Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოაწყო თბილისში საპროტესტო აქცია აღორძინების კავშირმა


მას შემდეგ, რაც ბათუმში სასტიკად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციას, ბათუმური პოლიტიკური ბლოკის, "აღორძინების", თბილისურმა ორგანიზაციამ ანალოგიური

აქცია 24 ოქტომბერს თბილისში გამართა. რუსთაველის გამზირზე და სახელმწიფო კანცელარიასთან ასლან აბაშიძის მომხრეთა მიტინგი ისე ჩატარდა, რომ მის მონაწილეებს, 1 დღით ადრე ბათუმის მომიტინგეთაგან განსხვავებით, თავზე თმის ღერიც კი არ შერხევიათ. რატომ მოაწყო თბილისში საპროტესტო აქცია აღორძინების კავშირმა?

ახლა, ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა სასტიკად დარბევის შემდეგ, აღორძინებისა და ასლან აბაშიძის წინაშე იმიჯის გამოსწორების პრობლემა დგას. 23 ოქტომბერსვე ცხადი იყო, რომ ისინი ამ მიზნის მისაღწევად მომხდარში ოპონენტების დადანაშაულებას შეეცდებოდნენ. სწორედ ასე მოიქცა აღორძინების თბილისის ორგანიზაციის ლიდერი ცოტნე ბაკურია 24 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ბათუმში მომხდარ შეტაკებებში ჟურნალისტებიც კი დაადანაშაულა.

[ცოტნე ბაკურიას ხმა] "ძალიან ბევრი ტელეკომპანიის ინტერესს შეიძლება წარმოადგენდეს, სამწუხაროდ, საქართველოში სისხლისღვრისა და სკანდალური ინფორმაციის მიწოდება. მაგრამ, დამიჯერეთ, ამდაგვარი სიტუაციის შექმნა თქვენსავე ოჯახებზე იმოქმედებს უარყოფითად ხვალ და ზეგ." (სტილი დაცულია)

ეს არ ყოფილა ჟურნალისტების მისამართით გაკეთებული ერთადერთი განცხადება. თუმცა ცოტნე ბაკურიამ არც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დაიშურა ეპითეტები და ხალხი, რომელიც საკუთარი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ცდილობდა, სამოქალაქო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

[ცოტნე ბაკურიას ხმა] "მე დღეს მომეცით შევაფასო გუშინდელი ფაქტი, როგორც კვალიფიკაცია ექსტრემიზმის, ტერორისტული გამოსვლის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის და სისხლის ახალი მორევის დაყენებისა საქართველოში. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სექტანტურ მიმართულებაზე საქართველოში, რომლის მთავარი იარაღი, მთავარი არგუმენტი მოსახლეობასთან სასაუბროდ გახლავთ ძალადობა, გახლავთ ცრემლი, გახლავთ სისხლი..." (სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც პრესას ეს ბრალდებები გააცნო, ბაკურია და მისი 200-მდე მომხრე სახელმწიფო კანცელარიისკენ გაეშურა. აქციის მონაწილეთა რაოდენობა ვერც თინეიჯერების საყვარელი მომღერლის, დათო ხუჯაძის, აღორძინების წევრების გვერდით გამოჩენამ შეცვალა. ცოტნე ბაკურია ბევრს ლაპარაკობდა მოსალოდნელ პროვოკაციაზე, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, თუმცა მათ დასამშვიდებელი არც არაფერი ჰქონდათ, რადგან ისედაც უხმაუროდ ასრულებდნენ პარტიულ დავალებას. უხმაურო საპროტესტო მსვლელობის მონაწილენი მხოლოდ სახელმწიფო კანცელარიასთან მისვლისას მიხვდნენ, თუ რატომ მოუხდათ რუსთაველის გამზირზე გასეირნება.

[ცოტნე ბაკურიას ხმა] "დღევანდელი აქცია, რომელიც, აი, ახლა, სულ ცოტა ხანში, დამთავრდება, მოწოდებულია გაფრთხილებისათვის. დღეს თუ აქ იმყოფება ადამიანთა გარკვეული კატეგორია, ხვალ მათი რიცხვი იქნება ათეულ ათასობით, თუ ეს ადამიანები არ გაიზიარებენ ჩვენს შეშფოთებას, თუ დაუშვებენ, აი, იმ უმსგავსო სცენების განმეორებას, რომელსაც გუშინ ბათუმში ჰქონდა ადგილი."(სტილი დაცულია)
მაგრამ აღორძინებამ ამ აქციით ხომ კონსტიტუციის იგივე მუხლი გამოიყენა, რომლით სარგებლობისთვისაც 23 ოქტომბერს აღორძინების ლიდერის ასლან აბაშიძის "დაცვა" და მომხრეები ათობით ადამიანს სასტიკად გაუსწორდნენ?!...
XS
SM
MD
LG