Accessibility links

საქართველომ აზერბაიჯანთან ვალის რესტრუქტურიზაციას მიაღწია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ, ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. საქართველოს საგარეო ვალდებულებების

ოდნავ შესამსუბუქებლად ეს ხელშეკრულება, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ქვეყნისათვის, რომელსაც წლის ბოლოს უფრო მსხვილი კრედიტორების წინაშე მოუწევს პირისპირ წარდგომა, მხოლოდ ეს ხელშეკრულება დიდი ვერაფერი შეღავათია. გესაუბრებით საქართველოს საგარეო ვალდებულებების შესახებ.

ბაქოში ვიზიტად მყოფმა ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე ხელშეკრულება კიდევ ერთ კრედიტორთან გააფორმა. მირიან გოგიაშვილმა 2001-2002 წლებში აზერბაიჯანისთვის გადასახდელი თანხის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმებას მიაღწია.

ამრიგად, აზერბაიჯანი რიგით მე-10 ქვეყანაა, რომელთანაც "პარიზის კლუბის" ფარგლებში ვალის რესტრუქტურიზაცია გაკეთდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს 16 მილიონ 190 ათასი აშშ დოლარის ვალი ერიცხება. რესტრუქტურიზაცია 2001-2002 წლებში გადასახდელი ვალის ძირითად თანხას, 3 მლნ. 200 ათას დოლარს, გაუკეთდა. შეთანხმების თანახმად, საქართველო ამ თანხას 20 წლის შემდეგ გადაიხდის.

კრედიტორთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე წარმატებით დასრულებული მოლაპარაკება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა აზერბაიჯანი საქართველოს კრედიტორებს შორის თითქმის ყველაზე "დამყოლი" და კეთილგანწყობილი ქვეყანაა და მასთან მოლაპარაკებისას რაიმე გართულება ისედაც ნაკლებად იყო მოსალოდნელი. სხვა საქმეა უფრო მსხვილი და, როგორც წესი, გაცილებით ჭირვეული მევალეები, რომელთა მიმართ ნაკისრ ვალდებულებაზე უმძიმესი მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროს ჯერ კიდევ წინ აქვს.

ამჟამად ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ყაზახეთთან, რომლისაც საქართველოს 27 მლნ.774 ათასი დოლარის ოდენობის ვალი აქვს.

"აღნიშნული რესტრუქტურიზაცია "პარიზის კლუბში" 2000 წელს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში მიმდინარეობს. რაც შეეხება 2003 წელს გადასახდელი თანხების რესტრუქტურიზაციას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყველაფერი გარკვეული არ არის, რადგან სავალუტო ფონდის მისიას და მათ გადაწყვეტილებას ველოდებით", - აცხადებენ საფინანსო უწყებაში.

თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალი წლის თებერვალში "პარიზის კლუბში" საქართველოს არ "დაეხმარა", რაც სრულიად რეალური პერსპექტივაა, ფინანსთა სამინისტრო იძულებული იქნება ყველა კრედიტორთან ინდივიდუალური მოლაპარაკება საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აწარმოოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კრედიტორებს შორისაა რუსეთიც, რომელიც ყოფილი "მოძმე რესპუბლიკების" მიმართ აქამდეც წარმატებით იყენებდა ვალების თემას და ახალი ეკონომიკური ექსპანსიის პოლიტიკის ეგიდით ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობას გაცილებით ეფექტურად გამოიყენოს ეს ბერკეტი თავისი ინტერესების გასატარებლად, უნდა ვივარაუდოდ, რომ მოლაპარაკების პროცესი ქართული მხარისათვის მეტისმეტად დაძაბული იქნება.
XS
SM
MD
LG