Accessibility links

logo-print

ძებნილი ბასილ მკალავიშვილი თავს ეკლესიას აფარებს


ყველასათვის მოულოდნელად, ორიოდე დღის წინ, მცხეთობის დღესასწაულზე, საზოგადოების წინაშე პოლიციის მიერ ძებნილი ბასილ მკალავიშვილი წარდგა. არადა, ვაკე-საბურთალოს

სასამართლოს 2003 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით, სხვისი ქონების ხელყოფისათვის ბრალდებულ ყოფილ მღვდელს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. ოთხთვიანი გაუჩინარების შემდეგ გლდანის ეკლესიის შენობას თავშეფარებული ძებნილი პოლიციის თანამშრომლებს ჩვეული რიხით აფრთხილებს - არ გაბედონ მისი დაპატიმრება. რა კვებავს ბასილ მკალავიშვილის სითამამეს, რა შეიცვალა 4 ივნისის შემდეგ, ვინ აძლევს ყოფილ მღვდელს ხელშეუხებლობის გარანტიას და რის გაკეთებას აპირებს პოლიცია?

საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ფასეულობათა დაბრუნების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ შარაძემ საზოგადოებას მორიგი ფასეულობის დაბრუნება ახარა:

[გურამ შარაძის ხმა] "ჩვენ დაბრუნებაზე ვმუშაობთ და დღეს, მე მგონი, ყველაზე უფრო გამართლებული არის ამ კომისიის სახელით და პარლამენტის სახელით ვისაუბროთ მამა ბასილ მკალავიშვილის დაბრუნებაზე."

როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ შარაძემ იტვირთა ძებნილი მკალავიშვილის სამართალდამცავი სტრუქტურებისაგან დაცვის რთული, მაგრამ საარჩევნო ხმების მოსაზიდად მეტად საშური მისია. შარაძეს ბასილ მკალავიშვილის დასაცავად გეგმაც კი აქვს შემუშავებული:

[გურამ შარაძის ხმა] "მე მოვუწოდებ პოლიციას და ვთხოვ იგივე ბატონ ანჯაფარიძეს და სხვა მის უფროსებს, რომ რაღაც არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი რამ, რომ ეკლესიაში ისინი შევიდნენ და რაღაც უბედურება იქ მოხდეს. ჩვენ ამასობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამართლებრივი გზით, სასამართლოსა და პროკურატურის გზით ეს მოგვარდეს."(სტილი დაცულია)

უდავოდ, ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია ის მიმართვა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უგზავნიან და რომელსაც, შარაძის მტკიცებით, ხელს 30 დეპუტატი და სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები აწერენ. საინტერესოა, რას ითხოვენ ეს ღვაწლმოსილი ადამიანები ლადო ჭანტურიასგან:

[გურამ შარაძის ხმა] "პარლამენტის 30 წევრი ითხოვს, რომ მოეხსნას ბასილ მკალავიშვილს ეს დაუმსახურებელი ბრალდება, გაუქმდეს ეს არაობიექტური სასამართლო გადაწყვეტილება... აგერ, მეორე მხარეს კიდევ გრძელდება ეს ხელმოწერები."

მიმართვის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილ იურისტს დავით უსუფაშვილს ვთხოვე. მისი აზრით:

[დავით უსუფაშვილის ხმა] "პარლამენტის წევრები, პირველ რიგში, უნდა ცდილობდნენ იღონონ ყველაფერი, რათა მათ მიერ მიღებული კანონები აღსრულდეს ერთგვაროვნად, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების მიერ. და ასეთ კონკრეტულ შემთხვევებში პარლამენტის წევრთა ჯგუფური წერილები ნამდვილად არ ემსახურება მიზანს, ვინაიდან, ფაქტიურად, საუბარია დაშვებული იქნეს გამონაკლისები კონკრეტული პირების მიმართ ან კონკრეტულ სიტუაციებში."(სტილი დაცულია)

გარდა იმისა, რომ მიმართვა, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას, მას კიდევ ერთი ნაკლი აქვს. კერძოდ, ერთ-ერთი ხელისმომწერი, დეპუტატი ჰამლეტ ჭიპაშვილი ჩემთან საუბარში აცხადებს:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "უარს ვაცხადებ ყოველგვარ ამ წერილზე და ასე შემდეგ... იცით რა, პარლამენტში ძალიან ხშირად ხდება ხელისმოწერა ისეთ ვითარებაში, როდესაც კაცი კონცენტრაციას ვერ აკეთებს იმაზე, რაზეც ხელს აწერს. ეს არის ხან აყალმაყალში, ხან ისეთ გაუგებარ სიტუაციაში, ხან ხელში შეგჩრიან ისეთ რაღაცას, არც იცი, რას აწერ ხელს და ასე შემდეგ." (სტილი დაცულია)

დაბოლოს, რას მოიმოქმედებს პოლიცია, გაითვალისწინებს თუ არა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი თემურ ანჯაფარიძე გურამ შარაძის რჩევას, ამის შესახებ თავად პოლიციელს მოვუსმინოთ:

[თემურ ანჯაფარიძის ხმა] "არა, შარაძის გაფრთხილება ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ჩვენთვის მთავარია კანონი. ნუ, არის რაღაც ნიუანსები, მომზადება უნდა ღონისძიებას და ვნახავთ. გაკეთდება ის ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, გამიგეთ?" (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG