Accessibility links

რა შეიძლება დაუპირისპირდეს საარჩევნო კომისიათა ხელისუფლების მომხრე თავმჯდომარეებს


დავით პაიჭაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა დაახლოებით ერთ კვირაში ამოიწურება, საბოლოო სახე საარჩევნო გაერთიანებებს ჯერ არ მიუღიათ. გარკვეულია ის პარტიები,

რომლებიც არავისთან გაერთიანებას არ აპირებენ. არ ცხრება ლაპარაკი "ბურჯანაძე - დემოკრატების", "ტრადიციონალისტთა კავშირისა" და "ახალი მემარჯვენეების" გაერთიანების შესახებ. მაგრამ გაერთიანებაზე აქტუალური, შესაძლოა, პარტიების თანამშრომლობა გამოდგეს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. როგორც ცნობილია, საოლქო საარჩევნო კომისიების 85 თავმჯდომარიდან თითქმის 80 იმ ძალებს წარმოადგენს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2/3-ს რომ ფლობენ. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით ხელისუფლება გაყალბების წინაპირობებს იქმნის.
რამდენად მნიშვნელოვანია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისათვის? შევეცდები, პასუხი მოვუნახო ამ კითხვას.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "მთავრობას უნდა, ოპოზიცია პატარა წარმომადგენლობით მაინც შეუშვას პარლამენტში, რომ თქვას: ჩვენთან არის დემოიკრატია, ოპოზიციაც კი გვყავს აქ. ოღონდ, შეუშვას ისეთი ოპოზიცია, რომლისაც ყველაზე ნაკლებ ეშინია. ჩვენ რომ არ უნდა შეგვიშვას, ეს დაფიცებული აქვთ, მაგრამ მეც დაფუცებული მაქვს, რომ მთავრობა არ უნდა შევუშვა. ვისი ფიცი უფრო მაგარი აღმოჩნდება, 2 ნოემბერს ვნახავთ".

მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები ორ რამეს ნიშნავს: საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ არჩევნების შედეგებზე და, თავის მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიებს შეუძლიათ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიონ ასეთ ზემოქმედებას. კაცმა რომ თქვას, საკრებულოს არჩევნები თბილისში, მთელი მისი ცუდი ორგანიზების მიუხედავად, ამის მაგალითია. საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი, თამარ ჟვანია ჩემთან საუბრისას იხსენებს, რა როლს შეასრულეს გაყალბების პროფილაქტიკაში მეთვალყურეებმა 2002 წლის 2 ივნისის არჩევნებზე.

[თამარ ჟვანიას ხმა] "პარტიული დამკვირვებლების ჩარევა უფრო აგრესიულიც კი იყო, ოღონდაც გაყალბება აღმოფხვრილიყო".

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიათა თავმჯდომარეებს, თამარ ჟავნია ამბობს, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით, საკვანძო როლი ეკისრებათ საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს, მათ კი საოლქოს ხელმძღვანელები ნიშნავენ. ამასთან, კანონი არ განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატის წარდგენის წესს. თამარ ჟვანია ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატების მოძიება უბნებისათვის საოლქო კომისიათა თავმჯდომარეებს არ გაუჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში იზრდება როგორც პარტიული, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი მეთვალყურეების მნიშვნელობა.

[თამარ ჟვანიას ხმა] "წინა არჩევნებისგან განსხვავებით, გვექნება მრავალჯერადი ტრენინგების სერია. რამდენჯერმე გავუმეორებთ ჩვენს მოხალისეებს იმას, რასაც ადრე ერთხელ ვეუბნებოდით. მათ ექნებათ მაქსიმალური საკანონმდებლო განათლება".

დამკვირვებელთა უფლებამოსილება, შერწყმული მათსავე სიფხიზლესა და სამოქალაქო პოზიციასთან, ქმედითი ბერკეტი იქნება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ოპოზიციურ პარტიებსაც სათანამშრომლო ასპარეზი სწორედ აქ ეხსნებათ.
XS
SM
MD
LG