Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი 2 ნოემბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება - მართალია, სადეპუტატო მანდატებისთვის საკმაოდ სოლიდური რაოდენობის პოლიტიკური ძალები - 22 პარტია

- და საარჩევნო ბლოკი იბრძოლებენ, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია თუნდაც 1999 წლის საპარლამენტო და 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების რაოდენობასთან შედარებით. ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, რატომ შემცირდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.

1999 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისას, რომლის შემდეგაც პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 5-ის ნაცვლად, 7 პროცენტიანი ბარიერი დაუწესდათ, მაშინდელი პარლამენტარები თავის გადაწყვეტილებას პარტიათა გამსხვილების აუცილებლობით ხსნიდნენ. თუმცა, 7 პროცენტიანი ბარიერის შემოღებას 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა რაოდენობაზე დიდად არ უმოქმედია - 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში 50 პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა, თუმცა 7 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ - "მოქალაქეთა კავშირმა", "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირმა" და მოძრაობამ - " მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დაძლია.
2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში (შეგახსენებთ, ამ არჩევნებს პოლიტიკოსები საპარლამენტო არჩევნების წინ გენერალური რეპეტიციის დატვირთვას ანიჭებდნენ) უკვე 41 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. მათგან საქართველოს სხვადასხვა რაიონის საკრებულოში მანდატი 14 პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა მიიღო. 2 ნოემბრის არჩევნებში კი უკვე 22 პარტია და საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში პარტიათა გაერთიანების პროცესი დაიწყო. მაგალითად, მართალია, საარჩევნო პროცესში აღარ მონაწილეობს საქართველოს ეკონომიკურად და სოციალურად დაზარალებულთ პარტია, სამაგიეროდ, 2 ნოემბრის არჩევნების ახალ სუბიექტად მოგვევლინა "საქართველოს სახალხო კაპიტალიზმის პარტია". საპარლამენტო არჩევნებში არ მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სუბიექტი მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია "საქართველოს ლექტორთა კავშირი", სამაგიეროდ, საპარლამენტო არჩევნებში ძალას მოსინჯავს პოლიტიკური ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები."
ამავე დროს, არიან პარტიები, რომლებიც საქართველოში აქამდე ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობდნენ, ამჯერად კი 2 ნოემბრის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერი, თამარ ჩხეიძე 2 ნოემბრის არჩევნებში არ მონაწილეობას ასე ხსნის:
[ თამარ ჩხეიძის ხმა] "ძირითადი მიზეზი ის არის, რომ საერთოდ არ მიგვაჩნია არჩევნებად. არსებითი ცვლილება არ მომხდარა არავითარი. იმიტომ, რომ არ არის დაცული ორი ძირითადი პირობა - თანასწორუფლებიანობა მონაწილე სუბიექტებისთვის და ფულის როლის შეზღუდვა. მაშინ, როცა საქართველოში ფული ლეგალური და წესიერი გზით არ მოიპოვება, ასეთ დროს ბუნებრივია, რომ ამის შეზღუდვის გარეშე რაიმე ნორმალურ არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს".
ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მოჰიკანი - "მერაბ კოსტავას საზოგადეობა" სხვა მიზეზით უცხადებს ბოიკოტს არჩევნებს - ამ საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერის, დავით კუპრეიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგი უკვე გადაწყვეტილია და პარლამენტში მხოლოდ პრორუსული ძალები მოხვდებიან:
[დავით კუპრეიშვილის ხმა] "მერაბ კოსტავას საზოგადეობა ბოიკოტს უცხადებს 2 ნოემბრის არჩევნებს იმ მიზეზით, რომ ჩვენ ვთვლით - 12 წელია საქართველოს გამოცხადებული აქვს დამოუკიდებლობა, ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, ისეთი გაყალბებით და ისეთი ძალადობით, როგორც 2 ნოემბრის არჩევნები ჩატარდება, საქართველოს არ ემახსოვრება".
რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2 ნოემბრის არჩევნებს კვლავინდებურად ბოიკოტს უცხადებს ყოფილი ხელისუფლების დასაყრდები პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკანონო ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG