Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაფსი კანკუნში


ანტიგლობალისტებს სასიხარულო დილა გაუთენდათ: განხეთქილებითა და ბრალდებებით დასრულდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია კანკუნში,

სადაც ამ ორგანიზაციის 148 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები უცხოური ინვესტიციების, კონკურენციისა და ვაჭრობის ახალ წესებს განიხილავდენენ. ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლები ითხოვენ, რათა განვითრებულ სახელმწიფოებმა შეამაცირონ ფერმერების სუბსიდირება, რაც გაზრდის კონკურენციის საშუალებას მსოფლიო აგრარულ ბაზარზე.

"კანთ ბაი ზე ვერლდ" - "ვერ იყიდი მსოფლიოს", აი, ასე, ანსამბლ "ბითლზის" ცნობილი მელოდიის თანხლებით გამოხატეს აღტაცება ანტიგლობალისტებმა კანკუნში მას შემდეგ, რაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენცია სკანდალურად ჩაიშალა.

22 ქვეყნის, მათ შორის ბრაზილიის, ჩინეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები წინ აღუდგნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების მცდელობას 2005 წლისთვის დაემტკიცებინათ მსოფლიო ვაჭრობის ახალი შეთანხმება, რომელიც სავაჭრო ბარიერების შემცირებასა და ღარიბი ქვეყნების განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობს. თუმცა, განვითარებად ქვეყნების წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ და ბრალს სდებენ განვითარებულ ქვეყნებს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებენ. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესლო ამორიმ განაცხადა, ეს კოალიცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შიგნით სწორედ ამგვარი დისბალანისის საპირწონედ შეიქმნა.
[კესლო ამორიმის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ დავანახვოთ ეს ამ გაერთიანებით, განვითარებადი ქვეყნები ერთიანდებიან არა პოლიტიკური დროშის ქვეშ, არამედ კონკრეტული საკითხების გამო. იმის გამო, რომ წარმოვადგინოთ აგროკულტურული რეფორმების პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დაუმთავრებელი საქმეა და მე ვიტყოდი, რომ ფართო გაგებით, ჯერ არ დაწყებულიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შიგნით. მხედველობაშია მისაღები ასევე განვითარებადი ქვეყნების საჭიროებები და სპეციფიურობაც".

ღარიბი ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი დავის საგანია 300 მილიარდი დოლარის წლიური თანხა, რომლითაც განვითარებული ქვეყნები საკუთარ ფერმერების სუბსიდირებაზე ხარჯავენ. ეს გარემოება, განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთა აზრით, მსოფლიო ბაზარზე იაფი აგრარული პროდუქციის დაწინაურებას უწყობს ხელს და ავიწროვებს ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.
თუმცა, ამერიკის შეეერთბეული შტატების ვაჭრობის წარმომადგენლის, რობერტ ზოელიკის თქმით, განვითარებადი ქვეყნების მხრიდან უფრო მეტ კამათს აქვს ადგილი და ნაკლებია კომპრომისის სურვილი.

[რობერტ ზოელიკის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით, იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ რაღაცას მუქთად მიიღებენ. მათ შეუძლიათ წარმოადგინონ ათასნაირი მოსაზრება, იკამათონ, მაგრამ არ გვთავაზობენ არაფერს. ახლა კი ისინი ძალიან სუსხიან რეალობას წააწყდებიან, რადგან ამ სტრატეგიით სახლში ხელცარიელები დაბრუნდებიან".

მაგრამ ასეთი შედეგით, ბუნებრივია, არავინ არის კმაყოფილი. ერთადერთი, ვინც კანკუნის კონფერენციის ჩაშლით გახარებული დარჩა, ანტიგლობალისტები არიან, რომლებიც დიდხანს მღეროდნენ "კანთ ბაი ზე ვორლდს" კანკუნის ცენტრალურ მოედანზე.

მაგრამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შიგნით მომხდარი განხეთქილების მიუხედავად, ყველა ქვეყანა დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ორგანიზაციის განცხადებით, 148 ქვეყნის წარმომადგენელნი ხელახლა დეკემბრის შუაგულში შეიკრიბებიან, რათა კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ სადაოდქცეული საკითხების განხილვას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG