Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როლების გ ანაწილება პოლიტიკურ პროცესში


ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნები განსაკუთრებული პერიოდია. ამ დროს თვალნათლივ ჩანს, როგორ ფუნქციონირებს პოლიტიკური სისტემა, რამდენად სწორად არის გადანაწილებული როლები პოლიტიკურ პროცესში.



რატომ არ უყვართ საქართველოში არჩევნები რიგით მოქალაქეებს?

კითხვა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად სვამენ უბრალო ადამიანები, ასე ჟღერს: "გვეშველება რამე?" ეს კითხვა, ერთი მხრივ, მოიცავს საყვედურს ვიღაცის მიმართ, ვისაც შეუძლია ჩვენი შველა, მაგრამ არ სურს; მეორე მხრივ, მოიცავს საკუთარი უსუსურობის განცდას: ჩვენ კი გვსურს, მაგრამ არაფერი შეგვიძლია. კითხვა რიტორიკულია, რადგან პასუხსაც გულისხმობს: "არაფერიც არ გვეშველება".

როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესში სამი დონე მონაწილეობს: პირველ დონეს ამომრჩეველი ქმნის, მეორეს - პარტიის წევრი ან აქტივისტი, მესამეს - პოლიტიკური ლიდერი. იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, აუცილებელია როლების სწორად განაწილება სამ დონეს შორის. ეს არის ერთიანი ჯაჭვის სამი რგოლი, რომლებიც გარდაუვალი აუცილებლობით არიან დაკავშირებული ერთმანეთთან.

ამომრჩევლის მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში განაპირობებს რწმენა იმისა, რომ სწორედ ხალხი წყვეტს პოლიტიკოსების და ქვეყნის ბედს. ის ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ დადიან, საერთოდ უგულებელყოფენ საკუთარ როლს ქვეყნის მართვაში. ასეთი ბევრია.

ძველი დემოკრატიის ქვეყნებში, პირველი დონიდან, პოლიტიკით დაინტერესებული პირები მეორე დონეზე ინაცვლებენ. ისინი პარტიის წევრები და, შემდეგ, აქტივისტები ხდებიან; შესაბამისი უნარების გამოვლენის შემთხვევაში, პარტიულ იერარქიაში ზევით და ზევით მიიწევენ და, შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესის მესამე დონეზეც დამკვიდრდნენ. ესე იგი, რიგითი ამომრჩეველი ხდება პარტიის მხარდამჭერი, შემდეგ - მისი წევრი, შემდეგ - აქტივისტი, ბოლოს კი - ლიდერი. ლიდერის როლში იგი ხდება დამოკიდებული ამომრჩეველზე, ესე იგი, იმაზე, თუ რამდენად აცნობიერებს საკუთარ როლს პოლიტიკური პროცესის პირველი დონის თითოეული წარმომადგენელი. ლიდერი ცდილობს, შეიძინოს მხარდამჭერები, მოიპოვოს ნდობა, რიგით მოქალაქეს გააცნობიერებინოს საკუთარი როლი. თუ მოქალაქე ირწმუნებს, რომ მისი ხმა სჭირდება პოლიტიკურ ლიდერს და ქვეყანას, ხალისით და იმედით წავა არჩევნებზე.

საქართველოში ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. ლიდერები ხდებიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ პოლიტიკაში ჩართვას და მოიძიებენ შესაბამის ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. ისინი ყოველთვის რჩებიან დამოკიდებულნი პატარა, მაგრამ გავლენიან ჯგუფებზე და არა პოლიტიკური პროცესის პირველ ან მეორე დონეზე. ეს რეალობა ამომრჩევლის ცნობიერებაში აღიბეჭდება, როგორც როლების უსამართლო გადანაწილება პოლიტიკურ პროცესში. ეს რეალობა აჩენს კაპიტულანტურ კითხვას: "გვეშველება რამე?" და პესიმისტურ პასუხს: "არაფერი არ გვეშველება".
XS
SM
MD
LG