Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადება საქართველო 2 ნოემბრის რეფერენდუმისათვის


2 ნოემბერს საარჩევნო კომისიაში მისულ ამომრჩეველს, მაჟორიტარი კანდიდატებისა და პარტიული ბიულეტენების გარდა, კიდევ ერთი ბიულეტენის შევსება მოუწევს. საქმე ისაა, რომ 2 ნოემბერს საპარლამენტო

არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც გაიმართება. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ამის შესახებ ნაკლებად არის ინფორმირებული და რეფერენდუმით გადასაწყვეტი საკითხის შესახებ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. რატომ არ მოხდა ამომრჩეველთა სათანადო ინფორმირება და რა გავლენას იქონიებს ეს რეფერენდუმის შედეგებზე?


[ამომრჩეველთა ხმა] "- თუ იცით, რომ 2 ნოემბერს რეფერენდუმი ტარდება? - კი, რა თქმა უნდა. - რა საკითხზე? - არჩევნებია, ხო... რეფერენდუმი არა, რეფერენდუმი არ ვიცი. - რეფერენდუმი ტარდება პარლამენტართა რაოდენობის შემცირების თაობაზე. - კი, ეს საკითხი, საერთოდ, გამიგია და თუ 2 ნოემბერს იყო... ისე, ცოტა შემცირება, ალბათ, უმჯობესი იქნება.

- კი, ვიცი ამის თაობაზე. ისიც ვიცი, რომ ტრადიციონალისტებმა მოინდომეს დაზუსტება ამ რეფერენდუმის კითხვისა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდათ. სხვა მეტი ინფორმაცია არ გამაჩნია. რომ მივალ არჩევნებზე, ვნახავ იმ კითხვას და მივიღებ, ალბათ, მონაწილეობას. ხომ არ გახსოვთ თვითონ კითხვა?

- იცით თუ არა, რომ 2 ნოემბერს... - როგორ არ ვიცი... - რეფერენდუმი რომ არის. - ეგ აღარ ვიცოდი, მაპატიეთ."

ასე არიან ინფორმირებულნი თბილისელები და საქართველოს მოქალაქენი 2 ნოემბერს დანიშნული რეფერენდუმის თაობაზე. არადა, ამ დღეს პარლამენტარების არჩევასთან ერთად ქართველ ამომრჩევლებს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემაც მოუწევთ. სარეფერენდუმო კითხვა ასე ჟღერს: "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით?"

მიუხედავად იმისა, რომ 2 ნოემბრამდე პერიოდში პოლიტიკურ პარტიათა და მასმედიის საშუალებათა მთელი ყურადღება საპარლამენტო არჩევნებზე იყო გადატანილი, რეფერენდუმში მონაწილეებს მაინც აქვთ პასუხი მესამე ბიულეტენში დასმულ კითხვაზე:

[ამომრჩეველთა ხმა] "მე მხარს დავუჭერ რეფერენდუმს. პარლამენტის რაოდენობა რომ უნდა იყოს 150 კაცამდე დაყვანილი, მე მხარს დავუჭერ.

კარგი იქნებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულიყო ეს და პარლამენტი არჩეულიყო 150 კაციანი სიით."

რეფერენდუმის შესახებ არაინფორმირებულობა უამრავ კითხვასთან ერთად იმის ეჭვსაც ბადებს, რომ რეფერენდუმის შედეგები არაობიექტური იქნება, რადგან საზოგადოებას არ ჰქონია საშუალება საფუძვლიანად გაეაზრებინა მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს ქეთი ცხომელიძეს იმედი აქვს, რომ, მიუხედავად არაინფორმირებულობისა, ამომრჩეველი მაინც შეძლებს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას.

[ქეთი ცხომელიძის ხმა] "რეფერენდუმზე დასმული კითხვა საკმაოდ მარტივად არის ფორმირებული და პასუხი მათ უნდა გასცენ ან "კი" ან "არა". რაც შეეხება თავად კითხვას, მე მგონი, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუ როგორ გასცემს ამ კითხვაზე პასუხს."

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, ახალი მოწვევის პარლამენტი ვალდებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელოს და განსაზღვროს 2007 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრთა რაოდენობა.
XS
SM
MD
LG