მომდინარე გარდაუვალი მუქარის შესახებ ლაპარაკობდა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის მსგავსად, რომელიც სადაზვერვო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის ჩარჩოებს "გასცდა", ბრიტანეთის მთავრობა არ შემოიფარგლა მის ხელთ არსებული ინფორმაციით, როცა მოურიდებლად განაცხადა, "ერაყს, სადამ ჰუსეინის განკარგულებიდან 45 წუთში შეუძლია ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენებაო".
ბრიტანელები დარწმუნდნენ იმაში, რომ მთავრობამ განზრახ გააზვიადა ერაყიდან მომდინარე მუქარა, და სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ტონი ბლერის პოპულარობა ბრიტანეთში მკვეთრად შემცირდა. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ აღარ ენდობა პრემიერ-მინისტრის ნათქვამს. ხოლო ნდობის აღდგენა, ხალხში, არ იქნება ადვილი".

გაზეთმა "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს, სადაც, გაზეთის აზრით, ერთობ სახიფათოა გუბერნატორობა. გაზეთი წერს:

"გასულ კვირაში შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად სახალინის ოლქის გუბერნატორი იგორ ფარხუტდინოვი დაიღუპა. გასულ წელს იგივე ბედი ეწია კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორს, რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ალექსანდრ ლებედს. მაგადანის ოლქის გუბერნატორი, თევზის რეწვაზე დაწესებული კვოტების თაობაზე აღძრულ უთანხმოებას ემსხვერპლა. კამჩატკის გუბერნატორს ორჯერ შეემთხვა გასულ წელს ავტოკატასტროფა, და რის ვაი-ვაგლახით გადარჩა. სახალინმა კარგა ხნის წინათ დააინტერესა კაპიტალდამბანდებლები, მაგრამ ფარხუტდინოვის დამსახურება იმაშია, რომ ამგვარი დაინტერესება მან კონკრეტულ პროექტებად აქცია და მიიზიდა ისეთი მსხვილი ნავთობკომპანიები, როგორიც შელი და ექსონ მობილია. ფარხუტდინოვს აუცილებლად მიაჩნდა შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა, და იმედოვნებდა, რომ რუსეთის შორეული აღმოსავლეთი, მომავალში, როგორც ნაკლებად დასახლებული, მაგრამ ეკონომიკურად აღორძინებული რეგიონი, თავისებურ მინი-ავტრალიად იქცეოდა".

ახალი კრემლი, ძველის მსგავსად, კვლავაც საიდუმლოებითაა მოცული, წერს გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" და დასძენს, რომ ამ ზაფხულს მომხდარმა სკანდალმა - ბრალდებამ ნავთობკომპანია იუკოსის წინააღმდეგ - ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფლობს რეალურ ძალაუფლებას რუსეთში.
XS
SM
MD
LG