Accessibility links

logo-print

პოსტსაარჩევნო რეპრესიები აზერბაიჯანში კულმინაციას აღწევს


კვირის დასაწყისში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მკვეთრად გააკრიტიკა აზერბაიჯანში დაწყებული რეპრესიების კამპანია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გააჩაღა.

ეუთოს ოფისის ცნობით, ქვეყანაში, ფაქტობრივად, ოპოზიციის განადგურება დაიწყო. აზერბაიჯანში დაპატიმრებულია ას კაცზე მეტი - მათ შორის, საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებმაც უარი თქვეს დაემტკიცებინათ არჩევნების შედეგი ზოგიერთ უბანზე. ეუთოს შეშფოთებას აზერბაიჯანში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა.

15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს აზერბაიჯანის ცენტრალურ მოედანზე მომხდარ დაპირისპირებას, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები მოჰყვა. როგორც ბაქოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოთჩის" წარმომადგენელმა შაჰლა ისმაილოვამ ჩვენს რადიოს უთხრა, ხელისუფლება არა მხოლოდ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ პირებს დევნის, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებსა და საარჩვენო კომისიის იმ წევრებს, რომლებიც უარს ამბობენ ხელი მოაწერონ ყალბ საარჩევნო ოქმებს.

[შაჰლა ისმაილოვას ხმა] "კანონის თანახმად, საარჩევნო ოქმს კომისიის ყველა წევრმა უნდა მოაწეროს ხელი. მაგრამ, ვინაიდან კომისიის ოპოზიციონერი წარმომადგენლები და დამკვირვებლები თავიდანვე პროტესტს გამოთქვამდნენ ტოტალური ფალსიფიცირების გამო, ხმების დათვლას ისინი აღარ დაასწრეს და, პოლიციის ძალით, უბრალოდ, გააძევეს საარჩევნო კომისიიდან. მაგრამ ისინი დასჭირდათ გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოსაწერად, რაზეც დამკვირვებლები უარს ამბობენ. ახლა ისინი გამოჰყავთ სახლებიდან და აიძულებენ ხელი მოაწერონ ყალბ ოქმებს. უარის თქმის შემთხვევაში, პოლიცია შედის მათ სახლებში და ზეწოლას ახდენს ოჯახის წევრებზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ნახიჩევანში ასე მოექცნენ 50 კაცს."

ფატიმა ჯალალოღლუ აზერბაიჯანის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივნის, სარდარ ჯალალუღლუს, მეუღლეა. მან რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რა ვითარებაში დააპატიმრეს მისი ქმარი შაბათ საღამოს.

[ფატიმა ჯალალოღლუს ხმა] "სახლში სტუმრებს ველოდით, როდესაც კარზე დააკაკუნეს და გვითხრეს, რომ დაპატიმრებულნი ვართ. ქმარმა მითხრა, ჩემ წასაყვანად მოვიდნენ და პირადი ნივთები გამიმზადეო. მაგრამ უეცრად ფანჯრები დაილეწა და სახლში 10-15 შეიარაღებული შავნიღბიანი ადამიანი შემოიჭრა. სამი მათგანი ჩემს ქმარს მივარდა და ძალით წაიყვანეს. მე კი, გამოქომაგებას რომ ვცდილობდი, ავტომატის კონდახებით ძირს დამანარცხეს."

აზერბაიჯანში დაწყებული რეპრესიების შედეგად, დაპატიმრებულია რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ბაქოში გამომავალ გაზეთ "ევროპას" თანამშრომელი აზერ ქარაჩენლი, რომლის ასავალ-დასავალსაც 16 ოქტომბის შემდეგ მისმა ახლობლებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს.

კვირის დასაწყისში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ მკვეთრად გააკრიტიკა რეპრესიების კამპანია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააჩაღა. ეუთოს ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ქრისტიან სტროჰალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, ოპოზიციის განადგურება დაიწყო. ეუთოს შეშფოთებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც შეუერთდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ადამ ერელმა მოუწოდა ორივე მხარეს, მთავრობასაც და ოპოზიციასაც, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მშვიდობიანად.

[ადამ ერელის ხმა] "ჩვენ აგრეთვე შეშფოთებულნი ვართ აზერბიჯანში დაწყებული პოსტსაარჩევნო ძალადობის გამო და მოვუწოდებთ ორივე მხარეს, - როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, -შეწყვიტონ ძალადობა. პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც კრიმინალურ აქციებში ღებულობდა მონაწილეობას, ისევე როგორც პოლიციელებმა, ვინც უფლებას გადააჭარბა. დემოკრატიასთან შეუთავსებელია ამგვარი ძალადობა."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ილჰამ ალიევს. ედუარდ შევარდნაძემ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა და მისი შედეგები ეჭვს არ იწვევს.

საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი სულ უფრო ბევრ ადამიანში აძლიერებს ეჭვებს და არამარტო დასავლეთის ქვეყნებში. ორშაბათს აზერბაიჯანის ცენტრალურმა კომისიამ ილჰამ ალიევის სასარგებლოდ მიცემული 600 ათასი ხმა გააუქმა შემაჯამებელ ოქმში დაშვებული შეცდომების გამო. ეს კი, დაახლოებით, მთელი საარჩევნო ხმების ერთ მეოთხედს შეადგენს.
XS
SM
MD
LG