Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, "პრომეთეს"


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, "პრომეთეს"

დახურვის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართა კინოთეატრ "ამირანში", გამარჯვებულების გამოცხადებით არ დაწყებულა. სანამ სცენაზე ჟიური ავიდოდა, ფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ წარმოადგინა შვიდწუთიანი ჰოლანდიური ფილმი - "ჰაერში თოფის გასროლის შემდეგ", რომლის გმირები თოფის მსროლელი ქართველი ვაჟკაცები არიან. თუმცა, ამ ექსპერიმენტული ფილმის რეჟისორმა, ზანდერ ბლომმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქ მხოლოდ და მხოლოდ ფონია.

[ზანდერ ბლომის ხმა. თარგმანი]: "მართალია, ჩემი ფილმი საქართველოშია გადაღებული, ეს ამბავი შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს".

ძნელია იმის თქმა, რამდენად გულწრფელი იყო ჰოლანდიელი რეჟისორი. ფაქტია, რომ მისი თვალით დანახული საქართველოს სურათი არც ისე სასიამოვნო სანახავია. ქართველი "თოფიანი კაცები" აქ საჭურისებს უფრო ჰგვანან, რომლებიც "თოფებით" ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი ვაჟკაცობა. ხოლო რისი სიმბოლოა გრძელი და "კარგად მსროლელი" თოფი, არა მარტო ჰოლანდიაში, საქართველოშიც იციან. ყოველ შემთხვევაში, იციან იმ ადამიანებმა, რომლებმაც კინოთეატრ "ამირანის" დარბაზი ბოლომდე შეავსეს "პრომეთეს" საზეიმო დახურვაზე - კინოს მოყვარულებმა, სტუდენტებმა, კინემატოგრაფისტებმა... სწორედ ეს ხალხი, და არა პოლიტიკოსები დაპატიჟეს თბილისის კინოფორუმის დასკვნით საღამოზე. ფესტივალის დირექციამ, როგორც ჩანს, გაითვალისწინა, რომ არჩევნების წინ ქართველ პოლიტიკოსებს კინოსთვის არ ცხელათ (სხვათა შორის ნადირობა, ანუ "თოფის სროლა" არაერთი ქართველი პოლიტიკოსის ჰობია). თუმცა, "პრომეთეს" საზეიმო დახურვას ერთი პოლიტიკოსი მაინც დაესწრო - პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. უფრო მეტიც, ქალბატონი ნინო სცენაზეც ავიდა და თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი დიტო ცინცაძეს გადასცა.

"რადიო თავისუფლებამ" უკვე მიულოცა დიტო ცინცაძეს სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი. თუმცა, როგორც თავად დიტო აღნიშნავს, "ოქროს პრომეთე" მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სან-სებასტიანის "ოქროს ნიჟარა". შეიძლება იმიტომ, რომ თბილისის მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე დიტო ცინცაძე პრიზის გარეშე დატოვეს. თუმცა, ეს სულ სხვა დრო იყო - იმხანად "პრომეთე" თეატრალურ ფესტივალთან, "საჩუქართან" ერთად იმართებოდა. კონკურსი უფრო ძლიერი იყო და, რაც მთავარია, მისი პირველი გერმანული ფილმი - "ხელმოცარული მკვლელები" დიდი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზით არ აღუნიშნავთ.

ასე რომ, დიტო ცინცაძის ახალი ფილმის "გასროლის შიშის" გამარჯვებას თბილისში აბსოლუტურად ყველა ელოდა. განსაკუთრებით ისინი, ვისაც "მეოთხე პრომეთეს" ათივე საკონკურსი ფილმი ნანახი ჰქონდა. ერთსულოვანი იყო ჟიურიც, რომლის ერთ-ერთი წევრი თქვენი მონა-მორჩილი გახლდათ. ჟიურის დასკვნითი სხდომა ერთ საათში დასრულდა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მხოლოდ "ვერცხლის პრომეთეს" კანდიდატმა. ჟიურის ზოგიერთმა წევრმა ამერიკულ ფილმს, ამირ ნადერის "მარათონს" დაუჭირა მხარი. თუმცა, "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისათვის მაინც პოლონურ სურათს, "ედის" ერგო. ამბავმა შუახნის მამაკაცზე, რომელიც პოსტკომუნისტურ პოლონეთში ჯართის შეგროვებით ირჩენს თავს, კარგა მაგრა აუჩუყა გული ქართველ მაყურებელს. ჟიურის თავმჯდომარემ, ნიუ-იორკის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორმა პიტერ სკარლეტიმ ფესტივალის დახურვის ცერემონიალზეც კი აღნიშნა, რომ ერთ-ერთი "პრომეთეთი" აუცილებლად დაჯილდოვდებოდა რეზო ესაძე, მისი ფილმი - "ჭერი" კონკურსში რომ ყოფილიყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, წლევანდელ ფესტივალზე მაყურებლის პრიზი რომ დაწესებულიყო, "პრომეთეს" დასკვნით ცერემონიალზე კიდევ ერთხელ გაიხსენებდნენ მიხეილ კალატოზიშვილს. დიდი რეჟისორის ასი წლის იუბილეს მიეძღვნა კალატოზიშვილის ფილმის, "მე - კუბას" ჩვენება. "ამირანის" დირექცია ამბობს, რომ კინოთეატრის გახსნიდან დღემდე ასეთი ანშლაგი აქ არ ახსოვთ. სკამების ჩადგმა გასასვლელში საკმარისი არ აღმოჩნდა. ორსაათიანი ფილმის ბოლომდე დარბაზიდან ერთი კაციც კი არ გასულა. 1964 წელს გადაღებული და საბჭოთა ცენზურის მიერ თაროზე შემოდებული ფილმი საზოგადოებამ თავისუფლების ჰიმნად აღიქვა. სეანსის დასრულების შემდეგ ვიღაცამ იყვირა კიდეც - "გაუმარჯოს რევოლუციას!"

მაგრამ "პრომეთეს" საზეიმო დახურვაზე მობრძანებულმა პუბლიკამ ისიც იცის, რა მოჰყვება ხოლმე რევოლუციებს. იცის, რომ რევოლუციებში, როგორც წესი, "თოფიანი კაცები" აქტიურობენ ხოლმე - ის კაცები, რომლებიც სხვადასხვა ნიღბით მოგვევლინენ თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებში წარმოდგენილ ფილმებში. მათ შორის, "ოქროს პრომეთეთი" აღნიშნულ დიტო ცინცაძის ფილმში.

"გასროლის შიშის" სეანსი თბილისის მეოთხე კინოფესტივალზე ერთი დღით გადაიდო. ფირი დაგვიანებით ჩამოვიდა და ჟიური იძულებული გახდა სურათი ვიდეოფირზე ენახა. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ეს ქართულ-გერმანული ფილმი განსაკუთრებული კულტურული სინთეზის პროდუქტია. თუმცა პრესაში არაფერი თქმულა ფილმის სცენარის თანაავტორზე, დირკ კურბუვაიტზე. "გასროლის შიში" სწორედ მისი ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ჩვენთან საუბარში დიტო ცინცაძის ყოფილი თანაავტორი და "გასროლის შიშში" ეპიზოდური როლის შემსრულებელი ლაშა ბაქრაძე აღნიშნავს:

[ლაშა ბაქრაძის ხმა]: "მწერალი არის "შპიგელის" ჟურნალისტი. ეს არის მისი მეორე რომანის ეკრანიზაცია. რასაკვირველია, რომანი ძალიან შეიცვალა. უწინ ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ დიტომ მთლიანად ამოიღო პოლიტიკური მხარე და ყოფითში გადაიტანა... ამ ავტორმა დაწერა მშვენიერი პატარა სტატია, თუ როგორ წერდა დიტოსთან ერთად სცენარს გერმანულ ჟურნალ "მერკურში"... არ იცნობდა მანამდე არც დიტოს და არც საქართველოს".

ლაშა ბაქრაძის თქმით, გერმანიაში კურბუვაიტის სცენარი, ეს ამბავი ახალგაზრდა პაციფისტზე, რომელიც ერთწლიან სამხედრო ვალდებულებას სამოქალაქო სამსახურით იხდის, აღიქვეს, როგორც ტრილერი... ან ტრილერი თუ არა, რაღაც "ჰოლივუდური"... მაგრამ დიტო ცინცაძემ ასპროცენტიანი ევროპული ფილმი გადაიღო -ახალგაზრდა კაცის ეგზისტენციალური დრამა, ამბავი ფარულ აგრესიაზე, რომელსაც ადამიანი იარაღთან ურთიერთობაში ავლენს ხოლმე.

[ლაშა ბაქრაძის ხმა]: "ამ ფილმის გადასაღებად რამდენიმე რეჟისორი მოსინჯა პროდუქციის ფირმამ... და ყველა გერმანელი რეჟისორი, მას შემდეგ, რაც ამ რომანს კითხულობდნენ, ამბობდნენ, ახლა გავაკეთებთ აქედან "ტაქსის მძღოლსო"... ამ კაცს ეშინოდა და ამბობდა, არ მინდა "ტაქსის მძღოლი", დამანებეთ თავიო... ბოლოს პროდუქციის ფირმამ დიტოს მიმართა, მას შემდეგ, რაც ნახეს მისი ნამუშევრები".

დირკ კურბუვაიტი აღფრთოვანებული დარჩა დიტო ცინცაძის ფილმით. ლაშა ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ გერმანელები, რომლებმაც შედარებით გულგრილად აღიქვეს "ხელმოცარული მკვლელები", "გასროლის შიშს" ეროვნული კინოს დიდ გამარჯვებად მონათლავენ. ალბათ იმიტომ, რომ დიტო ცინცაძის ფილმი პირველ რიგში გერმანული კინოს საუკეთესო ტრადიციების გაგრძელებაა. ამავე დროს, ქართული კრიტიკა დიტო ცინცაძის ფილოსოფიურ იგავს ოთარ იოსელიანის სურათებს ადარებს, იმ იოსელიანს, რომელმაც თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო გახსნაზე ლამის მიტინგი მოაწყო სცენიდან ჰოლივუდის წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამებში წარმოდგენილი ამერიკული ფილმების უმრავლესობა არ არის გადაღებული ჰოლივუდში. კონკურსგარეშე პროგრამის ფავორიტები: ერთი, ლარს ფონ ტრიერის ანტიჰოლივუდური კინოაბსურდი "დოგვილია", მეორე კი ამერიკელი დამოუკიდებელის, ლარი კლარკის "კენ პარკი". კლარკის ფილმს, ცენტრალური კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მცხოვრებ მოზარდებზე, რომლებიც ვერაფრით უმკლავდებიან მშობლების ძალადობას, შეიძლებოდა სკანდალი გამოეწვია თბილისის კინოფესტივალზე: სურათი ხომ სავსეა ბრწყინვალედ დადგმული ნატურალისტური, მათ შორის ეროტიკული სცენებით და ზემოქმედების ძალით არ ჩამოუვარდება პაზოლინის ფილმს "სალო, ანუ სოდომის 120 დღე"... მაგრამ სკანდალი არ მომხდარა... მორალის პოზიციიდან მხატვრულ ნაწარმოებს ხომ ჩვენში, როგორც წესი, პოლიტიკოსები აფასებენ. პოლიტიკოსებს კი ამ დღეებში კინოფესტივალისთვის არ ეცალათ... არადა, მათ თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალზე ნაჩვენები კალატოზიშვილის "მე - კუბა", ან თუნდაც "თოფიან კაცებზე" გადაღებული ფილმები რომ ენახათ, არჩევნების წინ სილამაზეს შეიძლებოდა მართლაც გადაერჩინა საქართველო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG