Accessibility links

logo-print

რა კავშირი აქვს ასლან აბაშიძეს ადამიანის გატაცებასთან


სამართალდამცავებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალი კახათიდან 24 სექტემბერს გატაცებული როლანდ ჩანგელიას კვალს ჯერჯერობით კვლავ ვერ მიაგნეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით,

გამტაცებლებმა იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში კარგა ხნის წინ გადაიყვანეს, მაგრამ გამოსასყიდის მოთხოვას არ ჩქარობენ. დაზარალებული მხარის ახლობლები მომხდარს ძირითადად პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და ამ კონტექსტში აჭარის ლიდერის, ასლან აბაშიძის გვარსაც ასახელებენ. აბაშიძის გარემოცვას კი ამგვარ ბრალდებაზე მხოლოდ ეცინება.
ზუგდიდიდან მიღებული ბოლო ინფორმაცით, როლანდ ჩანგელიას დედას რძალთან სერიოზული უსიამოვნება მოუვიდა, რადგანაც იგი შვილის გატაცებას სწორედ რძლის ნათესავს - ლევან ქიძინიძესა და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ინტრიგებს აბრალებს. საქმე ის გახლავთ, რომ ჩანგელია ქიძინიძის მიერ დაარსებული "დემოკრატიული სიმართლის პარტიის" ერთ-ერთ ძირითად ფიგურად სახელდება და, თანაპარტიელთა აზრით, შესაძლოა სწორედ ეს გამხდარიყო მისი შევიწროების მთავარი მიზეზი.

მთავარ შემვიწროებლად თავად ქიძინიძე აჭარის ლიდერს, ასლან აბაშიძეს ასახელებს. ერთ დროს მეტად ახლობელი ამ ორი პიროვნების გზები დაახლოებით 5 წლის წინ მწარედ გაიყო და, როგორც ამბობენ, მას შემდეგ ქიძინიძე პოლიტიკური დევნილის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობს. თუმცა, აჭარის წარმომადგენლობაში მას ინტერპოლის მიერ ძებნილ კრიმინალად მოიხსენიებენ, რომელსაც, არაერთი დანაშაულის გამო, სულ მალე გერმანიიდან საქართველოში ექსტრადიციაც მოუწევს. მაგალითად, აჭარის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილი ქიძინიძეს ცილისმწამებლად და სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მიმტაცებლად ასახელებს. რაც შეეხება აჭარის ხელმძღვანელობის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, ჭიპაშვილი მათ არასერიოზულად აღიქვამს:

(ჭიპაშვილის ხმა) "ამას, მე მგონი, კომენტარიც არ სჭირდება - იმდენად სასაცილო რამ არის. ლევან ქიძინიძე არ არის ის ფიგურა, რომ აჭარის ოფიციალური ხელისუფლება ასეთ რამეს აკეთებდეს. და საერთოდ, აჭარის ხელისუფლების სტილი არ არის ეს".

ქიძინიძე არასოდეს ყოფილა ასლან აბაშიძის მრჩეველი და თუკი იგი ბევრს სწორედ ამ სტატუსით ახსოვს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა. აჭარის ხელისუფლებისთვის მას, აბა, რა უნდა ერჩია? - პასუხის შემცველ, ირონიულ შეკითხვას სვამს ჭიპაშვილი.

ასეა თუ ისე, "დემოკრატიული სიმართლის პარტიის" დამფუძნებელი თავისას არ იშლის და, როგორც ამბობენ, იგი აბაშიძის არძინბასთან კავშირზეც საუბრობს. ამგვარ ლოგიკას ქიძინიძე, თურმე, იმიტომ იშველიებს, რომ მისი პარტიის მთავარი საყრდენი - გატაცებული როლანდ ჩანგელია სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეგულება.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურა კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ სისხლის სამართლის საქმე 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით არის აღძრული. შეკითხვაზე - აქვს თუ არა საქმის გახსნის იმედი, ზუგდიდის რაიონის პროკურორი მურთაზ ნარმანია პასუხობს:

(ნარმანიას ხმა) "რა ვიცი, აბა, ბევრი გახსნილა, ბევრი არ გახსნილა, ვნახოთ... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერს დავაკლებთ და ვნახოთ".

ჩანგელიას პოვნასთან მიმართებით ასეთივე პირობას დებენ რუსეთის სამშვიდობო ძალები, მაგრამ ჯერჯერობით - ასევე უშედეგოდ.
XS
SM
MD
LG