Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და სოხუმში თითქმის ერთსა და იმავე დროს


თბილისსა და სოხუმში თითქმის ერთსა და იმავე დროს

გაიმართა სილამაზის კონკურსები - "მის საქართველო" და "მის აფსნი". ერთი განსხვავებით - "მის საქართველო" სილამაზის მსოფლიო კონკურსზე იქნება წარმოდგენილი, "მის აფსნი" კი ინტერნეტსაიტზე "მის-აფსნი.ნაროდ.რუ". გასულ კვირას თბილისსა და სოხუმში თითქმის ერთდროულად გაიხსნა 1992-93 წლის საომარ მოქმედებებში დაღუპული მეომრების ძეგლები. ერთი განსხვავებით - ომში გამარჯვების ათი წლისთავს სოხუმში "აფხაზთა ერთიანობის სიმბოლოდ" აღიქვამენ, თბილისში კი სოხუმის დაცემის წლისთავი კვლავ პოლიტიკურ პარტიათა კინკლაობის, ურთიერთბრალდებების საბაბი ხდება. თუმცა ზეიმისა თუ გლოვის აღნიშვნის ფორმა და შინაარსი სოხუმსა და თბილისში აბსოლუტურად იდენტურია. კიდევ ერთ ინტერნეტსაიტზე, "აფხაზია. ქომ" შეგვიძლია გავიგოთ, როგორ აღნიშნავენ სოხუმში სექტემბრის დღესასწაულს: "გრძელდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღისთვის, 30 სექტემბრისთვის მზადება - აღნიშნულია საიტზე, - დღეს სოხუმის ქუჩების დასასუფთავებლად გამოვიდნენ ცალკეული კოლექტივები, სკოლის მოწაფეები. სოხუმის ქუჩებში შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ცოცხებითა და ნიჩბებით ხელში".

ეს ტექსტი ძალიან ჰგავს ინფორმაციებს, რომელიც დროდადრო ქვეყნდება ხოლმე ქართულ სამთავრობო (და არა მარტო სამთავრობო) გაზეთებში. ქართველებსა და აფხაზებს არა მარტო კულტურული ტრადიციები, ფოლკლორი, არამედ საბჭოთა ხანაში დამკვიდრებული ცხოვრების წესი, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, "კომუნისტური მენტალიტეტიც" აერთიანებთ. ვერც თბილისი და ვერც სოხუმი ამ მენტალიტეტისგან ვერ თავისუფლდება, რაც ყველაზე მეტად ეგრეთ წოდებული "სახალხო დღესასწაულების" აღნიშვნის სტილში წარმოჩინდება... და არა მარტო დღესასწაულებში.

ავთანდილ ვარსიმაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი რეჟისორი იყო, რომელმაც ორი წლის წინ აფხაზეთში წაგებულ ომს სპექტაკლი მიუძღვნა - "კომედიანტები". ეს წარმოდგენა კვლავაც წარმატებით იდგმება თბილისის "თავისუფალ თეატრში" და მაყურებელი, ისევე როგორც პრემიერაზე, კვლავაც მალავს სახეს წარმოდგენის მსვლელობისას, თავისი ცრემლის რცხვენია.

ვარსიმაშვილის ახალ ნამუშევარში - "ტელემისტერია", რომლის პრემიერა გასულ კვირას გაიმართა "თავისუფალ თეატრში", აფხაზეთს აღარავინ ახსენებს, თუმცა მაყურებლის რეაქცია აქაც ისეთივია, როგორც "კომედიანტებზე" - ხმამაღალი სიცილი სპექტაკლის დასაწყისში და ცრემლები ფინალში, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავაც "კათარზისის თეატრის" ერთგული რჩება. მან კვლავაც კარგად იცის, რაზე და, რაც მთავარია, როგორ შეიძლება თანამედროვე ქართველი მაყურებლის "აგდება", იცის თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთი გამორჩეული თვისება, არტისტიზმი, რომელიც რაც დრო გადის, სულ უფრო აშკარად გადაიზრდება ფარისევლობაში. ასეთ საზოგადოებაში კი არც ისე ძნელია მიაღწიო კათარზისს - დარბაზს უბრალოდ ნიღაბი უნდა ჩამოხსნა და მიახვედრო - იგი თავადაა ის, ვისაც წარმოდგენის დასაწყისში დასცინოდა... მას ხომ ამ სპექტაკლის ნახვამდეც უფიქრია იმაზე, რასაც "ტელემისტერიის" ავტორები გვახსენებენ - როგორ იქცევა მედია, ამ შემთხვევაში კი ტელევიზია ადამიანთა მანიპულაციის საშუალებად, როგორ კარგავენ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის უნარს და უბრალოდ, ტელევიზორის მაყურებლებად იქცევიან...

ერთი შეხედვით, ოჯახი, რომელსაც ავთო ვარსიმაშვილი "თავისუფალი თეატრის" ახალ წარმოდგენაში გვაცნობს, იმდენად ტიპიური თბილისური ოჯახია, რომ მსახიობებს დიდი ძალისხმევა არც სჭირდებათ გმირთა ხასიათების შესაქმნელად. მაგრამ საქმეც ისაა, რომ "ტიპიური თბილისური ოჯახის" ცნება დიდი ხანია აღარ არსებობს, დღევანდელი თბილისი - სოციალური კონტრასტების ქალაქია, მოსახლეობის ცალკეულ ფენებს შორის უფსკრული საგრძნობლად გაზრდილია. ნინო ბურდულისა და ნიკოლოზ გომელაურის სასახელოდ უნდა ითქვას (ეს მსახიობები "ოჯახის დედ-მამას" განასახიერებენ), რომ მათ მშვენივრად მოუყარეს თავი ამ განსხვავებულ ტიპებს... ნინო ბურდულის პერსონაჟი, მაგალითად, ერთდროულადაა მეშჩანიც და ეგრეთ წოდებული "ინტელიგენციის" წარმომადგენელიც. შეუძლია "მაღალ ხელოვნებაზე" ისაუბროს... ამავე დროს, მთელი დღე გაატაროს ტელევიზორთან და იკითხოს ბულვარული ქართული ჟურნალები... დღეს სწორედ ასეთი პერსონაჟია "ტიპიური" საქართველოში, ამიტომ ვარსიმაშვილის წარმოდგენის პრემიერაზე მოსულ მაყურებელს შორის ალბათ არავინ იყო ისეთი, ვინც "ტელემისტერიაში" თავისი თავი ვერ იცნო. თბილისში დღეს იშვიათად საუბრობენ "მაღალ ხელოვნებაზე", სიყვარულზე, ღმერთზე - თბილისში დღეს ტელევიზორს უყურებენ... ტელევიზორი ყველა ოჯახში ჩართულია. ხალხი ტელევიზორს უყურებს და ერთმანეთს ვერ ხედავს. ხალხი აღიარებს, რომ ასე ცხოვრობს, ბრაზდება კიდეც თავისივე ცხოვრების წესზე, მაგრამ, როგორც წესი, საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებს.

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

სპექტაკლის მეორე ნახევარში ამ ოჯახს არც მეტი არც ნაკლები - ქრისტე გამოეცხადება. უფრო სწორად, მდგმური, რომლის სექსუალური ორიენტაცია ოჯახის წევრებში ეჭვს იწვევს. მდგმური პალესტინიდან ჩამოვიდა. 33 წლისაა. სასწაულებს ახდენს, ხალხს სიყვარულისა და შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს, მაგრამ ესენი სასწაულებს ვერ ხედავენ... ესენი ხედავენ მხოლოდ ტელევიზორს და ქართული სატელევიზიო არხების მუდმივ პერსონაჟებს - შალვა ნათელაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძეს, ვახტანგ რჩეულიშვილს, ირინე სარიშვილს, ასლან აბაშიძესა და სხვებს... წარმოდგენის ფინალში ეს ხალხი სათითაოდ გამოჩნდება საგანგებოდ დამონტაჟებულ ეკრანზე... და სწორედ აქ უცრემლდება თვალი მაყურებელს. სწორედ აქ ხვდება, ვინ გადააქცია მან თავისი ცხოვრების გმირად, თუ ანტიგმირად, რა ფასეულობებით ცხოვრობს და რა ფასეულობებს სთავაზობს მას დღევანდელი ქართული ტელევიზია.

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

ეს ცრემლი, შესაძლოა, მართლაც იქცეს ნამდვილ კათარზისად "თავისუფალი თეატრის" ახალი წარმოდგენის ავტორებმა მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დრამატურგიის განვითარებას, ჟანრობრივად რომ გაამთლიანონ პირველი და მეორე მოქმედება, ცოტათი რომ განთავისუფლდეს პათეთიკისგან რამაზ იოსელიანის პერსონაჟი (მდგმური), მოქმედების საშუალება რომ მიეცეს მას და არ იყოს ასეთი ცალსახა სცენაზე. ეს ცრემლი, შესაძლოა მართლაც იქცეს კათარზისად ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც არჩევნების წინ მთლად ტელევარსკვლავები გაგვიხდნენ... თუკი, რა თქმა უნდა, ისინი თეატრისთვის მოიცლიან და "ტელემისტერიას" ნახავენ... ბოლომდე ნახავენ... "თავისუფალი თეატრის" ახალი წარმოდგენის პრემიერაზე მე თვალი მოვკარი ერთ დეპუტატობის კანდიდატს, რომელმაც წარმოდგენა პირველი მოქმედების შემდეგ დატოვა და ამიტომ, ვერ იხილა ეკრანზე თავისი პარტიის ლიდერი... არადა, საინტერესო იქნებოდა მისი რეაქცია, როცა დაინახავდა თვალცრემლიან ქართველ მაყურებელს - იმას, ვისაც ეშინია თავისუფლების, მაგრამ ჯერ კიდევ ახსოვს, რომ თავისუფლება... ტკბილია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG