Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 504-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში რადიოჟურნალ "მეათე სტუდიას" შემოგთავაზებთ. მის 504-ე გამოშვებაში გიამბობთ საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში გამართულ ფორუმზე; ვისაუბრებთ თემაზე: 11 სექტემბერი 30 წლის წინათ; გამოვეხმაურებით მეოცე საუკუნის დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ადორნოს დაბადების მეასე წლისთავს; შევეხებით ბოლო ხანს ესოდენ პოპულარულ სილამაზის კონკურსების თემას; რადიოჟურნალის ბოლოს კი მოგითხრობთ ერთ გასაოცარ ექსპერიმენტზე, რომელიც მექსიკის ქალაქ ეკატეპეკში მიმდინარეობს. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ამერიკაში გამართულ ფორუმზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ იმსჯელეს

დავით კაკაბაძე:
რაც უფრო ახლოვდება საქართველოში საპარლამენტო არჩევენების ჩატარების თარიღი, მით უფრო იზრდება მის მიმართ დასავლეთის პრესის ინტერესი. ამ ცოტა ხნის წინათ საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები კავკასიელი ექსპერტების ოცნებად რჩება". იგი ეხება ნიუ-იორკში 2 სექტემბერს გამართულ "ღია ფორუმს", რომელშიც ქართველმა აზერბაიჯანელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა. ფორუმზე ითქვა, რომ 2 ნოემბრის არჩევენებისთვის საქართველოში, ჯონ შალიკაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკელ პოლიტიკოსთა ჯგუფი ჩავა. ფორუმის მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ მასალა კობა ლიკლიკაძემ მოამზადა.

კობა ლიკლიკაძე:
საქართველოს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები საზღვარგარეთ იმიტომ დადიან, რომ იქ საქართველოს მთავრობა ლანძღონო. მაგრამ ეს რომ ასე არ არის, 4-5 სექტემბერს, სოროსის ფონდის ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა "ღია ფორუმმაც" ცხადყო. ამ ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს ახალგაზდრა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თინა ხიდეშელმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა,რომ მიუხედავად ყველა წინა არჩევნების დროს გამოვლენილი უამრავი დარღვევისა, არსებობს შანსი, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს. და ამერიკის შეერთბეულ შტატებში ყოფნის დროს მათი მთავრი მესიჯი სწორედ მდგომარეობდა იმაში, რომ დაერწმუნებინათ ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა არ მოადუნონ ყურადღება და ინტერესი ამ არჩევნების მიმართ.

[თინა ხიდეშელის] "ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ჩვენ ხშირად გვესმოდა ასეთი გამოთქმა: ჩვენ დავიღალეთ საქართველოს პრობლემებით, იმით,რომ წლების განმავლობაში ერთისა და იმავეს განმეორება გვიწვევს. რომ ეს არის რაღაც ბოლო ცდა. აი, ასეთი არის განწყობა, როლითაც ჩვენ წამოვედით. თუმცა, ჩვენ რამდენადაც შეგვეძლო, ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა ამერიკის მთავრობაცა და კონგრესიც, რომ იმედგაცრუება არ დაემართოთ საქართველოთი, ხელი არ ჩაიქნიონ და ეცადონ, რომ ეს არჩევნები მაინც გადარჩეს."

როგორც ამ შეხვედრის მეორე მონაწილე თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიგა ბოკერია მიიჩნევს, საერთაშორისო ზეწოლა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ზეწოლის საშუალება, რომელსაც შეუძლია რომ ხელისუფლებას ხელი ააღებინოს არჩევნების გაყალბების მცდელობისგან. ამ ვალსაზრისით ბოკერიას დამაიმედებლად ეჩვენება განწყობა, რომელი ამერიკაში ყოფნის დროს ოფიციალურ პირებთან საუბრის დროს საქართველოს მიმართ გამოიკვეთა.

[გიგა ბოკერიას ხმა] "ოპტიმიზმის საფუძველს მათ აძლევთ საზოგადოებისა და ოპოზიციის, მაგრამ უფრო მაინც საზოგადოების მზაობა, რომ ამ ქვეყანაში იყოს ცვლილებები. ეს ითქვა პირდაპირ და სწორედ ეს განასხავებს საქართველოს სხვა მისი მეზობელი ქვეყნისგან, სადაც, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, მაგრამ იქ იმედიც ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში კი არსებობს მოლოდინი, რომ საზოგადოება შეძლებს მიაღწიოს იმას, რომ ვითარება შეიცვალოს. საბედნიეროდ, ამერკაში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსები, ვისაც ამისი სჯერა."

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გამოხატა თავისი დაინტერესება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმართ, ეგრეთწოდებული "ბეიკერის გეგმით", რომელიც საფუძვლად დაედო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრას. თუმცა, სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორის კახა ლომაიას თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

[კახა ლომაიას ხმა] "პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია ჩამოვა ოქტომბრის დასწყისში საქართველოში და მას უხელმღძავნელებს ჯონ მალხაზ სალიკაშვილი. ეს იქნება საკმაოდ ავტორიტეტული, მოქმედეი და გადამდგარი პოლიტიკოსებისგან შემდგარი დელეგაცია. მისი მიზანი კი იქნება ერთადერთი - შეახსენოს საქართველოს ხელისფლებას , რომ არჩევენების ჩატარება არის მთავრობის მოვალეობა."

ჯონ მალხაზ შალიკაშვილისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცისი გარდა, 2 ნოემბრის არჩევნებზე შესძლოა რესპუბლიკელტა დელეგაციაც ჩამოვიდეს სენატორ მაკკეინის ხელმძღვანელობით. მაგრამ როგორც თავისუფლების ინსტიტუტის თანამშრომელი გიგა ბოკერია აღნიშნავს, მომავალი არჩევნებისა და, აქედან გამომდინარე ქვეყნის ბედსაც, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად ამომრჩევლის აქტიურობა გადაწყვეტს.

11 სექტემბერი: 30 წლის წინათ

დავით კაკაბაძე:
გესაუბრებოდათ კობა ლიკლიკაძე. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

ამ ბოლო დღეებში ბევრს ვსაუბრობთ ტერორიზმზე და მის დამანგრეველ ბუნებაზე, მასთან ბრძოლის მეთოდებზე და იმაზე, ყოველთვის გამართლებულია თუ არა ეს მეთოდები. ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან 11 სექტემბერს ორი წელი შესრულდა 2001 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, როცა ნიუ იორკსა და ვაშინგტონში მოწყობილმა რამდენიმე თავდამხსმამ სამი ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ 11 სექტემბერი ტრაგიკული თარიღია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში. 30 წლის წინათ, 1973 წლის 11 სექტემბერს, ჩილეში გენერალმა აუგუსტო პინოჩეტ უგარტემ დაამხო პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს ხელისუფლება და სასტიკად გაუსწორდა დამარცხებულ სოციალისტებსა და კომუნისტებს. სხვათა შორის, ამავე საკითხს მიეძღვნა რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული პროგრამის "უხილავი ფარდის" ბოლო გამოშვებაც. დღეს "მეათე სტუდიაში" ამ თემაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ, რომლის აზრით, რაც მეტი დრო გავა, მეტი შანსია, 30 წლის წინანდელი 11 სექტემბერი ჩილეში ტრაგიკულიდან დრამატულ თარიღად იქცეს.

დავით პაიჭაძე:
ტრაგიკული იყო ის, რაც 1973 წლის 11 სექტემბერს მოჰყვა ჩილეში: დიქტატურა, ათასობით დახოცილი და რეპრესირებული ადამიანი. პინოჩეტის რეჟიმი ულმობლად ახშობდა მოქალაქეთა ყოველგვარ პროტესტს. ვინც საბჭოთა კავშირში გაიზარდა, კარგად ეხსომება, როგორ წარმოაჩენდა საბჭოთა პროპაგანდა ჩილელ გენერალს, რომელიც ჩილეს სახმელეთო ძალების მთავარსარდლად სწორედ 1973 წელს დაინიშნა.

მაგრამ რას მოჰყვა თვითონ 11 სექტემბერი ჩილეში? სალვადორ ალიენდე ქვეყნის პრეზიდენტი 1970 წლის ნოემბერში გახდა. არჩევნებში ის პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მოაგროვა ხმების ნახევარზე მეტი. უახლოეს კონკურენტს კონსერვატული პარტიიდან 1,5%-ით უსწრებდა. საკითხი კონგრესს უნდა განეხილა. პრეზიდენტი რომ გამხდარიყო, ალიენდე მოელაპარაკა ქრისტიან-დემოკრატებს, რომელთაც მხარდაჭერის სანაცვლოდ სოციალისტებისა და კომუნისტების ლიდერს მოსთხოვეს, ეკისრა ვალდებულება ჩილეს კონსტიტუციის დასაცავად. ეს მოთხოვნები გამოიხატა საგანგებო კანონით, რომლის მიღების შემდეგ კონგრესმა საშუალება მისცა ალიენდეს, დაეკავებინა პრეზიდენტის პოსტი.

აი, რას წერს ალიენდესა და მისი მთავრობის შესახებ დიდი საბჭოთა ენციკლოპედია: "ის ახორციელებდა ღრმა ანტიიმპერიალისტურ და ანტიოლიგარქიულ რეფორმებს. მოახდინა სპილენძის მომპოვებელ საწარმოთა ნაციონალიზაცია, რომლებიც აშშ-ის კომპანიებს ეკუთვნოდათ. შეზღუდა მემამულეებისა და ფინანსური ოლიგარქიის წარმოებები. წარმართავდა აგრარულ რეფორმას, რასაც ლატიფუნდიზმის სისტემის ფაქტიური ლიკვიდაცია მოჰყვა. ჩილეში დაწყებული რევოლუცია შიდა რეაქციული ძალების სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა, რომელთაც მხარს უჭერდა უცხოური იმპერიალიზმი. ადგილი ჰქონდა საბოტაჟს, სელოვნურად ქმნიდნენ ეკონომიკურ სირთულეებს. აწყობდნენ ღია დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს. სექტემბერში სამხედრო აჯანყების შედეგად, რომელიც გარეშე და შიდა რეაქციულმა ძალებმა მოამზადეს, სახალხო მთავრობა დაემხო".

2001 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა რიჩარდ პაიპსმა გამოსცა წიგნი "კომუნიზმი", სადაც ალიენდეს მმართველობას უჩვეულო შემთხვევას უწოდებს. უჩვეულოს იმიტომ, რომ კომუნისტური რევოლუციის მოწყობას დემოკრატიულ ქვეყანაში დემოკრატიული მეთოდებით ცდილობდნენ. ეს იყო იმხანად უნიკალური შემთხვევა, როცა რადიკალი კომუნისტები ხელისუფლებაში არჩევნების და არა სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდნენ.

რიჩარდ პაიპსის აღწერების თანახმად, საბანკო სისტემის, სამთო და გადამამუშავებელი ინდუსტრიის ნაციონალიზაცია ბრძანებულებათა საფუძველზე, საკანონმდებლო ხელისუფლების გვერდის ავლით მიმდინარეობდა. უცხოური კომპანიებისთვის საკუთრების ჩამორთმევამ წერტილი დაუსვა ინვესტიციებს ქვეყანაში. ჩილეს საბჭოთა კავშირი და სხვა სოციალისტური ქვეყნები დაეხმარნენ, მაგრამ მის ძირგამოთხრილ საფინანსო სისტემასა და ეკონომიკას ამან არ უშველა. მუშა-მოსამსახურეებისათვის ხელფასისი მოსამატებლად ალიენდეს მთავრობამ ფულის საჭრელი დაზგები აამუშავა. შედეგად, სამი წლის მანძილზე 15-ჯერ გაიზარდა მიმოქცევაში მყოფი ფულის მასა, ხოლო ინფლაციამ წელიწადში 300%-ს მიაღწია.

ალიენდეს იმედი, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებდა, არ გამართლდა. პირიქით, დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია მას. სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაციის პოლიტიკის გატარებისას მთავრობა შემწყნარებლურად ეკიდებოდა და ახალისებდა მიწების თვითნებურ მითვისებას. ამან მკვეთრად დასცა კვების პროდუქტების წარმოება, ხორბლის მოსავალი კი ორჯერ შემცირდა. მთავრობის დამხობისას ჩილეს სულ 4 დღის სამყოფი ფქვილი ჰქონდა.

რაც შეეხება 11 სექტემბერს; მანამდე, აგვისტოში კონგრესის დეპუტატთა პალატამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომ ალიენდემ დაარღვია კონსტიტუცია, მიითვისა საკანონმდებლო უფლებამოსილება, უგულებელყო კანონები და შეზღუდა სიტყვის თავისუფლება. უზენაესმა სასამართლომ მსჯავრი დაადო ალიენდეს იმის გამო, რომ სასამართლო ორგანოები პოლიტიკურ მიზნებს დაუქვემდებარა. ჩილეს კონსტიტუციაში იმპიჩმენტის მუხლი არ არსებობდა. ამიტომ პალატამ თხოვნით მიმართა შეიარაღებულ ძალებს, აღედგინათ კანონების მოქმედება ქვეყანაში. გენერალი პინოჩეტი სწორედ ამ, არსებითად, კანონიერ დავალებას ასრულებდა. პაიფსი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის დამხობისას ჩილელ სამხედროებთან ამერიკელებს კავშირი არ ჰქონიათ. თავად პინოჩეტის თქმით კი, ალიენდემ მას ათასობით კუბელი ჯარისკაცით დაკომპლექტებული არმია დაუპირისპირა.

დღეს ჩილე სამხრეთი ამერიკის ეკონომიკურად ყველაზე წელგამართული სახელმწიფოა. მას არც კომუნიზმი ემუქრება და არც სამხედრო დიქტატურა. სწორედ ამიტომ, შეიძლება დავუშვათ, რომ 30 წლის წინანდელი 11 სექტემბერი მომავალ თაობებს უფრო დრამატულ და არა ტრაგიკულ თარიღად მოეჩვენებათ.

[მუსიკა]

თეოდორ ადორნოს 100 წლისთავი

დავით კაკაბაძე:
მეოცე საუკუნის ინტელექტუალური ისტორია წარმოუდგნელია გერმანელი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის, თეოდორ ადორნოს გარეშე. მოაზროვნისა, რომელმაც ამ დარგების გარდა არაერთ სხვა ჰუმანიტარულ სფეროს დააჩნია ბრწყინვალე კვალი. მისმა ნააზრევმა დიდი გავლენა იქონია გასული საუკუნის მეორე ნახევრის, განსაკუთრებთ 50-იანი და 60-იანი წლების ევროპის სულიერ კულტურასა და საზოგადოებრივ პროცესებზე. ჰერბერტ მარკუზესა და მაქს ჰორკჰაიმერთან ერთად ადორნოს სახელსაც უკავშირდება 60-იანი წლების სტუდენტური მოძრაობა, რომელმაც ამ და სხვა სულიერი მამების ნააზრევს გადააჭარბა რადიკალიზმით და 68 წლის ცნობილი გამოსვლებით თავად ეს მოაზროვნეებიც ლამის გუშინდელ დღედ აქცია. საუბარს თეოდორ ადორნოზე, რომელსაც 11 სექტემბერს 100 წელი შეუსრულდებოდა, ბიძინა რამიშვილი განაგრძობს.

ბიძინა რამიშვილი:
სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე 1969 წლის 22 აპრილს, ადორნოს ცნობილი სკანდალი გადახდა თავს ფრანკფურტის უნივერსიეტეტში. სწორედ იმ უნივერსიტეტში, რომელიც 60-იანი წლების ბოლოს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ აკვნად ითვლება. ადორნოს, უნივერსიტეტის ყველაზე სახელმოხვეჭილ პროფესორს, ასობით სტუდენტის თანდასწრებით გარს ეხვევა ტყავის ქურთუკებში ჩაცმული სამი სტუდენტი ქალი. ისინი ყვავილებს აყრიან თავზე ჩია ტანის ფილოსოფოსს, ლოყაზე კოცნიან და გაშიშვლებულ მკერდს აბჯენენ სხეულზე. პროფესორი გაქცევით შველის თავს.

ეს გამომწვევი ირონიული ჰეპენინგი იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ადორნორსთვის დაენახვებინა, რომ გადატრიალება და რევოლუცია, მათ შორის, სექსუალური რევოლუციაც, მხოლოდ თავში არ შეიძლება მომხდარიყო. ამ რევოლუციის ერთ-ერთი შემამზადებელი რევოლუციის მთავარი მონაწილეებისთვის უკვე ერთობ მოძველებულად და კონფორმისტულად გამოიყურებოდა.

მაგრამ მანამდე ჩვენი სიუჟეტის გმირმა მრავალი ინტელექტუალური და შემოქმედებითი მწვერვალის დაპყრობა მოასწრო და არც ამ ინციდენტის შემდეგ დაუკარგავს მიმზიდველობა. თუმცა, როგორც ოდნავ მოგვიანებით ვნახავთ, სრულიად განსხავებული იყო მის მიმართ დამოკიდებულება დასავლეთში - სადაც მარქსისტ ადორნოს არასაკმარის მემარცხენეობასა და ბიურგერობაში სდებდნენ ბრალს - და ყოფილ კომუნისტურ ბანაკში, - სადაც ინტელექტუალებს მისი სწორედ ეს ბიურგერულ-დეკადენტური შეფერილობის რადიკალიზმი ხიბლავდა.

ფრანკფურტში შეძლებულ ოჯახში დაბადებული ადორნო ბავშვობიდანვე თვალში საცემი იყო, როგორც არასპორტული, ფიზიკურად სუსტი, მაგრამ გამორჩეული ნიჭის პატრონი. წერდა მუსიკას და წერდა მუსიკაზე, დანიელ ფილოსოფოს სიორენ კირკეგორზე დაწერილი ნაშრომით ფილოსოფიის დოცენტის წოდება მოიპოვა.

შემდეგ, ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის მერე, იძულებული გახდა გერმანია დაეტოვებინა და ოქსფორდში გადაბარგებულიყო. იქიდან კი შეერთებულ შტატებში გაემგზვარა 1938 წელს. ოკეანის გაღმა მას სანუკვარი საქმე ელოდა. იგი სამუშაოდ მიიწვია მისმა თანაქალაქელმა, ცნობილმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა, "ფრანკფურტის სკოლის" ერთ-ერთმა დამაარსებელმა, "სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა მაქს ჰორკჰაიმერმა, რომელმაც თავისი ინსტიტუტის ამერიკაში გადატანა მოახერხა. ამერიკაში დაიწერა მათი ერთობლივი ნაშრომი "განმანათლებლობის დიალექტიკა", რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა.

ადორნოს ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს მის ურთირთობას მწერალ თომას მანთან. ცნობილია, რომ ადორნო მანს კონსულტაციას უწევდა რომან "დოქტორ ფაუსტუსზე" მუშაობისას.

მას მერე, რაც 1947 წელს თომას მანის ეს რომანი და ზემოთ ნახსენები "განმანათლებლობის დიალექტიკა" გამოვიდა, კვლავ დაიწყო გერმანიასთან კავშირების აღდგენა. ჰორკჰაიმერმა თავისი ინსტიტუტის კვლავ ფრანკფურტში დაბრუნება მოახერხა და ადორნოც ჩავიდა სამშობლოში. ამ პერიოდიდან მოყოლებული ადორნო გერმანიის უპირველეს ინტელექტუალურ ავტორიტეტთა შორის ირიცხება.

თუმცა ყველა არ ეთანხმებოდა მის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას. ფილოსოფოს მარტინ ჰაიდეგერის მოწაფე, ჰანა არენდტი თავის კოლეგას, კარლ იასპერსს სწერდა, რომ ადორნო ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსიმპათიო ადამიანია. ადორნოს არაჩვეულებრივი ერუდიციისა და მრავალმხრივი ჰუმანიტარული ინტერესების მიღმა თავად იასპერსიც "თაღლითობას" ხედავდა. ადორნოს თვით ჰორკჰაიმერების ოჯახშიც უსაზღვრო ნარცისად იცნობდნენ.

მაგრამ მისი უზომო ქარიზმა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ანტიპათია, რომელსაც იგი ხშირად ასხივებდა. ალბათ სწორედ ამ ქარიზმის დამსახურებაა, რომ ადორნო საქართველოშიც საკმაოდ მოდური სახელი იყო გასული საუკუნის ბოლოს. იგი მართლაც ინტელექტუალური წრეების სავალდებულო სალაპარაკო თემა და მოდა უფრო იყო, ვიდრე თანამედროვე ევროპის სულიერი კულტურის რეალურად გააზრებული სუბიექტი. მოუსმინეთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდი ჩვენი გადაცემის წინ.

[ზაზა შათირიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

თუმცა ადორნოს მიმართ დამოკიდებულება გარკვეულად შეცვალა საბჭოთა კავშირში მომხდარმა ძვრებმა, მას მერე, რაც ადორნოს ტექსტები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კვლავ ზაზა შათირიშვილს მოუსმინეთ.

[ზაზა შათირიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

ამ უნივერსალმა ინტელექტუალმა, რომლის აზროვნების სტილი დიდი ხნის მანძილზე ყველა ჰუმანიტარისთვის იყო აუცილებელი სახადი, ყველაზე უკეთ თვითონ გამოხატა თავისი ცხოვრების მიზანი. იგი ჯერ კიდევ სკოლაში, საგამოცდო ნაშრომში წერდა: "საკუთარ "მე"-ში სამყაროს აგება არის ცხოვრების ჭეშმარიტი საზრისიო."

[მუსიკა]

სილამაზის კონკურსების შესახებ

დავით კაკაბაძე:
ახლა სულიერიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ხორციელ სფეროში" გადავინაცვლოთ. დღევანდელი "მეათე სტუდიის" შემდეგი თემა ქალთა სიმალაზის კონკურსები გახლავთ. ამის მიზეზი რამდენიმეა. ჯერ ერთი ის, რომ ბოლო წლებში საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, სილამაზის უამრავი კონკურსი ტარდება - ქალაქების ულამაზესი გოგონების გამოვლენით დაწყებული და ქალთა კოლონიებში ჩატარებული სილამაზის კონკურსებით დამთავრებული. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის არის, რომ 21 სექტემბრისთვის დანიშნულ ფინალურ კონკურსზე, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება, 20 კონკურსანტიდან უნდა შეირჩეს ის ერთადერთი, ვინც წელს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სილამაზის კონკურსზე, "მის მსოფლიო 2003"-ზე პირველად წარმოადგენს საქართველოს. სილამაზის კონკურსების ისტორიას თამარ ჩიქოვანი შეგახსენებთ.

თამარ ჩიქოვანი:
ცოტა რამ თავად ამ კონკურსის ისტორიიდან, რომელიც 50 წელზე მეტს ითვლის. კონკურსის დამაარსებელმა, ბრიტანელმა ერიკ მორლიმ საქმიანობა საცეკვაო დარბაზის სარეკლამო აგენტად დაიწყო გასული საუკუნის 40-იან წლებში. დღეს მისტერ მორლი გასართობი ინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის პრეზიდენტია, რომლის მხოლოდ ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხები 100 მილიონ გირვანქა-სტერლინგს აჭარბებს.

მართლია, პირველი კონკურსი მორლიმ 1951 წელს ჩაატარა (კონკურსს "მის ბიკინი" ეწოდებოდა), მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სილამაზის კონკურსები მანამდე არ ტარდებოდა. ისტორიული ცნობების თანახმად, სილამაზის პირველ კონკურსს 1888 წელს ბელგიის საკურორტო ქალაქმა სპამ უმასპინძლა. სამწუხაროდ, ისტორიამ არავითარი ცნობა არ შემოგვინახა, თუ რა ბედი ეწია პირველი კონკურსის გამარჯვებულს, გვადელუპელ ბერტა სუკარეს, რომელსაც ჯილდოს სახით 5 ათასი ფრანკი გადაეცა. სამაგიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ სპაში აღებული სტარტი წარმატებული აღმოჩნდა თავად იდეისთვის სილამაზის კონკურსისა, რომლის ჩატარების ჟინი ნელ-ნელა მთელს სამყაროს მოედო.

ითვლება, რომ სილამაზის კონკურსები გამარჯვებულებს კარგ შანსს აძლევს მომავლის მოსაწყობად. ეს მოსაზრება უსაფუძვლო რომ არ არის, ამის მაგალითად თუნდაც მათი სახელების გახსენება კმარა, ვინც კარიერა სწორედ სილამაზის კონკურსში გამარჯვების შედეგად გაიკეთა, იქნება ეს ჯინა ლოლობრიჯიდა, სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე თუ ორნელა მუტი. თუმცა, სილამაზის კონკურსების ისტორია საკმაოდ სიტყვაძუნწია სხვა გამარჯვებულების ბედთან დაკავშირებით, რომელთა კარიერა, რბილად რომ ითქვას, წარუმატებელი გამოდგა. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება მაშა კალინინა - 1988 წელს საბჭოთა კავშირში პირველად ჩატარებული სილამაზის კონკურსის გამარჯვებული 15 წლის მოსწავლე, რომლის სახელი და გვარი საბჭოეთის სივრცეში ყველამ იცოდა.

თავდაპირველად მაშას ცხოვრება თითქოს კარგად აეწყო - მან კონტრაქტი გააფორმა ქალბატონ ბურდასთან, მოდების იმპერიის მფლობელთან და პოპულარული ჟურნალის გამომცემელთან. შემდეგ კი მაშას კვალი დაიკარგა. ბოლო ცნობებით, იგი ამერიკაშია, მაგრამ ვერც სამოდელო ბიზნესში გაუმართლა და ვერც რაიმე სხვა სფეროში.

კიდევ უფრო ნაღვლიანი აღმოჩნდა "მის მსოფლიო 1992"-ის, რუსი იულია კოროჩკინას ბედი, რომელმაც ამ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა მოსკოვის ერთ-ერთ სამოდელო სახლში მდივნად დაიწყო, შემდეგ კი საერთოდ გაქრა თვალსაწიერიდან. არადა, მას თითქოს საკმაოდ მომხიბვლელ პერსპექტივებს უქადდა "მის მსოფლიოს" ტიტული.

საერთოდ კი, სილამაზე რომ შემაშინებელ ძალას ფლობს, ეს შარშან კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ნიგერიაში "მის მსოფლიოს" კონკურსის გამართვის წინ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ - კონკურსანტები ისეთი ლამაზები არიან, მუჰამედიც კი მათგან ამოირჩევდა ცოლსო - ნიგერიაში საშინელი არეულობა გამოიწვია, რასაც 250-მდე ადამიანი ემსხვერპლა. კონკურსი სასწრაფოდ ლონდონში გადაიტანეს.

წელს სილამაზის კონკურსი "მის მსოფლიო" ჩინეთში გაიმართება. პირველად, მსოფლიოს 120 კონკურსანტს შორის მსოფლიოს ულამაზესი გოგონას ტიტულისთვის საქართველოს წარმომადგენელიც იბრძოლებს. ვინ იქნება იგი, 21 სექტემბერს გაირკვევა, როცა თბილისში ფინალური ტური გაიმართება. შესარჩევი ტურები კი მთელი საქართველოს მასშტაბით აგვისტოს თვეში ჩატარდა. შეირჩა 20 გოგონა. "მის მსოფლიოს" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "იმიჯ-ცენტრია". "იმიჯ-ცენტრის" არტ-მენეჯერის ქეთინო ხახუბიას ცნობით, კონკურსანტების შერჩევისას მკაცრი სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ:

[ქეთინო ხახუბიას ხმა] "თვითონ ინგლისიდან მოგვივიდა პროპორციები, რომელთა დარღვევის უფლება არ გვქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ლიცენზია გაგვიუქმდებოდა. პირველი - ეს არის ასაკი - 17-იდან 24 წლის ჩათვლით. მეორე - 170 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოს გოგონა. მაღალი - კი ბატონო. და პროპორციები - მკერდი, წელი, თეძო..."

მთლიანად შესარჩევ ტურებში 200-ზე მეტი გოგონა მონაწილეობდა. "ჩაჭრილი" კონკურსანტების მშობელთა ერთი ნაწილი - მათ პრესკონფერენცია 10 სექტემბერს გამართეს - ამტკიცებს, რომ კონკურსი არაობიექტური იყო. თავად კონკურსის ორგანიზატორები პრესკონფერენციის გამართვას უახლოეს დღეებში გეგმავენ. პრესკონფერენციაზე დასახელდება ფინალური ტურის ჟიურის თავმჯდომარის ვინაობა - ეს მაკა ასათიანი გახლავთ. ჟიურის სხვა წევრების ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ორგანიზატორები, ასევე ფინალურ ტურამდე, ჟურნალისტებს კონკურსანტებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. არგუმენტი - რომელიმეს გამორჩევა ცუდად იმოქმედებს სხვების განწყობაზე. ფინალამდე დარჩენილ დღეებში 20 კონკურსანტი ერთად ცხოვრობს, "იმიჯ-ცენტრის" სპეციალისტების დახმარებით იუმჯობესებს მეტყველებას, სწავლობს პოდიუმზე სიარულს და ფოტოობიექტივის წინ მუშაობას, ცურავს "ლაგუნა ვერეზე", იტარებს მაკიაჟის გაკვეთილებს და ასე შემდეგ. რაც ყველაზე უცნაურია, ქეთინო ხახუბიას თქმით, გოგონები ერთმანეთის მიმართ ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი და ერთმანეთს კონკურენტებად არ აღიქვამენ. არადა, კონკურსის წესი დაუნდობელია: ჩინეთში 20 გოგონადან მხოლოდ ერთი გაემგზავრება. ქეთინო ხახუბია ამბობს, რომ ჯერჯერობით დამარცხებაზე არავინ ფიქრობს.

არადა, ფსიქოლოდ რუსუდან მირცხულავას თქმით, რომელიც ფსიქოლოგიურად ამზადებს ხოლმე სიმალაზის კონკურსის მონაწილეებს, კონკურსანტებს უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ უხდებათ ცხოვრება:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] "ერთ-ერთმა მითხრა, ვისაც მონაწილეობა მიუღია ასეთ კონკურსებში - რამდენიმეს ხომ არჩევენ ბოლო - ოთხნი დგანან მგონი. და იქიდან ერთი უნდა შეირჩეს. და ეს არის, თურმე სრულიად აუტანელი გრძნობა. საშინლად განიცდიან და ღელავენ."

რას იღებენ კონკურსანტები ამ საშინელი ღელვის საფასურად? 21 სექტემბერს, ფინალურ კონკურსში მონაწილე გოგონები საკმაოდ ძვირად ღირებულ პრიზებს მიიღებენ - მათ შორის, ბინას თბილისში და ავტომანქანას. ზოგიერთ მათგანთან "იმიჯ-ცენტრი" კონტრაქტს გააფორმებს. ის მონაწილე კი, ვინც ჩინეთში გაემგზავრება და, ღმერთმა უწყის, იქნებ "მის მსოფლიო 2003"-ის ტიტულიც მოიპოვოს, დაჯილდოვდება 100 ათასი დოლარით, გახდება კეთილი ნების დესპანი, მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო ღონისძიებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და, ბოლოს და ბოლოს, დამეთანხმებით, ეს პრესტიჟია, როცა ყველაზე ლამაზად გაღიარებენ.

სხვათა შორის, "მის მსოფლიოზე" კარიერის გაკეთების შანსი იმ მოდელიერსაც ეძლევა, რომლის ტანსაცმელშიც იქნება გამოწყობილი კონკურსანტი. საქართველოს წარმომადგენლის ჩაცმულობაზე მოდელიერი თათა ვარდანაშვილი ზრუნავს. "იმიჯ-ცენტრის" მენეჯერის ეკა მეგრელიძის თქმით, [ეკა მეგრელიძის ხმა] "თათა კერავს კაბას 20 გოგონასთვის. ფინალისტისთვის - რომ გაიმარჯვებს - მერე ისევ შეიკერება ახალი კაბა. "მის მსოფლიო" სერიოზული ნაბიჯი იქნება თათასთვის, იმიტომ, რომ დაწესებულია პრიზი საუკეთესო კოსტიუმისთვის."

დაბოლოს: ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ "მის მსოფლიოს" დასახელებისას გამარჯვებული, როგორც წესი, ტირილს იწყებს. ფსიქოლოგ რუსუდან მირცხულავას განმარტებით, ეს სულაც არ არის სიხარულის ცრემლები. უბრალოდ, დიდი სტრესიდან გამოსვლისას ყველა ტირის. ანუ, ყველაზე ლამაზი ქალი შვებისგან ტირის, რომ ყველაფერი: ნერვიულობა, სტრესი, გადაღლა, ანუ კონკურსი, დასრულდა.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ეკატეპეკის თამამი ექსპერიმენტი, ანუ როგორ გააუქმეს წესები... წესრიგის დამყარების მიზნით

[ქუჩის ხმაური, მანქანების საყვირის ხმები]

დავით კაკაბაძე:
დაახლოებით, ალბათ, ასეთი დავიდარაბა და ხმაური ატყდებოდა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, სადაც ერთ მშვენიერ დღეს მოძრაობის წესებს გააუქმებდნენ. უფრო სწორად, გააუქმებდნენ არა თავად წესებს, არამედ ამ წესებითვე მიღებულ მრავალრიცხოვან ჯარიმას, როგორიცაა, მაგალითად, ჯარიმა აკრძალულ ადგილას დგომის ან გაჩერებისთვის, მარცხნივ თუ მარჯვნივ გახვევისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და სხვა.

"ატყდებოდა, მაგრამ რა ატყდებოდაო", იტყვის, ალბათ, მსმენელი. "ქალაქის ქუჩებში ანარქია გამეფდებოდაო", კვერს დაუკრავს მეორე. ვინმემ კი შეიძლება ისიც გვისაყვედუროს, ასეთ რამეზე საუბარი უაზრობაა, რადგან რეალურ ცხოვრებაში მაინც არ მოხდებაო.

გამოგიტყდებით, მეც ამ უკანასკნელივით მოვიქცეოდი, რომ არა ერთი ერთი გასაოცარი ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც ამ ორიოდე დღის წინათ, "ვაშინგტონ პოსტის" მეშვეობით შევიტყე. გაზეთის 8 სექტემბრის ნომერში მოთხრობილი ამბავი კი მართლაც გასაოცარი გახლავთ:

ერთი თვის წინათ მექსიკის ქალაქ ეკატეპეკის მერად 34 წლის ერუვიელ ავილა ვიიეგასი აირჩიეს. პირველი, რაც ქალაქის ახალგაზრდა თავკაცმა თანამდებობის დაკავებისთანავე გააკეთა, საგზაო წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების გაუქმება იყო!

არ გეგონოთ, ავილა ანარქისტი იყოს. ენერგიულმა პოლიტიკოსმა, განათლებით იურისტმა, უბრალოდ, გადაწყვიტა, ამ გზით შეებრძოლოს მექსიკის სამართალდამცავ სისტემაში გამეფებულ კორუფციას. ახალი მერის თეორია დაახლოებით ასეთია: თუ "წესრიგის დამცველი" დაჯარიმებით ვეღარ დაემუქრება წესრიგის დამრღვევს, მაშინ მას ვერც ფულს გამოსძალავს.

"ჩვენს ქალაქში რევოლუციური სიახლეები უნდა შემოვიღოთო", ამბობს ავილა და დასძენს: "მძღოლები მაინც ყოველთვის გადააჭარბებენ დაშვებულ სიჩქარეს, ყოველთვის გააჩერებენ მანქანას იქ, სადაც გაჩერება აკრძალულია. მაგრამ ახლა მათ აღარავისთვის მოუხდებათ ქრთამის მიცემაო."

ეკატეპეკის მცხოვრებნი ამ სიახლით აღტაცებული არიან. საგზაო პოლიციის მექრთამე თანამშრომლები ამიერიდან მათ ვეღარ გაუმწარებენ ისედაც არცთუ დალხენილ ცხოვრებას. რა გასაკვირია, თუ თვით პოლიციელებს სიხარულისა არაფერი ეტყობათ. ერთ ნაწილს - გასაგებია, რატომაც, ხოლო მეორეს, ანუ პატიოსან მოხელეებს, იმიტომ, რომ, მათი აზრით, ჯარიმების გაუქმებას საბოლოოდ მხოლოდ ქაოსი შეიძლება მოჰყვეს.

ამიტომ თუ იმიტომ, ქალაქის საგზაო პოლიციის 177 თანამშრომელიდან 12-მა უკვე დატოვა სამსახური და, ან პროფესია შეიცვალა, ან მექსიკის სხვა ქალაქში გადაბარგდა. როგორც ერუვიელ ავილა ვიიეგასი ამბობს, პოლიციელის საშუალო ხელფასი მის ქალაქში 420 დოლარს აღწევს, მაგრამ ისინი, ვისაც ნამუსზე ხელი აქვს აღებული, გაუფორმებელი ჯარიმების სახით ყოველთვიურად ამ თანხაზე ოთხჯერ, ხუთჯერ მეტს გამოიმუშავებს. ახლა უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა: "გამოიმუშავებდა", რადგან მექრთამეებს ეკატეპეკში - მეხიკოს ჩრდილოეთით მდებარე ამ ორმილიონნახევრიან ქალაქში - აღარაფერი ესაქმებათ; ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ქალაქს ერუვიელ ავილა ვიიეგასი თავკაცობს.

ახალგაზრდა მერი იმედოვნებს, რომ ახალი წესები ქალაქს ქაოსის მორევში არ გადაისვრის, მით უმეტეს, რომ ჯარიმების გაუქმება მხოლოდ წვრილმან დარღვევებს ეხება. ანუ, თუ ვინმემ მანქანის მართვა შეზარხოშებულმა გადაწყვიტა, მას საგზაო პოლიცია უწინდელი, მკაცრი წესებით მოჰკითხავს. ავილას კიდევ ერთი იმედი ის გახლავთ, რომ ეკატეპეკელები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ნებისმიერი მოქალაქისთვის აუცილებელი მოვალეობების შესრულებას და ბოროტად არ გამოიყენებენ წესების ასეთი რევოლიციურ ლიბერალიზაციას.

ავილა დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგია სასურველ ნაყოფს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ქალაქისა და მისი პოლიციის წამხდარი რეპუტაციის აღდგენას. თუმცა, მერმა ისიც კარგად უწყის, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება. თავად განსაჯეთ: მიმდინარე წლის მანძილზე ეკატეპეკში 42 პოლიციელი დააპატიმრეს მცირეწლოვანთა შორის ნარკოტიკების გასაღებისთვის. ამ რამდენიმე წლის წინათ ქალაქის მცხოვრებთა აღშფოთება გამოიწვია სისხლის სამართლის საქმემ ერთი პოლიციელისა, რომელმაც ფულის გამოძალვის მიზნით ათი წლის ბავშვი მოიტაცა და შემდეგ მოკლა. აღარაფერს ვამბობ მრავალრიცხოვან გახსნილ თუ გაუხსნელ ყაჩაღურ თავდასხმებზე, რომლებშიც "სამართალდამცავების" ხელიც ერია.

ხოლო შარშან ეკატეპეკმა მთელი მექსიკა აალაპარაკა, როცა გაირკვა, რომ ქალაქის მერმა (ავილას წინამორბედმა) საკუთარ თავს ამ ქვეყნისთვის მართლაც საარაკო თვიური ხელფასი - 45 ათასი დოლარი - დაუნიშნა. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ავილამ მერის სავარძლის დაკავებისთანავე გადადგა, ამ ხელფასის (ანუ საკუთარი შემოსავლის) ხუთჯერ შემცირება იყო: მინდა, თანაქალაქელებს დავუმტკიცო, რომ თავის გატანა პატიოსანი გზითაც შეიძლებაო.

ისე კი, მართალი გითხრათ, ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ახლა ეკატეპეკის ქუჩებში...

[ქუჩის ხმაური, მანქანების საყვირის ხმები]

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია" და მასთან ერთად ჩვენი დღევანდელი პროგრამა მთავრდება. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG