Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფაინენშნლ თაიმსმა" "თი-ბი-სი-ბანკი" მსოფლიოს საუკეთესო ბანკთა შორის დაასახელა


საქართველოში, მართალია, იშვიათი გამონაკლისის სახით, მაგრამ კარგი ამბებიც ხდება. ლონდონში "თი-ბი-სი - ბანკი" "ფაინენშნლ თაიმს გრუპის" ყოველწლიურ საბანკო კონკურსზე მსოფლიოს 124

წამყვან ბანკთან ერთად "წლის საუკეთესო ბანკად" დასახელდა. ეს ქართული კომპანიის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა - "მსოფლიოს წლის საუკეთესო ბანკების" რეიტინგში "თი-ბი-სი-ბანკი" პირველად შარშან მოხვდა. იმით, რა განაპირობებს კერძო კომპანიის წარმატებას ისეთ წარუმატებელი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, დეფოლტი ემუქრება?!

აღნიშნული კონკურსი საბანკო სამყაროს უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ბანკები მონაწილეობენ. რეიტინგში "თი-ბი-სი - ბანკი" ისეთ სახელგანთქმულ ინსტიტუტებთან ერთად მოხვდა, როგორებიცაა "ეიჩ-ეს-ბი-სი", "დოიჩე ბანკი", "ჯეი-პი-მორგანი", "ლემან ბრაზერსი" და "მერილ ლინჩი".

სპეციალისტების განცხადებით, "ფაინენშნლ თაიმსის" რეიტინგები მხოლოდ ბანკების უბრალო კლასიფიკაცია არ არის. "თი-ბი-სი-ბანკის" პრეზიდენტის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი აფასებს ბანკების არა მარტო ფინანსურ, არამედ მთელ რიგ მაჩვენებლებს. სწორედ ამის გამო მისთვის წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა.
[ვახტანგ ბუცხრიკიძის ხმა] "მოსალოდნელიც იყო, იმდენადაც მხოლოდ წელს, 8 თვის განმავლობაში, "თი-ბი-სი-ბანკი" გაიზარდა 80 მლნ ლარით, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ სწრაფი ზრდაა, თუ შევადარებთ ჩვენს გარემო პირობებს, სადაც "თი-ბი-სი ბანკს" უწევს მუშაობა. საკმაოდ სწრაფი ზრდა იყო სხვადასხვა მაჩვენებლებში და აღსანიშნავია ის მომენტი, რომ მაისის თვეში "თი-ბი-სი ბანკის" ერთ-ერთი სტრატეგიული ინვესტორი გახდა "სოროსის საინვესტიციო კაპიტალი" და ამის შემდეგ, ივნისიდან ერთად დავიწყეთ მუშაობა".

"თი-ბი-სი-ბანკში" აცხადებენ, რომ ლონდონურ წარმატებას ოდენ სიმბოლური ხასიათი არ აქვს. იგი აუცილებლად გამოიწვევს ინვესტორთა მოძიების გამარტივებასა და ახალი საკრედიტო ხაზების გახსნას.

თუმცა, "თი-ბი-სი-ბანკისა" და არა მარტო ამ ორგანიზაციის მომავალს, არაკომპეტენტური ხელისუფლების სახით, სერიოზული საფრთხე ემუქრება, - იგულისხმება კრედიტორთა პარიზის კლუბის მიერ საქართველოს დეფოლტად გამოცხადების შესაძლებლობა. "თი-ბი-სი-ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ საუბრობს:
[მამუკა ხაზარაძის ხმა] "საქართველომ არანაირად არ უნდა დაუშვას, რომ იგი დეფოლტის წინაშე დადგეს, რამეთუ ეს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს არა მარტო საბანკო სისტემის მიმართ, არამედ როგორც ასეთი ქვეყნის მიმართ, იმიტომ, რომ თუნდაც ის მცირე ინვესტიციები, რომლებიც დღეს ძალიან ნელა შემოდის საქართველოში, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ არ შემოდის, ზოგ შემთხვევაში საქართველოდან გაედინება აუტანელი გარემო პირობების გამო, ამის ბევრი მაგალითი არჩებობს, მე ვფიქრობ, ეს უფრო გაამძაფრებს სიტუაციას და ამ მხრივ პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადაიწევა".

თუმცა, სანამ ასეთი რამ არ მომხდარა, ბანკის ქართველი მესვეურები პარტნიორების - სოროსის, "აი-ეფ-სი"-ს და "დე-ე-გე"-ს თანხმობით, რეგიონალური მიმართულებით განვითარებას აპირებენ და ამ საქმეში, ხელისუფლებაზე მეტად, ღმერთის წყალობისა და საკუთარი მონდომების იმედად არიან.
[მამუკა ხაზარაძის ხმა] "ღმერთის წყალობითა და, ასე ვთქვათ, ჩვენი მონდომებით, იმედი გვაქვს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით სხვა ქვეყანაშიც, როგორც ცალკე საბანკო ერთეული, სახელად "თი-ბი-სი ბანკი".
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG