Accessibility links

logo-print

რაში ხარჯავენ საარჩევნო ფინანსებს პარტიები


საზოგადოებისთვის თვალსაჩინოა ამა თუ იმ პარტიის მიერ სატელევიზიო რეკლამაში ჩადებული თანხები. შესაბამისად, ის პარტიები, რომლებიც ყველაზე ინტენსიურ სარეკლამო კამპანიას აწარმოებენ,

სხვებზე მდიდრებად არიან მიჩნეული. სინამდვილეში, საარჩევნო ფინანსების დიდი წილი სულ სხვა მიმართულებით მიედინება.

რაში ხარჯავენ საარჩევნო ფინანსებს პარტიები?

როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ მათ საარჩევნო თანხები არ გააჩნიათ. ასეთი განცხადებების არავის სჯერა. მაგრამ, საზოგადოებამ, შესაძლოა, ზუსტად არც იცოდეს, რატომ არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა სერიოზული ფინანსების გარეშე. იმისათვის, რომ კარგად დავინახოთ, რისთვის სჭირდება ნებისმიერ პარტიას თანხა საარჩევნოდ, რომელიმე სოფლის მაგალითზე ვისაუბროთ. სოფელში პარტიამ უნდა მოძებნოს მხარდამჭერი, რომელსაც მიანდობს პასუხისმგებლობას არჩევნების შედეგზე. ამგვარი აქტივისტის შრომა რამდენიმე თვის განმავლობაში ფინანსდება. ეს ადამიანი კრებს ჯგუფს, რომლის წევრებიც კარდაკარ დადიან და მთელ სოფელში ეძებენ პარტიის პოტენციურ მხარდამჭერებს. რაც მთავარია, ჯგუფი ადგენს იმ ამომრჩეველთა ნუსხას, ვისაც პოლიტიკური არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. სასურველია, რომ კარდაკარ მოსიარულე ადამიანი სოფელში ავტორიტეტით სარგებლობდეს. ამიტომ, ამ ფუნქციას, როგორც წესი, მასწავლებლებს სთავაზობენ და შრომას გაცილებით უკეთ უნაზღაურებენ, ვიდრე ამას სახელმწიფო ახერხებს. შემდეგ ეტაპზე პარტიის აქტივისტი იწყებს მუშაობას ორივე კატეგორიის ამომრჩეველთან: პოტენციურ მხარდამჭერებთან და ჩამოუყალიბებლებთან; არკვევს, რა პრობლემის გადაწყვეტა მიაჩნია უმრავლესობას პირველი რიგის ამოცანად. დგება პრობლემების ნუსხა და მათ შორის პრიორიტეტი შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რა თანხას გამოყოფს პარტიის ცენტრალური ოფისი ამ კონკრეტული სოფლისთვის. მოცემული თანხის ფარგლებში, შესაძლოა, გადაწყდეს სკოლის სახურავის შეკეთება, საბავშვო ბაღის გარემონტება, სასმელი წყლის სისტემის გაწმენდა, ასფალტის დაგება გზის გარკვეულ მონაკვეთზე, მოუვლელი სკვერის განახლება, უფასო სამედიცინო შემოწმება ან სხვა რამ. უპირატესობა ენიჭება ისეთ პრობლემებს, რომლებიც მთელ სოფელს ეხება.

თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს რამდენ სოფელში გეგმავს წარმატებას ესა თუ ის პარტია; შესაბამისად, თუ გავიაზრებთ, რამდენი აქტივისტის და მათ მიერ შექმნილი რამდენი ჯგუფის შრომაა ასანაზღაურებელი სამი, ოთხი ან ხუთი თვის მანძილზე; თუ გავიხსენებთ, რამდენი მოუგვარებელი პრობლემაა თითოეულ სოფელში და როგორია პარტიებს შორის კონკურენცია, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება იმ თანხის შესახებ, რომელიც საარჩევნოდ დაიხარჯება. ამიტომ, საუბარი იმის შესახებ, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია ფინანსების გარეშე, ენთუზიაზმის ხარჯზე გეგმავს არჩევნების მოგებას, საზოგადოების აბუჩად აგდების ტოლფასია.
XS
SM
MD
LG