Accessibility links

logo-print

რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია დარღვევებით მიმდინარეობს


იმის ილუზია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ან 2 ნოემბრის არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაივლის, ბუნებრივია, არავის აქვს, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული შეშფოთების საგანს რეგიონები წარმოადგენს,

სადაც საზოგადოებრივი კონტროლი, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს. რაიონებში ამომრჩევლის მოსყიდვის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსებისა და საბიუჯეტო სახსრების საარჩევნო კამპანიაში გამოეყენების ფაქტები ჩვეულებრივ, რიგით მოვლენად ითვლება. წინასაარჩევნო პროცესისათვის დამახასიათებელი ყველა ეს მანკიერება სახეზეა რუსთავში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ერთმანეთს პოლიციის გენერალი სოსო ალავიძე, პოლიციის პოლკოვნიკი ფრიდონ კენკებაშვილი და "რუსთავცემენტის" გენერალური დირექტორი, გიორგი სალაყაია ეცილებიან.

ამომრჩევლის გულის მოსაგებად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდებათ. ისინი აგებენ გზებს, გაჰყავთ წყალი, არემონტებენ სახურავებს, არიგებენ პენსიებს, ხელფასებს, ფქვილს და ასე შემდეგ.

თუმცა, როგორც ჩანს, დეპუტატობის რუსთაველმა კანდიდატებმა გათელილი გზიდან გადახვევა გადაწყვიტეს. ყოველ შემთხვევაში, გიორგი სალაყაიამ, რომელიც, მაჟორიტარულ არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკს წარმოადგენს, უშუალოდ არჩევნების წინ პოლიციელთა ჩაცმა-დახურვაზე დაიწყო ზრუნვა.

[დავით მჭედლიშვილის ხმა] "პოლიციას დიდი ხანია ფორმა არ მიუღია და ბატონი გოგის მხარდაჭერითა და ბატონი გოგის ძალისხმევით 120 ფორმა მოგვიტანა და გვირიგებს... ყველაფერია მთლიანად: ფეხსაცმელიდან დაწყებული, დამთავრებული თბილი კურტკით".

რუსთავის პოლიციის უფროსის, დავით მჭედლიშვილის ამ აღტკინებას რიგითი პოლიციელებიც იზიარებენ:
[პოლიციელის ხმა] "ერთი ხუთი-ექვსი წელიწადია ჩვენ არ მიგვიღია ეს ტანსაცმელი და მოხარული ვართ, რომ მივიღეთ. ბატონი გოგის დამსახურებაა, სალაყაიასი".
[პოლიციელის ხმა] "ძალიან დიდი ხანია ეს ფორმები არ მიგვიღია და მადლობლები ვართ ბატონ სალაყაიასი დახმარებისთვის და პოლიციისთვის გვერდში დგომისთვის".

კმაყოფილია თავად დეპუტატობის კანდიდატიც:
[გიორგი სალაყაიას ხმა] "აუცილებლად სჭირდება ამ ხალხს გვერდში დგომა, რომ ერთი წუთით არ იგნძნონ მათ, რომ ისინი მარტო არიან, გამომდინარე იმ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციიდან, გამომდინარე იმ რისკებისგან, რომელზეც ისინი გადიან ყოველდღიურად".

რუსთაველი პოლიციელებისაგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, პაატა გომელაურს, დეპუტატობის კანდიდატის მეცენატობაზე დიამეტრალურად განსხვავებული რეაქცია აქვს:

[პაატა გომელაურის ხმა] "გამორიცხულია ასეთი რამე, რომ ვინმემ შეუძინოს ფორმა ან ჩექმები, ან სხვა რაღაც მსგავსი ინვენტარი, რაც თქვენ ბრძანეთ. თუ თქვენ ფლობთ კონკრეტულ ინფორმაციას, იქნება უსწრაფესი რეაგირება".

თუმცა უნდა ითქვას, რომ სალაყაია დეპუტატობის ერთადერთი კანდიდატი როდია, რომელიც პარლამენტში მოხვედრას მრუდე გზებით აპირებს. ფრიდონ კენკებაშვილი, რუსთავის მერის, მერაბ ტყეშელაშვილის დახმარებით, სოსო ალავიძის მიმდინარე საარჩევნო კამპანიის კანონიერებას ეჭქვეშ აყენებს:
[ფრიდონ კენკებაშვილის ხმა] "პირდაპირ გამოვიდა მერაბ ტყეშელაშვილი, რომელმაც მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ მისცენ ხმა ალავიძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დატოვებენ თავიანთ თანამდებობებს".

ასე თუ ისე, ქველმოქმედებით გატაცებული რუსთაველი კანდიდატები ჯერჯერობით თავს ლაღად გრძნობენ. ეტყობა, დეპუტატობის მსურველებმა არ იციან, რომ არჩევნების მოგების შემთხვევაშიც კი არაა გამორიცხული, ზოგიერთ მათგანს, პარლამენტის ნაცვლად, სასამართლოში მოუწიოს სიარული.

ჩემთან საუბარში, "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დეპუტატობის კანდიდატთა ქველმოქმედების შესახებ ასეთ ასეთ განცხადებას აკეთებს.
[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "თუ სახელმწიფო სახსრებია გამოყენებული და ბუნებრივია, გამოყენებულია სწორედ სინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის მიზნით, ბუნებრივია ეს ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად"( სტილი დაცულია)

XS
SM
MD
LG