Accessibility links

გამოიყენებენ თუ არა დევნილები მინიჭებულ უფლებას


თუკი აქამდე დევნილებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ პარტიებისთვის შეეძლოთ, 2003 წელს კანონი მათ (დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სასურველი

მაჟორიტარი კანდიდატის არჩევის უფლებასაც აძლევს. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობის მიუხედავად, დევნილთა უმრავლესობას 14 აგვისტოს მინიჭებული ამ მნიშვნელოვანი უფლების შესახებ ჯერჯერობით არაფერი სმენია.

თბილისში, ვაკის სტუდქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები 900 დევნილიდან დაახლოებით 600 პოტენციური ამომრჩეველია. თუმცა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბევრმა მათგანმა შესაძლოა თავისი საარჩევნო უფლებები რიგიანად ვერც კი გამოიყენოს. შეკითხვაზე - იცით თუ არა, რომ თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება გაქვთ - თითქმის ყველასგან ერთნაირი უარყოფითი პასუხი მივიღე:

[ხმა:] "არ ვიცი, არა... არა, არ გამიგია.
- ესე იგი, ჯერჯერობით თქვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა?
- არა, არა, არა...
- არა, პირადად მე არ ვიცოდი...
- არც თქვენმა ოჯახმა?
- არა, ახლა პიროვნებას თუ დავიცავდით რომელიმეს, ეს არ ვიცოდით..." .

როგორც აღმოჩნდა, ჩემთან მოსაუბრე დევნილებს არც ის სააგიტაციო პლაკატები შეუმჩნევიათ, რომლებიც მათ კორპუსებსა თუ კოტეჯებში 2 დღის წინათ გაკრულა. არადა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით დამზადებული პლაკატები დევნილებს თავიანთ საარჩევნო უფლებებს აბსოლუტურად გასაგები ენით უხსნის და მოქალაქეობრივი აქტიურობისაკენაც მოუწოდებს.

რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ დევნილები მიწოდებულმა ინფორმაციამ დიდად აღაფრთოვანა და,
ალბათ, გასაგებიც არის. მათი ყოფა იმდენად გაუსაძლისია და დღითი დღე იმდენად მძიმდება, რომ
იმედიც თან მიაქვს და აქტიურობის სურვილიც. პარტიებმა რა ხეირი დაგვაყარეს, რომ ახლა
მაჟორიტარებმა აგვაშენონ - ირონიულად კითხულობენ ჩემი რესპოდენტები და არჩევნებზე
წასვლასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მართალია, ასეთივე პოლიტიკურ უიმედობას იჩენს ვაკის სტუდქალაქის აქტივის თავმჯდომარე,
თავადაც აფხაზეთიდან დევნილი მარინა ჩაჩანიძე, მაგრამ არჩევნებზე წასვლას მაინც აპირებს:

[ჩაჩანიძის ხმა:] "მე ახლა, რა თქმა უნდა, წასვლით - წავალ, მაგრამ უმრავლესობას სტიმული არ აქვს. 70-80% იმაზე ფიქრობს - რით იარსებოს. არჩევნები ერთია, მაგრამ ხალხს ინტერესი დაკარგული აქვს. იმედი არ არის არაფრის. რამდენი წელია აქ ვართ და, კი ხედავთ, რა სიტუაციაში ვართ".

თუმცა, არჩევნებზე მხოლოდ წასვლას რა აზრი აქვს, თუკი იქ სწორი არჩევანის გასაკეთებლად არ მიდიხარ. მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ვაკის სტუდქალაქში მცხოვრები დევნილები ჯერჯერობით მზად საერთოდ არ არიან და უკეთესი მდგომარეობა, ალბათ, არც სხვა უბნებში იქნება. იმისათვის, რომ ენდო და აირჩიო, ჯერ უნდა გაიცნო. ვაკის რაიონში დასახელებულ კანდიდატებს ამ უბნის დევნილები საერთოდ არ იცნობენ, ხოლო, უკეთეს შემთხვევაში, ერთი-ორი მათგანი ეკრანიდან უნახავთ. კანდიდატები პოტენციურ ამომრჩევლებს მრავალი ჭრელი დაპირებით, ალბათ, უახლოეს მომავალში ესტუმრებიან და თავის მოწონებასაც შეეცდებიან.

როგორ დახვდებიან მათ დევნილები? თუკი მოვლენ, შევხვდებით, ზრდილობის გულისთვის მოვუსმენთ კიდეც, მაგრამ ჩვენ ყველაფერს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ - აი, რას ამბობენ ისინი. მათი ნდობის მოპოვება ნამდვილად ძნელი იქნება.
XS
SM
MD
LG